კანადური სიუიტა

ოსკარ პიტერსონი

რამდენიმე წლის წინ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან გაწამებული წარსულის ადამიანები შეგვყარეს და მენტალიტეტის გამაჯანსაღებელ ერთ სემინარზე გვიკრეს თავი. სამი თვის განმავლობაში განსწავლულობით დაღდასმული გამომეტყველებით დემოკრატიულ ღირებულებებზე გვესაუბრებოდნენ. პროცედურა დილის რვა საათიდან იწყებოდა, რაც ჩვენი ქართული მცონარე გვამებისათვის გაუსაძლის ტანჯვად იქცა. ამას ნაბახუსევიც ემატებოდა, რის გამოც დასავლურ ოჯახში ინტეგრაციის პერსპექტივა სათუო გახდა. რა გასაკვირია, უნდო ხალხად მოგვიაზრებდნენ და ეჭვის თვალით გვიყურებდნენ. ბევრმა ხელიც ჩაიქნია, ამათ აღარაფერი ეშველებათო. თუმცა ერთი კანადელი ტრენერი არ ნებდებოდა და ჩვენს შუშის თვალებში მაინც იმედის ნაპერწკლის გაღვივებას ცდილობდა. რატომღაც ამომიჩემა - უმოკლეს ვადებში ურთულესი პრეზენტაციების წარმოდგენას მთხოვდა. რაღაც უნდა მომეფიქრებინა, რამე ისეთი, ეშმაკს რომ მოთაფლავს კაცი და კარს მომდგარ მიქელ-გაბრიელსაც უკან გააბრუნებს. ჯერ ჰოკეი ვუხსენე - როცა თქვენები რუსებს ამყნობდნენ, ჩემი ბავშვური სული ხარობდა-მეთქი. არ გაჭრა. მერე კი მისი ერთი თანამემამულე დიდი სიყვარულით მოვიხსენიე - ოსკარ პიტერსონი. ჰოდა, ისე გაუხარდა, სახეზე ნაოჭები გაუქრა და არათუ შემეშვა, ლამის შვილებიც მომანათვლინა.
http://www.youtube.com/embed/NTJhHn-TuDY"კლავიატურის მაჰარაჯად“ მონათლულ პიანისტს დღეს დაბადების დღე აქვს და ბიოგრაფიის თხრობას ამ ამბის გახსენება ვარჩიე. დიახ, კანადელები ამაყობენ პიტერსონით. მის პატივსაცემად რა არ იღონეს! ჯერ იყო და ქვეყნის მთავრობამ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - კანადის ორდენი - სიცოცხლეშივე გადასცა, შემდეგ კი საფოსტო მარკაც გამოუშვეს მისი გამოსახულებით, ოტავის მერმა კი 22 ივნისი ოსკარ პიტერსონის დღედ გამოაცხადა და ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ მოედანს პიანისტის სახელი მიანიჭა. ვალში არც მუსიკოსი დარჩენილა - მშობლიურ მხარეს ორი დისკი მიუძღვნა. პირველი მათგანი, „კანადური სიუიტა“, მისი შემოქმედების დიდებულ პერიოდში, 1964 წელს ჩაიწერა, კონტრაბასისტ რეი ბრაუნსა და დრამერ ედი თიგპენთან ერთად. „კანადური სიუიტა“ ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია პიტერსონის დისკოგრაფიაში და 60-იანი წლების საუკეთესო ჯაზურ ალბომებს შორის მოიაზრება. ამ დისკიდან ერთ სვინგს მონრეალის იმ უღარიბესი ფრანგული უბნის სახელი - „სენტ ანრი“ - ჰქვია, სადაც ყმაწვილი ოსკარი ყოველდღე 6 საათის მანძილზე ებრძოდა გამებს და ჯაზური ფორტეპიანოს ვირტუოზად ყალიბდებოდა.
http://www.youtube.com/embed/vGuMYkVhxaUოსკარ პიტერსონის უბადლო ვირტუოზობის ამბავი ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. გაშმაგებული ტემპის მიუხედავად, როგორი ნატიფი, მკაფიო და გემრიელი ბგერა ჰქონდა, ეგეც არ უნდა იყოს უცხო. მართალია, კრიტიკოსები მის საშემსრულებლო ტექნიკას ხოტბა-დიდებას არ აკლებდნენ, მაგრამ საიმპროვიზაციო ერთფეროვნებასა და ნოვატორული იდეების სიმწირეს მაინც წამოაძახებდნენ ხოლმე. თუმცა კანადელის, როგორც კომპოზიტორის, ნამოღვაწარი მდიდარი არ გახლავთ, 2000 წელს კანადურ თემებზე გამოცემული მეორე ალბომი "Trail Of Dreams: A Canadian Suite" მაინც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. რამდენიმე მიზეზს გამოვყოფ: ჯერ ერთი, ზღაპრულად ლამაზი, სასმენად საამო თხზულებების კრებულია, კვებეკიდან დაწყებული ბრიტანეთის კოლუმბიამდე მთელ კანადას რომ მოგატარებს. მერე, მეორეც, ოსკარს პარტნიორობა ჩინებულმა მუსიკოსებმა გაუწიეს: შვედმა გიტარისტმა ულფ ვაკენიუსმა, დანიელმა კონტრაბასისტმა ნილს-ჰენინგ ორსტედ პედერსენმა, დრამერმა მარტინ დრიუმ და სიმებიანმა ორკესტრმა მიშელ ლეგრანის ხელმძღვანელობით. ბარემ მესამესაც ვიტყვი: ალბომში პიტერსონი საკუთარი ცხოვრებისა და 65-წლიანი შემოქმედების ერთვარ შეჯამებასაც ახდენს - თანაც, ცალი ხელით. მოგეხსენებათ, 1993 წელს გადატანილი ინსულტის გამო მარცხენა წაერთვა და მას მერე მხოლოდ მარჯვენა ხელით უკრავდა. მიუხედავად ამისა, არც ნაქები ოსტატობა დაჰკლებია, არც ჩვეული სისხარტე და არც ცეცხლოვანი ტემპერამენტი. როგორც კორტასარი იტყოდა, მის ხელწერაში რაღაც ვეფხვისებურიცა და ხავერდოვანიც ერთროულად ცოცხლობდა.
http://www.youtube.com/embed/MvZTYWBlOlQ