მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ჩაატარა კვლევა იმის თაობაზე, თუ როგორ შუქდება მუსლიმთა თემატიკა ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და თურქულ მედიაში. კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ რიგ შემთხვევებში მედია ტერორიზმსა და რელიგიურ კუთვნილებას ერთმანეთთან აკავშირებს, რაც შემდეგ უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
მონიტორინგის მიზანი ახალგაზრდა მუსლიმებში რადიკალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლა და ამ პროცესში მედიის როლის განსაზღვრა იყო. იგულისხმება როგორც ტრადიციული, ასევე ახალი მედიასაშუალებები.
ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ ტერორიზმი მედიაში უკავშირდებოდა რელიგიას. საუბრობდნენ, თუ რა ზეგავლენას ახდენს ეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე და საზოგადოებაზე...სოფო გელავა
ანგარიშში (ავტორები: თამარ კინწურაშვილი, სოფო გელავა, სოფო ჩხაიძე) წერია, რომ რუსული მედია გაცილებით მეტ დროს უთმობდა ისეთი საკითხების გაშუქებას, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები (32,8 %), ტერორიზმი (28,5 %), პოლიტიკა (15,5 %). ასევე, ქართულ ტელევიზიებში შედარებით ფართოდ გაშუქებული ადამიანის უფლებების თემა (16,5 %) მწირად არის წარმოდგენილი რუსულ ტელევიზიებში (3,1 %).
თუ ქართულ ონლაინმედიაში ყველაზე ფართოდ ადამიანის უფლებები შუქდებოდა (22,2 %), აზერბაიჯანულში უპირატესობა რელიგიას (23,9%), ხოლო თურქულში საერთაშორისო ურთიერთობებს (21,7 %) ენიჭებოდა.
სოფო გელავა, მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი, ფოკუსჯგუფების მონაწილეებთან მიღებული გამოცდილების საფუძველზე ამბობს:
„ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ ტერორიზმი მედიაში უკავშირდებოდა რელიგიას. საუბრობდნენ, თუ რა ზეგავლენას ახდენს ეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე და საზოგადოებაზე, მაგალითად, ქუჩაში გამვლელები მათი ხიჯაბის დანახვაზე ცდილობდნენ ბავშვები მოერიდებინათ.
იმდენად მტკივნეულად აღიქვამდნენ ამ ყველფერს, რომ ვერ უშვებდნენ, რომ მსგავსი გაშუქება შესაძლებელია ყოფილიყო შეცდომა ან გადაცდენა და არა მიზანმიმართული სარედაქციო პოლიტიკა“.
რუსულ ტელევიზიებში ტერორიზმის საკითხი მუდმივად წამყვანი თემა იყო. მეორე მხრივ, ქართული ტელევიზიები ნაკლებად აშუქებდნენ თავად რუსეთის, სირიისა და მათი პარტნიორების ანტიტერორისტულ ოპერაციებს.
ამ ანგარიშში, ერთი მხრივ, საინტერესო იყო გეოპოლიტიკური კონტექსტი, თუ როგორ იყენებს ისლამს სხვადასხვა ქვეყნის მედია საკუთარი მიზნების მისაღწევად. მაგალითად, რუსეთი იყენებს მას იმისთვის, რომ შექმნას განწყობა, თითქოს მხოლოდ რუსეთს შეუძლია ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ტერორიზმზე...ბექა მინდიაშვილი
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ტელევიზიები ტერორიზმის თემატიკის გაშუქებისას შედარებით ნეიტრალურ ენას იყენებდნენ, რუსული ტელევიზიის ჟურნალისტები კი ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების აღწერისას ხშირად საკუთარ თავს რუსეთის ხელისუფლების ქმედებებთან აიგივებდნენ („ჩვენი საჰაერო-კოსმოსური ძალების დარტყმის შედეგად“, „ჩვენმა თვითმფრინავებმა“).
ანგარიშში ასევე წერია, რომ ქართული მედია მუსლიმებისა და მათთან დაკავშირებულ თემატიკას მეტ-ნაკლებად ნეიტრალურად აშუქებდა. ამ შემთხვევაში გამონაკლისია „ობიექტივი“ და ონლაინგამოცემა „საქართველო და მსოფლიო“. ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქართული ტაბლოიდური მედია („ობიექტივი“, „საქართველო და მსოფლიო“) თურქეთთან მიმართებით ხშირად ამახვილებდა ყურადღებას ისტორიულ ტრავმებზე.
ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი:
„ამ ანგარიშში, ერთი მხრივ, საინტერესო იყო გეოპოლიტიკური კონტექსტი, თუ როგორ იყენებს ისლამს სხვადასხვა ქვეყნის მედია საკუთარი მიზნების მისაღწევად. მაგალითად, რუსეთი იყენებს მას იმისთვის, რომ შექმნას განწყობა, თითქოს მხოლოდ რუსეთს შეუძლია ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ტერორიზმზე. ამ შემთხვევაში ტერორიზმს და ისლამს ის ერთმანეთთან აიგივებს. საქართველოშიც ის მედია, რომელიც რუსულ პროპაგანდას ეწევა, სწორედ ამ კუთხით მუშაობს, მეორე მხრივ, ამკვიდრებენ თურქოფობიურ განწყობას - ამასაც კონკრეტული მიზნის მისაღწევად, რათა ოკუპაციის შედეგად შექმნილი რეალური საფრთხეები გადაიფაროს“.