მარი ბოინე

მარი ბოინე

ერთი მელომანი მეგობარი მყავს. უცნაური განცდებითა და აზრებით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა. კაციშვილს რომ არ გაგვეგო, სულ ისეთ ჯგუფებსა თუ მომღერლებს გვასმენინებდა. მეტიც, ბევრი მათგანის არსებობა მათივე მშობლიურ მხარეშიც კი ცოტამ თუ იცოდა – ჰა და ჰა, ოჯახის წევრებმა და ნათესაობამ. ერთხელაც, მეტად ბუნდოვანი მიზეზებით, სკანდინავია ამოიჩემა და იქაური ფოლკლორისადმი მძაფრი ლტოლვა დასჩემდა. დღევანდელი გადაცემაც მეგობრის ამ ნორდული ახირების შედეგია.

http://www.youtube.com/embed/K7S_2U3lKJY

„იოიკის“ სახელით ცნობილი სასიმღერო ფორმა ძირძველი სკანდინავების ნომადური კულტურის ნაყოფია. უფრო ზუსტად კი, საამების, რომლებიც ამჟამად ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთისა და რუსეთის ჩრდილოეთის მიწებზე არიან გაფანტულნი. ეთნომუსიკოლოგების მტკიცებით, „იოიკი“ ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ყოფიერებაში იშვა, როცა ძველი ლაპლანდიელები წარმართული კერპების წინ ნახევრად მხეცური ინსტინქტებითა თუ ვნებებით გაბრუებულნი როკავდნენ. თავისი პაგანისტური ბუნებიდან გამომდინარე, „იოიკი“ თავნება და დაუმორჩილებელია. საყოველთაოდ მიღებულ არც ერთ მუსიკალურ კანონსა თუ პრინციპს არ ემონება, შესაბამისად, თავისუფალი და იმპროვიზაციულია. როგორც წესი, შესრულება ბგერათა თავშესაქცევი თამაშით იწყება: „ლა-ლე-ლი-ლო-ლუ“, რომელსაც აზრობრივი დატვირთვა არ გააჩნია. ამბობენ, მომღერალს მოთელვაში, უბრალოდ, იოგების ერთგვარ გახურებაში ესაჭიროებაო. სასიმღერო ტექნიკა კი დიაფრაგმისა და ყელის მონაცვლეობით მონაწილეობაზეა აგებული. ამასთანავე, ბგერათა ვიბრაცია იმდენად მოუხელთებელია, რომ გამოუცდელ მსმენელს ხშირად უჭირს ხოლმე მუსიკალური მოტივის გამოჭერა და დამახსოვრება. მეტიც, ვერასოდეს პროგნოზირებს, სად დაიწყება ან სად დამთავრდება ამბის თხრობა. მომღერალმა ჩვენი მიუჩვეველი ყურისთვის სრულიად მოულოდნელ, არაადეკვატურ ფრაზაზე შეიძლება დაასრულოს შესრულება. რაც შეეხება ტექსტს, „იოკებში“ ვერსად გადაეყრები ისტორიული ფიგურების, დევებთან ან ქაჯებთან მეომარი მითოლოგიური გმირების ხოტბას. მეტწილად, ყოფით ამბებზე, ბუნების სილამაზეზე, მზისა და წარმართული კერპების სადიდებელი შამანური ლოცვებია.

http://www.youtube.com/embed/K2rRP1ERbOA

ახლა კი თავად ჩვენი სიუჟეტის გმირს, საამთა მოდგმის მომღერალს მარი ბოინეს მივხედოთ, აქამდე რომ ჩვენს სმენას ატკბობდა. 1956 წელს ნორვეგიის ჩრდილოეთის ერთ მოწყენილ სოფელ გამესნიარგაში დაიბადა, სადაც დღისით თევზაობდნენ, საღამოობით კი ქრისტიანულ საგალობლებს ასრულებდნენ. წესით, „იოიკი“ უნდა ემღერათ, მაგრამ ქრისტიანული კულტურის აგრესიულ მიძალებას საუკუნეების მანძილზე გვარიანად განედევდა მათი ყოფიდან, როგორც წარმართული, შესაბამისად – ღვთისმგმობი და ეშმაკეული. აქ, შესაძლოა, ამერიკაში წასხმული აფრიკელი მონები გაგვახსენდეს, რომლებმაც თავიანთი კონტინენტის პაგანური რიტმიკა თუ მელოდიკა ევროპულს მოარგეს, შედეგად კი საეკლესიო საგალობლები – გოსპელი და სპირიჩუელსი შექმნეს. მაგრამ სკანდინავიის შემთხვევაში მსგავსი შერწყმა არ მოხდა, საამების „იოიკი“ ხანგრძლივ კონსერვაციაში, ერთგვარ გეტოში მოექცა.

http://www.youtube.com/embed/d4IiEd1G33c

XI საუკუნიდან დაწყებული ნორვეგიზაციის შედეგად, საამები აღიქმებოდნენ არა საკუთარი ინტერესებისა თუ პრობლემების მქონე ეთნიკურ სუბიექტებად, არამედ უცხოებად და ჩამორჩენილებად. თავად მარი ბოინეს თქმით, როგორც საამი, ის, ერთგვარი არასრულფასოვნების კომპლექსის გამო, ნორვეგიელობას ანუ ცივილიზებული საზოგადოების სრულუფლებიან წევრობას ლამობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში კი ლენონის სიმღერას „Working Class Hero“-ს ახსენებს, რომელმაც კარდინალურად შეცვალა მისი ცხოვრება: როცა პირველად მოვისმინე და გავიაზრე, საკუთარ ეროვნულ იდენტურობაზე სიამაყით დავფიქრდიო. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი მიძინებული ეროვნული გრძნობების გამოღვიძება და საამთა ფოლკლორით დაინტერესება. გვარზე ნორვეგიული დანამატი „პერსენიც“ კი სახელდახელოდ მოიცილა და სადებიუტო ალბომი გამოსცა.

http://www.youtube.com/embed/r63_jFptXJ0

როგორც წესი, გეტოებიდან განთავისუფლებული, განვითარებასა და კომუნიკაციას მოწყურებული კულტურები მოკავშირეების ძებნას მოჰყვებიან ხოლმე. მუსიკალური თვალსაზრისით ასე მოხდა აფრიკაშიც, რის შედეგადაც მივიღეთ მაღრიბული, ტამაშეკური ბლუზი, სამხრეთ აფრიკული აფრო-ბიტი ან, თუნდაც, ჯაზ-ფიუჟენი სენეგალური და კამერუნული აქცენტებით. ჰოდა, მარი ბოინეს „იოიკმაც“ იპოვა სულით მონათესავე მუსიკალური ფორმა - მეტწილად, როკი და ჯაზი. ჯერ 1989 წელს პიტერ გებრიელთან ითანამშრომლა ალბომზე „Gula, Gula“, შემდეგ კი იან გარბარეკთან ორ ალბომზე: “Twelve Moons” და “Visible World”. მოყვრების ძიების პროცესი საამთა „იოიკს“ ახალი დაწყებული აქვს და მომავალში არავინ იცის, კიდევ რომელ მუსიკალურ ფორმას შეეწყობა. ჩვენ ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ, მანამდე კი საამთა ერთ ძველებურ ამბავს მოვუსმინოთ, ჩრდილოეთის ულამაზეს ციალსა და პოლარულ ღამეზე, რომელიც მართლაც რომ საამურია.

http://www.youtube.com/embed/Sw9fBSrRmL4