ლაკი პიტერსონი

ლაკი პიტერსონი

"ვცდილობ ბლუზი მივიწყებისგან ვიხსნა. ამისათვის მას თანამედროვე ენერგიით ვავსებ და, ამავე დროს, ჟანრში საუკუნის განმავლობაში დამკვიდრებულ კანონებსაც ვიცავ" - ეს სიტყვები ეკუთვნის ამერიკელ გიტარისტსა და ორგანისტს, ლაკი პიტერსონს, რომელსაც კრიტიკოსები ბლუზის უბერებელ პრინცად მოიხსენიებენ.

Your browser doesn’t support HTML5

ლაქი პიტერსონი

ჯაჯ კენეთ (ლაკი) პიტერსონი 1963 წელს დაიბადა. მამამისი მუსიკოსი იყო და ნიუ-იორკის გარეუბანში ბლუზური კლუბის მფლობელი გახლდათ. მთელი ოჯახი იმავე შენობაში ცხოვრობდა და, შესაბამისად, ჯორჯი ბავშვობიდავნე გაერია ბლუზურ მარაქაში. ჯერ დრამსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა, ხოლო ხუთი წლის ასაკში, როგორც ვოკალისტმა, პირველი სინგლი ჩაწერა. ამ სიმღერის პროდიუსერი კი მამის მეგობარი ლეგენდარული უილი დიქსონი იყო. დიახ, ლაკის გაუმართლა. პიტერსონების ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ისეთი სახელოვანი არტისტები, როგორებიც იყვნენ: ბადი გაი, ჯუნიორ უელსი, მადი უოტერსი, კოკო ტეილორი და მრავალი სხვა. მამის მეგობრების ვიზიტი დიდებული ჯემსეშნით სრულდებოდა ხოლმე, რომელშიც თვითონაც იღებდა მონაწილეობას და, რაც მთავარია, უფროსების გართობა მომავალი ხელოვანისათვის დიდ სკოლას წარმოადგენდა.

დრამისა და გიტარის გარდა, ლაკი პიტერსონი "ჰამონდის" ორგანზე დაკვრასაც დაეუფლა. ამ ახალი გატაცების მიზეზი ჯიმი სმითი იყო, რომლის განუმეორებელმა საშემსრულებლო ტექნიკამ უდიდესი გავლენა მოახდინა მასზე. პატარამ ალღო მალევე აუღო ამ ურთულეს ინტრუმენტს. ჯერ მამამისის ბენდში აიყვანეს, ხოლო მოგვიანებით "ედ სალივანის შოუშიც" გამოჩნდა. კრიტიკოსები მასზე ალაპარაკდნენ როგორც ვუნდერკინდზე და "ორგანის მოცარტადაც" კი მონათლეს.

პროფესიული კარიერის პირველ ეტაპზე ლაკი პიტერსონი საიდმენად მუშაობდა სხვადასხვა შემსრულებლებთან, რამდენიმე წელი გაატარა ლიტლ მილტონის ბენდში. საინტერესო გამოდგა ლაკის თანამშრომლობა ბი ბი კინგთან, რომელთან ერთადაც ის ევროპულ ტურნეში გაემგზავრა, საფრანგეთში ყოფნისას კი გამოსცა საკუთარი სადებიუტო სოლოალბომი "Ridin'".

1988 წელს ლაკი პიტერსონმა კონტრაქტი გააფორმა ხმის ჩამწერ კომპანია "ალიგატორთან", რომელმაც გამოუშვა მუსიკოსის ორი დისკი: "Lucky Strikes" და "Triple Play". მათზე, კლასიკური ნაწარმოებების კავერების გარდა, არტისტის საავტორო კომპოზიციებიც იყო წარმოდგენილი, მუსიკალური თვალსაზრისით კი, ჯაზის ელემენტებით გაჯერებული რიტმენბლუზისა და ფანკის სინთეზი გახლდათ. მისი ნამუშევრებიდან 90-იანი წლების ისეთ პროექტებსაც გამოვარჩევდი, როგორებიცაა: "I'm Ready", "Beyond Cool" და "Lifetime". სამივე ალბომი ექსპერიმენტული ხასიათისაა, რადგან ლაკიმ ვოკალური გუნდის სექცია დაიმატა და ბლუზი არატრადიციულ ფორმატში, ბიგ-ბლუზ-ბენდის დახმარებით ჩაწერა.