საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წამოაყენა. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, წარდგინებით მოაწერა ხელი.
Your browser doesn’t support HTML5
მოქმედი მთავრობა ჯერჯერობით მოვალეობის დროებით შემსრულებლად ითვლება, მინისტრთა ახალ შემადგენლობას კი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ორშაბათს, 21 ნოემბერს, გააცნობს. რა სტრუქტურული ცვლილებებია დაგეგმილი და მოსალოდნელია თუ არა საკადრო გადაადგილება მთავრობაში?
მომავალ მთავრობაში უკვე დადასტურებული სტრუქტურული ცვლილება დიასპორის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაერთიანებაა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ განმარტა, მიუხედავად იმ პოზიტიური შედეგებისა, რაც დიასპორის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატს ჰქონდა, არსებობს მისი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანების ობიექტური მიზეზები:
“სიტუაციამ აჩვენა, რომ ძირითადი ადრესატი ყოველთვის ამ საკითხების არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ის ინიციატივები, რომლებიც ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან დაინერგა, ეს ინიციატივები ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ“.
თავის მხრივ, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ საზოგადოებას, მათ შორის პარტნიორებსა და მეგობრებს სთხოვა, რომ მოსალოდნელ სტრუქტურულ ცვლილებას მხოლოდ დადებითად შეხვდნენ, რადგან დიასპორასთან ურთიერთობის ხარისხი ამით არათუ გაუარესდება, გაუმჯობესდება კიდეც:
“ეს პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენი სამსახურის კედლებში წლების განმავლობაში, გააგრძელებს მუშაობას უფრო მაღალ გემბანზე, აღიჭურვება უფრო მაღალი დიპლომატიური სტატუსით და ამ თემებს ექნება უფრო დიდი გამოძახილი - ყველა ამ თემას“.
თავად გელა დუმბაძე, გავრცელებული ცნობით, დიპლომატიურ კარიერას დაუბრუნდება. ეს ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის განცხადების თანახმად, მთავრობის ახალი შემადგენლობა ძირითადად „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის, ეგრეთ წოდებული ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების მიმართულებით იმუშავებს:
“ჩვენ ერთად ჩავუყარეთ საფუძველი ოთხპუნქტიან გეგმას, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარღვევის, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების, ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზების, სივრცითი მოწყობის განვითარების და მმართველობითი სისტემის კიდევ უფრო დახვეწისა და შეცვლის, რაც უდავოდ იქნება თითოეული მოქალაქისთვის უფრო მეტი კეთილდღეობა და ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში ხდება და მოხდება“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ორშაბათს, 21 ნოემბერს, დაასახელებს. ჯერჯერობით უცნობია, ვის შეეხება საკადრო ცვლილება, ვის კი მთავრობის შემადგენლობაშივე გადაადგილება. არაოფიციალური ინფორმაციით, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის ძალოვან გუნდში, რასაც ვერ ვიტყვით ეკონომიკურ გუნდზე. ვრცელდება, ასევე, ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი ოპოზიციონერი, ყოფილი თავისუფალი დემოკრატი ვიქტორ დოლიძე გახდება. მთლიანობაში, რადიკალურ ცვლილებებს მთავრობაში არ ვარაუდობენ, პირველი საკითხი კი, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში შექმნილ ახალ კომიტეტებში იქცევა განხილვის თემად, მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამაა. მთავრობის ფორმირების პროცედურის მაქსიმალური ხანგრძლივობა 25 დღეა, თუმცა უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ მაქსიმალური ვადები საჭირო არ გახდება. უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, აზრით, მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა და შემდეგ დამტკიცება პარლამენტში მშვიდად ჩაივლის:
“ერთადერთი, რაც მე შემიძლია გითხრათ, პარლამენტის მხრიდან, დარწმუნებული ვარ, არ იქნება არანაირი შეფერხება ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი გადასვლა და სწრაფი განვითარება, რასაც ჩვენ დავპირდით საზოგადოებას“.
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას, კანონმდებლობით, დეპუტატთა ნახევრის - 76 დეპუტატის - მხარდაჭერა სჭირდება. სავარაუდოდ, მათ რიგებში არ იქნებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები. რომან გოცირიძე, მაგალითად, აცხადებს, რომ მთავრობა თავის მოვალეობებს თავს სათანადოდ ვერ ართმევს, რომ 4 წლის წინ, როდესაც წინა პარლამენტი შეუდგა მუშაობას, საქართველოში ლარის კურსი 1 დოლართან მიმართებაში 1,67 იყო.
“დღეს ჩვენ 49 პროცენტით გავღარიბდით. თითოეული ჩვენგანი, საქართველოს თითოეული მოსახლე, ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის გამო, უმუშევრობის გამო არის უფრო ღარიბი, ვიდრე იყო ის 4 წლის წინ. სუსტი ეკონომიკური ზრდა, მათ შორის წელს, რომელიც იქნება მხოლოდ 2,6 პროცენტი, ან შეიძლება ოდნავ მეტი, ან ოდნავ ნაკლები, ის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, არასწორი ეკონომიკური ბიუჯეტი და სხვა, ფაქტობრივად, გახდა დღეს მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზი“, განაცხადა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე რომან გოცირიძემ.
საქართველოს პარლამენტი, კომიტეტების დონეზე, ახალი მთავრობისა და მისი პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მომავალ კვირაში იმსჯელებს. არ გამორიცხავენ, რომ მთავრობის დასამტკიცებლად რიგგარეშე სხდომის მოწვევაც გახდეს საჭირო.