მწერლები მშვიდობისთვის

„ყველაზე უხერხული ის იყო, რომ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცოდით მათ შესახებ. ვინ არიან ეს „მათ“? „მათ“ - ესაა გაუცხოების, შიშის, წყენის, დაუინტერესებლობის, მუქარის, გაღიზიანების, ზიზღის, ოთხმოცდაათიანი წლების მემკვიდრეობად ქცეული სტერეოტიპული წარმოდგენების წლები... ესაა ამბები, რომლებიც მკვდარ ლოზუნგებში, ციტატებსა და დეფინიციებშია ჩამარხული: „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“, „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, „ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს“... ოც წელზე მეტია ამ სიტყვებს დაგვძახიან, რომ „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“ და ეს იმდენჯერ და იმდენნაირად მოვისმინეთ, რომ აბსოლუტურად არაფერი გვტკივა, როცა სადმე ისევ თვალს ან ყურს მოვკრავთ რაიმე მსგავსს. ამ მკვდარმა სიტყვებმა სრულიად განდევნეს ადამიანთა ნამდვილი ამბები. რა ვიცით ჩვენი ომების შესახებ? რას ვიმახსოვრებთ და რას ვდევნით ჩვენი მეხსიერებიდან? ან რა ვიცით მათზე, დღევანდელ აფხაზებსა და ოსებზე, იმის გარდა, რასაც ჩვენსავით ზედაპირული მედია გვაწვდის? აღმოჩნდა, რომ პირადად მე მათ შესახებ ბევრი არაფერი მცოდნია. 2014 წლის 15 ოქტომბერს სტამბოლში პირველად ვნახე ნამდვილი სოხუმელი აფხაზები და ცხინვალელ-ვლადიკავკაზელი ოსები. ჰოდა, შოკი პირველივე შეხვედრის დროს მივიღე. აფხაზები ღიმილით და თბილად გაგვეცნენ, ხოლო ერთ-ერთმა ოსმა მონაწილემ პირდაპირ ქართულად დამიწყო საუბარი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მათ არ ეკიდათ ავტომატები, შუბლზე და ლოყებზე წითლად არ ჰქონდათ მიხატული პუტინის ანფასი და, არსებითად, ზუსტად ისევე იქცეოდნენ და გამოიყურებოდნენ, როგორც მე“.

მწერალმა ლაშა ბუღაძემ ეს სიტყვები ცოტა ხნის წინ გამოცემული მოთხრობების კრებულის შესავალში დაწერა. წიგნს „პირველი ნაბიჯი“ ჰქვია და მასში ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების ცხრა მოთხრობა შევიდა. ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე დაიბადა. მწერლები ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ, ომის ამბებისა და ამ ომებში საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბარი დაიწყეს. ექსპერიმენტის არსი კი იმაში იყო, რომ თითოეულ მწერალს მეწყვილე მწერლის ნაამბობი უნდა აღეწერა პირველ პირში, ესე იგი აფხაზ მწერალს ქართველის ამბავი მოეთხრო, ქართველს - აფხაზის, ოს მწერალს - ქართველის და ასე შემდეგ. მას შემდეგ მწერლები ერთმანეთს კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ და ასე დაიბადა პირველი ერთობლივი წიგნი. ცოტა ხნის წინ კი სტამბოლში „პირველი ნაბიჯის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც, მწერლების გარდა, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მოთხრობების კრებული რუსულ და ქართულ ენებზე გამოიცა. მწერალი ლაშა ბუღაძე მიიჩნევს, რომ ეს ექსპერიმენტი შედგა და პირველ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება მეორე.

ტამერლან ტადტაევი ცხინვალელი მწერალია. ყველა კონფლიქტში მას ავტომატი ეჭირა და იბრძოდა, ომმა მას იარები დაუტოვა. ავტომატის განზე გადადების შემდეგ ხელში კალამს იღებდა და მოთხრობებს წერდა - მოთხრობებს ომის სისატიკესა და საშინელებებზე. ომგამოვლილმა მწერალმა ყველაზე მეტად იცის მშვიდობის ფასი, ამიტომ საკუთარი მოთხრობებით ცდილობს ადამიანების წარმოდგენები შეცვალოს. „ყველა მოთხრობაში ვაჩვენებ, თუ რა არის ომი, რათა ადამიანმა აირჩიოს - იცხოვროს ამ საშინელებაში თუ რაღაც უკეთესი მოინდომოს. პირადად მე მშვიდობას ვირჩევ. მე დღეს უკვე ვამბობ, რომ მშვიდობის ადამიანი ვარ. მინდა ხალხმა გაიგოს, რომ ადამიანი სიხარულისთვისაა დაბადებული და არა იმისთვის, რომ სხვები მოკლას. ჩემს შვილებს, ახალგაზრდა და უფროს თაობებსაც, უბრალოდ, მშვიდობას ვუსურვებ”, - უთხრა ტამერლანმა რადიო თავისუფლებას. მის მოთხრობებს ქართულად უკვე თარგმნიან.

