ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე - ესენი არიან ის პირები, რომლებიც, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავარი პროკურორობისათვის იბრძოლებენ. იუსტიციის მინისტრმა ისინი შვიდი კანდიდატურიდან შეარჩია. კანონის შესაბამისად, დაცულია გენდერული ბალანსიც: კანდიდატებს შორის ერთი ქალია. თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორობის კანდიდატები გაცნობითი ხასიათის პერსონალური შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდეგ შეარჩია. გადაწყვეტილება ამ ეტაპზე საპროკურორო საბჭომ უნდა მიიღოს.
მთავარი პროკურორობის კანდიდატს საპროკურორო საბჭო 19 ნოემბერს შეარჩევს. მათგან ვლადიმერ გაბრიჩიძე აქამდე ძირითადად საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, ადვოკატია ნანა რევაზიშვილიც, რომელსაც პროკურორად მუშაობის გამოცდილებაც აქვს. მათგან განსხვავებით, ფართო საზოგადოებისთვის უფრო მეტადაა ცნობილი ირაკლი შოთაძე, რომელიც მთავარი პროკურორის მოქმედი მოადგილეა.
საპროკურორო საბჭოს ფორმატში სამივე კანდიდატს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც არჩევნები გაიმართება. არჩევნებზე დაკვირვების მსურველთა რეგისტრაცია 19 ნოემბრის 10 საათამდე გაგრძელდება. კანდიდატების წარდგენის პროცედურა იუსტიციის სამინისტროში 11 საათიდან დაიწყება, არჩევნები 13 საათზე გაიმართება.
მთავარი პროკურორი ძალიან კარგად უნდა იცნობდეს პროკურატურის სისტემას, ზუსტად უნდა იცოდეს პროკურორებისა და გამომძიებლების საჭიროებები, უნდა ჰქონდეს პროკურატურის განვითარების ძალიან მკაფიო ხედვა და არ უნდა იყოს უცხო სხეული მთავარი პროკურატურისთვის...ნათია სონღულაშვილი
მთავარი პროკურორის არჩევნები საქართველოში პირველად ტარდება. როგორც პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა საპროკურორო საბჭოში არჩევისას განაცხადა, იგი მთავარი პროკურორობის კანდიდატისათვის ხმის მიცემის პროცესში ისეთი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს, როგორიცაა კანდიდატის მიერ სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარების საჭიროებების ზედმიწევნით ცოდნა:
“მთავარი პროკურორი ძალიან კარგად უნდა იცნობდეს პროკურატურის სისტემას, ზუსტად უნდა იცოდეს პროკურორებისა და გამომძიებლების საჭიროებები, უნდა ჰქონდეს პროკურატურის განვითარების ძალიან მკაფიო ხედვა და არ უნდა იყოს უცხო სხეული მთავარი პროკურატურისთვის“.
საპროკურორო საბჭოში, პროკურორ ნათია სონღულაშვილის გარდა, კიდევ 14 წევრია. საბჭოს 15 წევრიდან უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები შეადგენენ. საბჭოში ასევე შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
“19 ნოემბერს, 11 საათზე, საბჭო ისევ შეიკრიბება. სამი პირისგან შემდგარ სიას განიხილავს, უყრის კენჭს და რომელი კანდიდატიც მიიღებს უფრო მეტ ხმას, ის იქნება წარდგენილი მთავრობის წინაშე“.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან საპროკურორო საბჭო ერთს ფარული კენჭისყრით ირჩევს. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ისა. თუკი აღნიშნული პირობით ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის კენჭისყრის მეორე ტური გაიმართება.
საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს, შემდეგ კი კანდიდატი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება. თანამდებობაზე მთავარი პროკურორი 6 წლის ვადით დაინიშნება.
ვინ გახდება საქართველოს მთავარი პროკურორი? ამ საკითხით დაინტერესებისა და პროკურატურის სისტემის ძირეული რეფორმირების გაცხადებული მოტივის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ნაწილი, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საპროკურორო საბჭოზე მთავარი პროკურორის არჩევნების პროცესს პრინციპულად არ დააკვირდება. როგორც ამ ორგანიზაციის პროექტის ხელმძღვანელმა გია გვილავამ გვითხრა, რეფორმის ამ ეტაპზე ვერ მოხდა მთავარი რამ - სისტემის დეპოლიტიზება და ნეიტრალური და მიუკერძოებელი პროკურატურის ჩამოყალიბება:
”ერთ პოლიტიკურ ძალას აქვს ყველაფერი მონოპოლიზებული და, შესაბამისად, ჩვენ აზრს ვერ ვხედავთ რაიმე ფორმით ამ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ ამას შედეგი არ ექნება. მთავარი მოთხოვნა რაც იყო და ასოცირების ხელშეკრულებაში აქვს ქვეყანას ვალდებულება აღებული, არის ამ სტრუქტურის დეპოლიტიზება და მისი ხელმძღვანელი პირების დეპოლიტიზების უზრუნველყოფა, რომ ისინი არ იყვნენ დამოკიდებულნი ერთ კონკრეტულ ძალაზე. ეს მიიღწევა იმით, რომ ხელმძღვანელი პირის დანიშვნის პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, სხვადასხვა წარმომადგენლები საზოგადოების უნდა მონაწილეობდნენ, მათ შორის, პოლიტიკური ძალები, და მინიმუმ პროცედურა მაინც უნდა იყოს დემოკრატიული.
ჩვენ მივიღეთ პროცედურა, რომელზეც მონოპოლია აქვს ერთ პოლიტიკურ ძალას, ექსკლუზიური უფლება აქვს იუსტიციის მინისტრს“.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის რეფორმირების, ამ შემთხვევაში კი, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურაში, გია გვილავას თანახმად, სამოქალაქო სექტორს მხოლოდ ფორმალური როლი დაეკისრა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსგან“ განსხვავებით, მთავარი პროკურორის არჩევნების პროცესზე დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორისაა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. მისი აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია როგორც საპროკურორო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის მონიტორინგი, ისე მთავარი პროკურორის საქმიანობის მონიტორინგი:
“დაკვირვების სურვილი გამოვთქვით და აუცილებლად დავაკვირდებით. დავესწრებით საბჭოს სხდომას. თუმცა უშუალოდ საბჭოს წევრად ჩვენ კანდიდატი არავინ არ დაგვისახელებია და არ მიგვიღია თვითონ საბჭოს ფორმირების პროცესში მონაწილეობა. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვენ ვაკრიტიკებდით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, თვითონ რეფორმის მიმდინარეობას და ვფიქრობდით, რომ არ იყო ეს რეფორმა სრულყოფილი და იყო ხარვეზიანი. პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობის ხარისხი საკმაოდ მაღალია, ამ რეფორმის შედეგად, მთავარი პროკურორის დანიშვნის და გადაწყვეტილების მიღების დროს. მიუხედავად ამ კრიტიკისა, პროცესს პარალელურ რეჟიმში ვაკვირდებით, კიდეც განვაგრძობთ“.
თამარ გვარამაძე ფიქრობს, რომ არჩევნების შემდეგ დაკვირვების საგანი უნდა გახდეს ის, შეძლებს თუ არა პროკურატურის სისტემა მთავრობისგან დამოუკიდებელ რეჟიმში მუშაობას.