მშვიდობის საერთაშორისო დღე გორში

"ქართლოსის" მოხალისეები კონფლიქტებზე და მშვიდობაზე მსჯელობენ.

მშვიდობის საერთაშორისო დღე გორში მოკრძალებულად აღნიშნეს. ახალგაზრდა მოხალისეები არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ ოფისში შეიკრიბნენ და მშვიდობის დღის დაარსების შესახებ ფილმი ნახეს. მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა. "პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში"- ეს იყო დღესასწაულის დაარსების იდეა და მიზანი. ოცი წლის შემდეგ კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია და ამით გამოაცხადა 21 სექტემბერი ყოველწლიურ დღესასწაულად "გლობალური ცეცხლის შეწყვეტისა და არაძალადობისათვის".

Your browser doesn’t support HTML5

მშვიდობის საერთაშორისო დღე გორში

მშვიდობის საერთაშორისო დღის საბოლოო აღიარება ბრიტანელი მსახიობისა და რეჟისორის ჯერემი გილეს დამსახურებაა. მისი პროექტი "ერთ დღესაც იქნება მშვიდობა" წარმოადგენს ფილმს, რომელიც მრავალ ქვეყანაშია გადაღებული. მასში ასახულია რეჟისორის მოგზაურობა და მისი შეხვედრები ადამიანებთან, რომელთაც უნდათ მშვიდობა და რომელთაც თავის თავზე გამოსცადეს ომის საშინელება. „ქართლოსის“ ოფისში შეკრებილმა ახალგაზრდებმა სწორედ ეს ფილმი ნახეს.

გიორგი ცერაძე „ქართლოსის“ მოხალისეა. ის ხშირად კამათობს თანატოლებთან კონფლიქტებსა და მშვიდობაზე, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ აქ მშვიდობას ჩრდილოელი მეზობელი არღვევს.

დღეს მსოფლიოში მრავალი ცხელი წერტილია. დედამიწის მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს შეიარაღებული დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობისათვის ბრძოლაში მრავალი ძალისხმევა ჩაიდო და მთავარ მოწოდებად რჩება მშვიდობა და არაძალადობა. საქართველოსთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 90-იანი წლების კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. კახა ერგემლიძე ნიქოზელია. მან და მისმა თანასოფლელებმა ყველაზე უკეთ იციან მშვიდობის ფასი. ლამარა ჯალაბაძე საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ქორდში, ცხოვრობს. ამბობს, რომ სოფელი ჯერ ისევ ომის მოგონებებით არის დატვირთული და ყველაზე მეტად მშვიდობაზე ოცნებობს, რასაც ხშირად იქვე ახლოს შეიარაღებული ხალხის გამოჩენა და მავთულხლართების აქეთ-იქით გადატანა ურღვევს.

„მშვიდობას ვკარგავთ მაშინ, როცა გვავიწყდება, რომ ერთმანეთს ვეკუთვნით“ (დედა ტერეზა).

„მშვიდობა ათასობით კილომეტრის სავალი გზაა, ოღონდაც თითო ჯერზე მხოლოდ ერთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას“ (ლინდონ ჯონსონი).

მშვიდობა მხოლოდ თანასწორებს შორის არის შესაძლებელი (ვუდრო ვილსონი).