მწერალი დათო ტურაშვილი ამბობს, რომ მისი მოთხრობები ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ და მრავალ სხვა ენაზეა ნათარგმნი, მაგრამ ბედნიერი იქნება, თუ ეს მოთხრობები ოსურად და აფხაზურადაც გამოიცემა.- მაშინ ჩავთვლი, რომ მტრებად აღარ აღგვიქვამენო, ამბობს დათო. ტურიკა ბევრს ხუმრობს, კოლეგა მწერლებს თავშესაქცევ ამბებს უყვება. მერე უცებ ლეპტოპს ხსნის და რაღაცის წერას იწყებს. დათო სულ ასეა, ხან შეხვედრის მსვლელობაშია აქტიურად ჩართული, ხან კი მოულოდნელად საკუთარ მოთხრობებთან გარბის. მისი აზრით, ლიტერატურა გამათავისუფლებელია, მშვიდობის მშენებლობა კი მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ.

დათომ ომის საკუთარი ამბავი აფხაზ მწერალ როინ აგრბასთან გაცვალა. მის მოთხრობაში მწერალი, რუსული ავიაციის მიერ საქართველოს ქალაქების დაბომბვისას, გადაწყვეტს საკუთარი ბიბლიოთეკიდან რუსი კლასიკოსები გამოარჩიოს და ერთიანად დაწვას, მაგრამ ამ განზრახვაზე ხელს ისევ მისი საყვარელი მწერალი აღებინებს. ამონარიდი როინ აგრბას მოთხრობიდან: „ ეს სადამდე მივედი ჯიუტი სახედარი, წიგნების დაწვა გადავწყვიტე ... და ამის შემდეგ სუფთა სინდისით საკუთარ თავს მწერალი ვუწოდო? ტრაგედია ისედაც დადგა, ომია, ადამიანთა რასის ყველაზე სულელური გამოწვევა, და ამ ტრაგედიისთვის ჩემი სისულელეც უნდა დამემატებინა. როცა ადამიანებს ხოცავენ, ეს ტრაგედიაა, მაგრამ როცა წიგნებს ანადგურებენ, ეს უბედურებაა, დიდი უბედურება“.

ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლები კი ახლა ახალ წიგნებს ქმნიან და პირველ ნაბიჯზე გაჩერებას არ აპირებენ. მოთხრობებს მალე ჟურნალისტების ბლოგებიც დაემატება. ცხინვალელი ჟურნალისტი თამარ ტერაშვილი ფიქრობს, რომ ლიტერატურას ადამიანების შეცვლა შეუძლია და ეს რესურსი სამშვიდობო პროცესში აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული. „წერას მრავალი წლის განმავლობაში ვერ ვბედავდი და, მით უმეტეს, მკითხველის სამსჯავროზე ჩემი მოთხრობების გამოტანას. ბარიერი ამ პროექტმა დამაძლევინა და პირველი ნაბიჯი გადამადგმევინა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩემთვის ეს ფასდაუდებელი გამოცდილებაა. მგონია, რომ მწერლებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. როცა მოზარდი ვიყავი, ჩემს მსოფლმხედველობაზე, ცხოვრებისა და ადამიანებისადმი დამოკიდებულებასა და ფასეულობებზე კლასიკურმა მხატვრულმა ლიდერატურამ დიდი გავლენა მოახდინა. ვფიქრობ, რომ კარგ და გემოვნებით დაწერილ წიგნს შეუძლია ძლიერი გავლენა მოახდინოს ბევრი რამის მიმართ ადამიანის შეხედულებაზე და, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჩვენს კონფლიქტზე“, - ამბობს თამარ ტერაშვილი.

„შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, ვისთან ღირს ლაპარაკი და ვისთან არა, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ნამდვილად არ ვიცი ვისი ბედი სად წყდება, რადგან ბედისწერა ყველას თავისი აქვს - როგორც ადამიანს, ასევე მთელ ერს - და, თუკი შესაძლებელია, რომ თუნდაც ერთ ადამიანს მაინც მიაწვდინო შენი ხმა, ამ ერთს აუცილებლად მოჰყვება მეორე და მესამე. სტამბოლში კი ერთი და ორი კი არა, მთლად თხუთმეტნი ვიყავით“, - წერს ლაშა ბუღაძე. სტამბოლის ბოლო შეხვედრაზე კი ეს თხუთმეტიც ორჯერ გაიზარდა.