მწარმოებელთა ფასების ინდექსი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2014 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მწარმოებელთა ფასების ინდექსი გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში ინდექსი 3,7 პროცენტით გაიზარდა.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი (მფი) ასახავს ადგილობრივი მწარმოებლების მიერ საკუთარ პროდუქციაზე დადგენილი ფასების დონის საშუალო ცვლილებას, ანუ იმას, არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, დანახარჯების ზრდისა თუ მოთხოვნების მიხედვით, მწარმოებლები როგორ აფასებენ და ცვლიან თუ არა საკუთარ პროდუქციაზე ფასებს.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი არ იძლევა თავად ფასის მასშტაბის შეფასებას, მაგრამ გვპასუხობს კითხვაზე, რამდენად ზრდადია იგი ან პირიქით.

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის გაანგარიშება საქართველოში 1997 წლიდან დაიწყო. 2012 წლიდან სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების კვლევის მომზადების პროცესში საქსტატმა დანერგა მეთოდოლოგიური სიახლეები, გამოიყენა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და შვედეთის სტატისტიკის ექსპერტთა რეკომენდაციები.
ფასების ყოველთვიური რეგისტრაცია ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამრეწველო დარგები წარმოდგენილია ეკონომიკური საქმიანობის სახეების საფუძველზე. კვლევის შერჩევაში მონაწილეობენ მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოები.

მწარმოებელთა ფასების გაანგარიშებაში ჩართულია 150-მდე მოქმედი სამრეწველო საწარმო. წონების განახლება ხდება ყოველწლიურად, პროდუქციის რეალიზაციის სტრუქტურის შესაბამისად.

2014 წლის ივნისის მონაცემების თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაზრდილია 3,7 პროცენტით, ხოლო თუ, მაგალითად, 2005 წელს შევადარებთ, ეს ზრდა 65,3 პროცენტს შეადგენს.

ანუ ეს ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე მწარმოებელთა მიერ დადგენილი ფასები ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის 2/3-ით არის გაზრდილი.

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, 2014 წლის ივნისში, გასულ წელთან შედარებით, ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ მთელ რიგ სექციებში. დამამუშავებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (6,2 პროცენტი) და მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (5,7 პროცენტი). სექციაში ფასები შემცირდა ხე-ტყის დამუშავებასა და ხის ნაწარმის წარმოებაზე (-13,0 პროცენტი); ასევე ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება- განაწილებაზე ფასები შემცირდა 1,6 პროცენტით.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ენერგოპრო ჯორჯია“, რომელიც რეგიონებში ელექტროენერგიის დისტრიბუტორია, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისგან ტარიფის გადახედვას ითხოვს ზრდის მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ ტარიფი მართლაც გადაიხედა და გაიზარდა, ცხადია, ეს აისახება არა მხოლოდ საცალო მომხმარებელზე, არამედ წარმოებაზე, რომელიც ენერგომატარებლების ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია, და, შესაბამისად, მწარმოებელთა მიერ საკუთარ პროდუქტზე დადგენილ ფასებსაც გაზრდის.