წინა სიუჟეტი გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ჯაზის მომღერალს, კარმენ მაკრეის დაეთმო. როცა საკუთარ კერპებზე საუბრობდა, რამდენიმე ვოკალისტს ასახელებდა. მაგალითად, სარა ვონს, ბილი ჰოლიდეის, დაიანა ვაშინგტონს.
Your browser doesn’t support HTML5
თუმცა, ერთი მათგანი განსაკუთრებით უყვარდა, მიიჩნევდა, რომ ჯაზურ სცენაზე მასზე ექსპრესიული არავინ იყო. კარმენ მაკრეი ლილი მეი ჯოუნსს, იგივე ბეტი კარტერს გულისხმობდა.
ბეტი კარტერი 1930 წლის 16 მაისს, მიჩიგანის შტატის ქალაქ ფლინტში დაიბადა. ბლუზისა და ჯაზის სამყაროში ბილი ჰოლიდეის ჩანაწერის სმენით მოხვდა და ბავშობაშივე გადაწყვიტა, მომღერალი გამხდარიყო. შეძლებული ოჯახიდან გახლდათ, შესაბამისად, მშობლები ქალაქის ცნობილ პედაგოგებთან ვოკალის გაკვეთილებზე დაატარებდნენ. წამოიზარდა თუ არა, ცოდნა დეტროიტის კონსერვატორიაში გაირღმავა, სადაც ფორტეპიანოს კლასი დაამთავრა.
1946 წელს ბეტი კარტერის, როგორც პროფესიონალი მომღერლის დებიუტი შედგა. ახალგაზრდა გოგონა საკუთარ ორკესტრში იმხანად ცნობილმა შოუმენმა და ბენდლიდერმა ლაიონელ ჰემპტონმა აიყვანა. ლორეინ კარტერის სასცენო ფსევდონიმით 3 წლის მანძილზე ამერიკის რამდენიმე შტატი მოიარა. რაც ძალიან საინტერესოა, მსმენელის გარდა, მისი ვოკალური შესაძლებლობებით, ე.წ. რევოლუციონერები დაინტერესდნენ. ბიბოპის შემქმნელები – დიზი გილესპი და ჩარლი პარკერი, რომლებიც ტრადიციულ ჯაზს ემიჯნებოდნენ, ბეტის ხშირად ეპატიჟებოდნენ თავიანთ ჯემსეიშენებზე.
1955 წლიდან, ბიბოპის სივრცეში გატარებული წლების შემდეგ, ბეტი კარტერი ნიუ-იორკში დასახლდა. ამ პერიოდში მან რამდენიმე ჩანაწერი გააკეთა და ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან რეი ბრაიანტი, მაილს დევისი და რეი ჩარლზი, სონი როლინსთან ერთად კი ევროპულ ტურნეშიც გაემგზავრა.
ბეტი კარტერმა საერთაშორისო აღიარება 70-იან წლებში მოიპოვა. მუსიკათმცოდნეთა თქმით, მომღერალმა მშვენივრად აუღო ალღო იმ პერიოდის მსმენელის მუსიკალურ ინტერესებსა და აქცენტი იმხანად პოპულარულ ჟანრებზე გააკეთა. მან კლასიკური სვინგის სტანდარტების ახლებური ინტერპრეტირება დაიწყო, თანამედროვე ჟღერადობითა და რიტმენბლუზისა თუ სოულის აქცენტებით. თუმცა, არტისტის აღიარების მთავარი მიზეზი მისი საშემსრულებლო ხელწერა, კერძოდ, დიდი დიაპაზონის ხმა, საუცხოო რიტმული ტექნიკა, გლისანდოსა და ვიბრატოს უჩვეულო ფორმები, ფრაზირების ბიბოპისეული სტილი და „სკეტით“ მეტყველების უნარები გახლდათ.
ბეტი კარტერმა სულ 21 საკონცერტო და სტუდიური ალბომი გამოსცა. მათგან, ისეთ ნამუშევრებს გამოვარჩევდი, როგორებიცაა: „Finally, Betty Carter“, „Droppin' Things“, „It's Not About The Melody“, „Feed the Fire“, „I'm Yours, You're Mine“ და რა თქმა უნდა, დისკი „Look What I Got!“, რომლისთვისაც არტისტი „გრემით“ დააჯილდოვეს, „საუკეთესო ვოკალური შესრულების“ კატეგორიაში. 1997 წელს კი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მომღერალს ხელოვნების ნაციონალური ორდენი გადასცა.
ბეტი კარტერი 1998 წლის 26 სექტემბერს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.