„მშვიდობის ჟურნალისტიკა პროფესიული სიამაყის საკითხია“

პრეზენტაცია

„მშვიდობის ჟურნალისტიკა პროფესიული სიამაყის საკითხია. განსხვავებული, სიღრმისეული ხედვით, ეს არის მოსმენის და გაგების, სიმართლის პატიოსნად და გაბედულად თქმის ხელოვნება, ესოდენ საჭირო, კონფლიქტით მიყენებული იარების მოსაშუშებლად“ – ეს სიტყვები საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, კიასტუტის იანკაუსკასს ეკუთვნის. სადამკვირვებლო მისიამ, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან ერთად, უკვე მესამედ გამოაცხადა კონკურსი მშვიდობის ჟურნალისტიკაში. გორში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა.

გასულ წელს ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მოუწოდეს კონკურსის ორგანიზატორებს მშვიდობის ჟურნალისტიკის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებისაკენ, ამიტომ, წლევანდელი პრეზენტაციის გარდა, გაიმართა მცირე სემინარი, რომელსაც პროფესიონალი ჟურნალისტები უძღვებოდნენ. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სამხრეთ კავკასიის პროგრამის დირექტორ ბექა ბაჯელიძის აზრით, კონკურსში რეგიონული მედიის წარმომადგენლების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ჟურნალისტებს აქვთ მეტი შეხება იმ პრობლემებთან, რაც ბოლო დროის კონფლიქტებით არის გამოწვეული.

მშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური კონკურსის მიზანია, მოუწოდოს ჟურნალისტებს კონფლიქტების ეთიკური და კონსტრუქციული გაშუქებისკენ, რაც ნდობის აღდგენის ნაცადი გზაა. ეს კონკურსი ახალისებს მაღალ პროფესიულ სტანდარტს და ეთიკურ ჟურნალისტიკას, რომლის გარეშეც შეუძლებელია დაიძლიოს კონფლიქტით გახლეჩილ მხარეებს შორის გაუცხოება და უნდობლობა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე შეხვედრის მონაწილეებს სწორედ ეთიკურ სტანდარტზე ესაუბრა. მისი თქმით, მართალია, კონფლიქტების დროს წინასწარი განწყობების გარეშე წერა რთულია, მაგრამ ასეთი მიდგომით შეუძლებელი იქნება ნდობის აღდგენა.

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა ჟურნალისტიკის საერთაშორისო სტანდარტი მიმოიხილა. მისი აზრით, იმ დროს, როცა საქართველოში კონფლიქტები ისევ გრძელდება, აუცილებელია, რომ ქართული მედია სათანადოდ იყოს მომზადებული საზოგადოების სწორად და სამართლიანად ინფორმირების თვალსაზრისით.

სახალხო დამცველის მთავარმა მრჩეველმა კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში მედეა ტურაშვილმა ადამიანის უფლებებზე გააკეთა აქცენტი. მისი განმარტებით, კონფლიქტები ადამიანის უფლებების დარღვევით იწყება და ცხელ ფაზაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა უარესდება. ჟურნალისტი თემურ კიღურაძე არაერთი კონფლიქტის გამშუქებელია. მან კონფლიქტის ზონებში ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. ინტერნეტგამოცემა „ქართლი. გე-ს“ რედაქტორი საბა წიწიკაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონებში მედიის წარმომადგენლების პროფესიული სტანდარტის ასამაღლებლად ასეთი სახის ვორქშოპები მნიშვნელოვანია.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2013 წლის 6 მაისს, პრესის თავისუფლების საერთასორისო დღეს დაარსდა. ამ კონკურსს ორი გამარჯვებული უკვე ჰყავს. მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 2015 წლის კონკურსზე განაცხადების მიღება დასრულდება. კონკურსის გამარჯვებული ჟურნალისტი ერთი თვით გაემგზავრება ლონდონში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სათავო ოფისში.