Must carry - საერთაშორისო გამოცდილება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები “Must Carry”-ს პრინციპის შემოღების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც პარლამენტში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ ხსენებული კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებსა და კერძო ბიზნესში მსგავსი ჩარევა მიუღებელია.

ნანა ქავთარაძე ტელეკომპანია „მაესტროს“ მეზობლებთან უყურებს, რადგან თავად ისეთი საკაბელო ოპერატორი ემსახურება, რომელიც „მაესტროს“ ეთერს არ ავრცელებს:

”‘მაესტრო’ არ მაქვს. როცა სტუმრად ვარ, მაშინ ვუყურებ ხოლმე.”

სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება წინასაარჩევნო პერიოდში თვალი ადევნოს ქართული ტელეარხების ეთერს, არასამთავრობოთა კოალიციამ ”ეს შენ გეხება” პარლამენტის სახელზე 8 ივნისს გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა, რომ მათ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ ე.წ. Must carry-ს პრინციპების კანონად ქცევას ანიჭებენ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ “Must Carry”-ს შემოღების შემთხვევაში საკაბელო ოპერატორები ვალდებულნი იქნებიან საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორციელონ საინფორმაციო არხების შერჩევითი ამოღების გარეშე და, მეორე მხრივ, მაუწყებლები ვალდებულნი გახდებიან, რომ საკაბელო ოპერატორებს რეტრანსლირების უფლება მისცენ. ეს კი, არასამთავრობოთა კოალიციის აზრით, წინასაარჩევნო პერიოდში მედიაპლურალიზმს უზრუნველყოფს და საზოგადოებას მისცემს განსხვავებულ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას.

ჩვენს შემთხვევაში ჩვენ გვიდგას პოლიტიკური პლურალიზმის და განსხვავებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა და ჩვენ რა პრობლემაც გვიდგას, იმ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა შემოვიღოთ ეს სისტემა ...
თამარ ჩუგოშვილი

საპარლამენტო უმრავლესობა ამ ინიციატივას სიხარულით არ შეხვედრია. ითქვა, რომ ეს საკანონმდებლო რეგულაციით კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევას ნიშნავს.

იმისათვის, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება დაარწმუნონ, რომ „მასტ ქერის“ პრინციპების ამუშავება საქართველოში აუცილებელია, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კვლევა ჩაატარა, რომლის პრეზენტაციაც 11 ივნისს გაიმართა. გამოკვლევაში თავმოყრილია სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება „მასტ ქერის“ დანერგვასთან დაკავშირებით. გამოკვლევაში ნათქვამია, რომ თავის დროზე შეერთებულ შტატებშიც კერძო ბიზნესში ჩარევად ითვლებოდა „მასტ ქერის“ განხორციელება, მაგრამ 1992 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო კანონი საზოგადოების სასარგებლოდ, რადგან მიიჩნიეს, რომ საზოგადოებრივი ინტერესი, მიიღოს ინფორმაცია, გაცილებით მაღლა დგას კონკრეტულ კერძო ბიზნესზე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში „მასტ ქერის“ პრინციპის შემოღება სხვადასხვა აუცილებლობით იყო განპირობებული. ზოგ შემთხვევაში ეს საჭირო იყო ეთნიკური და სხვა უმცირესობის ინტერესების გასატარებლად, ზოგ შემთხვევაში ეს იყო პოლიტიკური ინტერესი:

”მაგალითად, საბერძნეთში ერთ-ერთი მიზეზი იყო პლურალისტური მედიის ხელმისაწვდომობა, ანუ ყველა საზოგადოება, იმის მიხედვით, რა საჭიროება უდგას, იმ საჭიროების მიხედვით იღებს. ანუ მთავარი ის არის , რომ შეიძლება საკაბელო შეიზღუდოს იმისათვის, რომ რაღაც სიკეთე იქნეს დაცული. ჩვენს შემთხვევაში ჩვენ გვიდგას პოლიტიკური პლურალიზმის და განსხვავებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა და ჩვენ რა პრობლემაც გვიდგას, იმ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა შემოვიღოთ ეს სისტემა.”

თამარ ჩუგოშვილის მსგავსად, თამარ კორძაიას, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ხელმძღვანელს, იმედი აქვს, რომ წარმოდგენილი კვლევა ხელისუფლებას არგუმენტებს გამოაცლის ხელიდან, მით უფრო, რომ, თამარ კორძაიას სიტყვებით, ქვეყანაში დღეს, მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემებია:

”საქართველოში მედიისთვის პლურალისტური გარემო არ არის შექმნილი. საქართველოს მოსახლეობის ნაწილს, მათ უმრავლესობას არ მიეწოდება განსხვავებული მოსაზრების მქონე ტელევიზიები, მათ არ აქვთ შესაძლებლობა უყურონ არასახელისუფლებო არხებს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ამ კვლევის პრეზენტირება და ამ მოსაზრებების საზოგადოებაში გავრცელება არის აუცილებელი და დროული, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.”

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ძნელად გახდება კანონი, რადგან, როგორც თამარ ჩუგოშვილი ამბობს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე განაცხადეს, რომ „მასტ ქერიზე“ საუბარი ყველაზე ძნელად შეიძლება დაიწყოს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პოზიცია ამ თემაზე ცნობილია: სანამ არ არსებობს კანონი, კომისია ვერავის ვერაფერს დაავალდებულებს.