გასული საუკუნის ორმოციან წლებში მისისიპური სოფლური ბლუზის ქალაქურ ყაიდაზე მოქცევა დაიწყო. ინდუსტრიულ ქალაქში სამუშაო ადგილის საშოვნელად ჩასულმა აფროამერიკელებმა გიტარის აკუსტიკური ბგერა ელექტრიფიცირებული ჟღერადობით ჩაანაცვლეს, რაც რევოლუციური მიმართულების "ჩიკაგური ბლუზის" დაბადების საწინდარი გახდა. ამ ახალ აკუსტიკურ სამყაროში მრავალი უსახელო ვოკალისტი თუ ინსტრუმენტალისტი მეგავარსკვლავად იქცა. მათ შორის იყვნენ ტუჩის გარმონზე დამკვრელებიც - მაგალითად, კერი "ბელ" ჰარინგტონი.
Your browser doesn’t support HTML5
კერი ბელი 1936 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. ბავშვობისას სვინგ-ბენდის ლიდერის, ლუი ჯორდანის, დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ და საქსოფონისტობაზე ოცნებობდა, თუმცა ოჯახს ძვირად ღირებული საკრავის შეძენის შესაძლებლობა არ გააჩნდა. შესაბამისად, პატარას ინსტრუმენტის მისისიპური ვერსიით - ტუჩის გარმონით - დაკმაყოფილება მოუხდა. დეფორდ ბეილი, ბიგ უოლტერ ჰორტონი, სონი ბოი უილიამსონი - ეს ის არტისტები ბრძანდებოდნენ, რომელთა შესრულების სტილის მოხელთებას დამოუკიდებლად ცდილობდა, თუმცა საკუთარ ხელწერასაც ავითარებდა.
მისისიპელი 13 წლის გახლდათ, როცა მისი პროფესიული დებიუტი ცნობილ პიანისტ ლავი ლის ბლუზურ ორკესტრში შედგა. ბენდის თავი ხვდებოდა, რომ ბიჭს გაცილებით მეტი გასაქანი სჭირდებოდა და ჩიკაგოში გადაბარგება ურჩია, სადაც ბლუზური ცხოვრება ჩქეფდა. კერი ბელმა ბავშვობის კერპები - ლითლ უოლტერი, სონი ბოი უილიამსონი და ბიგ უოლტერ ჰორტონი - ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი კლუბ "ზანზიბარში" გაიცნო და შეგირდად მიებარა. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ბატონები მას მზრუნველობას არ აკლებდნენ და შესაშურ რეკომენდაციებსაც აძლევდნენ, როგორც ტუჩის გარმონზე დამკვრელმა, სცენაზე თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. ჩიკაგოში ამგვარი ყაიდის არტისტები - თანაც, მასზე გაცილებით გამოცდილები - მრავლად იყვნენ. შესაბამისად, რაღაც ხანს სხვადასხვა ბენდის შემადგენლობაში ბასგიტარისტად მუშაობდა. კერი ბელი მხოლოდ 60-იანი წლების ბოლოს დაუბრუნდა საყვარელ საკრავს. 1969 წლის 3 ოექტომბერს, როცა ამერიკელი ბლუზმენების ჯგუფი ტრადიციად ქცეულ გასტროლებზე ლონდონში ჩავიდა, ინგლისელებს ტუჩის გარმონზე დაკვრის ხელოვნება სამეფო ალბერტ-ჰოლის სცენიდან აჩვენა.
კერი ბელმა სწორედ ალბერტ-ჰოლის კონცერტით შეაღო კარი ბლუზის დიდ სამყაროში. იმავე წელს ჩიკაგურმა ხმის ჩამწერმა კომპანია "დელმარკ რეკორდსმა" კონტრაქტი გაუფორმა და სადებიუტო ალბომიც გამოაცემინა. მოგვიანებით არტისტმა კვლავ აკომპანიატორის ამპლუა მოირგო და ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც იყვნენ მადი უოტერსი, უილი დიქსონი, ჯუნიორ უელსი, ჯეიმს კოტონი და სხვები. მათთან ერთად გამოცემული დისკი "Harp Attack!" ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება როგორც ლეიბლის "ალიგატორ რეკორდსის", ასევე ჩიკაგური ბლუზის ისტორიაში.
რაც შეეხება კერი ბელის სოლო პროექტებს, აღნიშვნის ღირსია 1995 წელს გამოცემული "Deep Down", სადაც არტისტი პირველად წარდგა მსმენელის წინაშე როგორც ბენდის ლიდერი. შესაბამისად, სრულფასოვნად წარმოაჩინა ინსტრუმენტზე დაკვრის ინდივიდუალური მანერა. ალბომმა მისისიპელს, მართალია, ოდნაც დაგვიანებული, მაგრამ დამსახურებული აღიარება მოუტანა.
1998 წელს კერი ბელი ტრადიციული ბლუზის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს და ჟანრის ყველაზე პრესტიჟული - უილიამ ჰენდის სახელობის - პრემია გადასცეს.