სტატისტიკის სამსახური 2014 წლის მესამე კვარტალის მშპ-ს მაჩვენებლებს აქვეყნებს. ამ სტატისტიკის თანახმად, 2014 წლის ამ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა, მიმდინარე ფასებში, 7 მილიარდ540 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,6 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 4,5 პროცენტით.
თუ ერთ სულ მოსახლეზე დავიანგარიშებთ, 2014 წლის მესამე კვარტალის მონაცემით, მშპ-ს მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე, ლარებში, 1 679 ლარს შეადგენს, დოლარში კი - 962 აშშ დოლარს; გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე მშპ შეადგენდა 1 524 ლარს, დოლარში კი - 918 აშშ დოლარს. შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშპ დაახლოებით 40 დოლარის ფარგლებშია გაზრდილი.
წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველთვის ზრდის ტენდენციით არ გამოირჩეოდა. მაგალითად, 2008 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ შეადგენდა 2 921 აშშ დოლარს, შემდეგი ორი წელი კი ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა: 2009 წელს ეს მაჩვენებელი 2 455 აშშ დოლარი იყო, 2010 წელს კი - 2 623 აშშ დოლარი. 2011 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 3 000 აშშ დოლარს ასცდა და ნელა, მაგრამ ზრდას განაგრძობს.
საინტერესოა ისიც, რომელი სფეროები აღმოჩნდა მეტად წარმატებული მიმდინარე წელს და რომელი ნაკლებად.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (18,3 პროცენტი) და ვაჭრობა (17,6 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (10,0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,3 პროცენტი), მშენებლობა (8,0 პროცენტი).
მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობას საკმაოდ დაბალი პროცენტი აქვს ამჯერად,
ყველაზე დიდი ზრდა სწორედ ამ დარგში აღინიშნებოდა: მშენებლობა (17,8 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (12,8 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (11,4 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (6,6 პროცენტი), ტრანსპორტი (6,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,5 პროცენტი), ვაჭრობა (5,5 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (5,0 პროცენტი).
კლება დაფიქსირდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში (-3,1 პროცენტი).
უნდა ითქვას, რომ იმ ფონზე, როცა ჩვენს მეზობელ სომხეთში, 2014 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, 9 თვის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი 2,8 პროცენტს უტოლდება და ბოლო თვეებმა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააუარესა მდგომარეობა, საქართველოში მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. ეს განპირობებულია იმით, რომ ქართული საექსპორტო ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული ბაზარია ახლო სამეზობლოში. დიდი ალბათობით, ბოლო თვეებში შემცირებული ექსპორტის მაჩვენებლები და რუსეთის მოვლენები 2014 წლის წლიური მაჩვენებლის დაანგარიშების დროსამ სიტუაციაზე ზეგავლენას მაინც მოახდენს, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით საგანგაშო და შემაშფოთებელი ვითარება არა გვაქვს.