მთის კანონის ამოქმედებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მოსახლეობის ნაწილი შეღავათებით ვერ სარგებლობს. ზუსტად რამდენი ადამიანია დარჩენილი სარგებელს მიღმა, ცნობილი არ არის, თუმცა პრობლემა რომ არსებობს, ამას სოფლის რწმუნებულიც აღიარებს. კახეთის კიდევ ერთ სოფელში, კასრისწყალში, მთის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.
Your browser doesn’t support HTML5
მთის კანონი
- მთის კანონი 2016 წლიდან მოქმედებს.
- მაღალმთიან ზონაში, საქართველოს მასშტაბით, 1 500-ზე მეტი დასახლება შედის.
- შეღავათების პაკეტი გულისხმობს როგორც პირდაპირ სოციალურ დახმარებას და ჯანდაცვას, ასევე შეღავათებს მეწარმეებისთვის.
თითქმის წელიწად-ნახევარია, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული, თუმცა ირკვევა, რომ მოსახლეობის ნაწილი ამ სტატუსით გათალისწინებული შეღავათებით ვერ სარგებლობს. მაგალითად, თამარ ლეკიაშვილი ამ დრომდე 180-ლარიან პენსიას იღებს, მაშინ როცა სხვა პენსიონერებს 216 ლარი აქვთ. ლეკიაშვილი ამბობს, რომ დიდი ხანია, ნუკრიანში ცხოვრობს და მიზეზი ვერ გაარკვია, რატომ არ ერიცხება დანამატი, როგორც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებს:
„ეს არის მაღალმთიანი ზონა. დაგვპირდნენ, რომ პენსია გაიზრდებოდა, თუმცა მე ჯერ ისევ 180 ლარი მაქვს. არ ვიცი, დაპირებას როდის შეასრულებენ“.
სოფელ ნუკრიანში მხოლოდ პენსიონერები არ ჩივიან, რომ შეღავათებით ვერ სარგებლობენ. ირკვევა, რომ შეღავათები არც სტუდენტებს აქვთ. როგორც სიღნაღის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა ლია ბეჟაშვილმა განაცხადა, სტუდენტები მთის კანონით გათვალისწინებულ შეღავათს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ, თუკი მათი სოფლიდან მასობრივი ეკოლოგიური მიგრაციაა:
„ვიკითხე მიზეზი, თუ რატომ ვერ სარგებლობენ ადგილობრივი სტუდენტები შეღავათით. აგვიხსნეს, რომ ამ სოფლიდან ეკოლოგიური მიგრაცია არ არის. სტუდენტები დაფინანსდნენ მხოლოდ იმ მაღალმთიანი რაიონებიდან, საიდანაც ეკოლოგიური მიგრაცია იყო“.
რა არის მიზეზი, რომ ნუკრიანში მოსახლეობის ნაწილი ვერ სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით გათალისწინებული შეღავათებით? სიღნაღის მერის წარმომადგენელი სოფელში, ილია კრაწაშვილი, ამბობს, რომ შეღავათებით ვერ სარგებლობენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც საცხოვრებელი სახლი არ აქვს გაფორმებული და ვინც წელიწადში 9 თვის განმავლობაში მაინც მუდმივად არ ცხოვრობს ნუკრიანში.
„ისეთი ადამიანი, ვისაც უარი ეთქვა მუდმივად მცხოვრების სტატუსის მინიჭებაზე, რამდენიმეა. მიზეზი კი ის არის, რომ ისინი სოფელში სეზონურად, ზაფხულობით ცხოვრობენ. შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმს, რომ თორმეტი თვის განმავლობაში 9 თვე მაინც იყვნენ ერთ ადგილზე“.
ჩვენ რამდენჯერმე დავწერეთ მთის კომისიაში შუამდგომლობა, რომ გამონაკლისის სახით განიხილონ კასრიწყალისთვის მთის სტატუსის მინიჭების საკითხი... შეიძლება შესაბამისმა კომისიამ, როგორც გამონაკლისი, დაუშვას და თანხმობა გვითხრას ...ვანო ნასყიდაშვილი
მართალია, ნუკრიანში ადგილობრივთა ნაწილი შეღავათებით ვერ სარგებლობს, მაგრამ ეს სტატუსი კახეთის ისეთი სოფლებისთვისაც მიმზიდველი აღმოჩნდა, რომლებიც ფიზიკურად არ მდებარეობენ მაღლობზე. მაგალითად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი კასრისწყალი საზღვრისპირა დასახლებაა. სოფელში ამბობენ, რომ აქ განსაკუთებით უჭირთ და ხელისუფლებამ გამონაკლისი უნდა დაუშვას და დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიანიჭოს, რათა მიგრაცია შეჩერდეს და სოფელი ხალხისგან არ დაიცალოს. საქსტატის მონაცემებით, თუ 2002 წელს სოფელში 352 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის აღწერით, კასრისწყალში 214 ადამიანიღა დარჩა. რამდენად შესაძლებელია გამონაკლისი დაუშვან და სოფელ კასრისწყალს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭონ? - ეს შეკითხვა ახმეტის მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილს დავუსვით.
„ჩვენ რამდენჯერმე დავწერეთ მთის კომისიაში შუამდგომლობა, რომ გამონაკლისის სახით განიხილონ კასრიწყალისთვის მთის სტატუსის მინიჭების საკითხი. დღეს არის მთავრობის სხდომა. იქ იმყოფება კახეთის გუბერნატორიც და კიდევ ერთხელ დააყენებს ამ საკითხს. შეიძლება შესაბამისმა კომისიამ, როგორც გამონაკლისი, დაუშვას და თანხმობა გვითხრას“.
მაღალმთიან ზონაში, საქართველოს მასშტაბით, 1 500-ზე მეტი დასახლება შედის.
მთის კანონი 2016 წლიდან მოქმედებს. შეღავათების პაკეტი გულისხმობს როგორც პირდაპირ სოციალურ დახმარებას და ჯანდაცვის პაკეტებს, ასევე გათვალისწინებულია შეღავათები მეწარმეებისთვის.