ლინგვისტმა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა თამარ მახარობლიძემ ქართული ჟესტური ენის კვლევა 2011 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ ჟესტური ენის თავისებურებებზე არაერთი წიგნი დაწერა, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი, „ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი“,2015 წელს გამოსცა. კრებულში 4 000 ჟესტია თავმოყრილი და აერთიანებს ყველა იმ ჟესტს, რომელსაც ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ. აი, მაგალითად, როგორ უნდა თქვა სიტყვა „ბურთი“ ჟესტური ენით. ლექსიკონში, გარდა იმისა, რომ ადვილად აღსაქმელი ილუსტრაციითაა გადმოცემული ხელების მოძრაობა, იქ სიტყვიერადაცაა აღწერილი ის, თუ როგორ უნდა გამოსახო სიტყვა „ბურთი“:
„ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე“.
აი, ამ ლექსიკონზე დაყრდნობით, სავსებით შესაძლებელია ენის შესწავლა. ეს ლექსიკონი მოიცავს ბაზისსაც და ცოტა მეტსაც. 4 000-მდე სიტყვაა, რომელიც მთლიანად ფარავს ქართული ჟესტური ენის არსებულ ლექსიკას. ამდენ სიტყვას არც კი გამოიყენებენ ლექსიკაში”, - გვიხსნის თამარ მახარობლიძე, რომელიც ამბობს, რომ 2011 წლამდე ქართული ჟესტური ენის შესწავლის მიმართულებით სრული სიცარიელე იყო.
გარდა იმისა, რომ თამარმა მიზნად დაისახა ქართული ჟესტური ენის კვლევა, ის ამბობს, რომ მისთვის, როგორც ლინგვისტისთვის, ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო ენის სხვა ფორმატში კოდირება - ამ შემთხვევაში არა სიტყვებით, არამედ კინეტიკური ფორმით. თამარ მახარობლიძის თქმით, დღემდე მკაფიოდ აისახება ქართულ ჟესტურ ენაზე რუსული ენობრივი დომინანტი. ფაქტობრივად, რუსული ჟესტური ენა საფუძვლად დაედო საბჭოთა კავშირის ხალხების ჟესტურ ენებს და, საბოლოოდ, მივიღეთ ერთიანი საბჭოთა ჟესტური ენა, რომელიც წლების მანძილზე გამოიყენებოდა ყრუთა საკომუნიკაციოდ. ქართული დაქტილური ანბანი, რომელიც დღემდე გამოიყენება თემის წევრების მიერ, იმეორებს რუსულს. ანბანში მხოლოდ ქართულისთვის დამახასიათებელი რამდენიმე განსხვავებული ასოა დამატებული. თუმცა, როგორც თამარ მახარობლიძე გვიხსნის, ბოლო რამდენიმე წელია უკვე მიმდინარეობს ჟესტურ ენათა ნაციონალიზაცია და დაწყებულია რეინტეგრაციის პროცესი. მსოფლიოში სულ 40 დაქტილური ანბანი არსებობს. მათ შორის, 2012 წელს, ყრუთა თემთან ინტენსიური მუშაობის შედეგად, თამარ მახარობლიძემ შექმნა ქართული დაქტილური ანბანი, რომელიც ჯერჯერობით არ დამკვიდრებულა თემში, თუმცა ამბობს, რომ ეს პროცესი აუცილებლად უნდა განვითარდეს:
“რუსული ანბანით სარგებლობა იგივეა, რომ ჩვენ ქართული სიტყვები ვწეროთ რუსული ასოებით. ანბანი თემში სწრაფად არ მკვიდრდება. ალბათ, განათლების სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას და სკოლაში დაინერგება ქართული ანბანი. ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს, ზოგიერთ ასოსთან პრეტენზია აქვთ თავად თემის წევრებსაც. იქაც არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება. ასომთავრული ანბანი გვაქვს, მხედრული ანბანი გვაქვს და არ შეიძლებოდა, რომ ამ ბაზის მქონე ადამიანებს არ ჰქონოდათ საკუთარი ანბანი”.
როგორც თამარი გვიხსნის, ახალი ქართული დაქტილური ანბანის შექმნისას აქცენტი გაკეთდა უმეტესწილად იოლი დინამიკის დაქტილებზე. ანბანის დადებით მხარეებად კი სახელდება ორიგინალური, მკაფიო და მარტივი ფორმები. ანბანში არ არის ერთმანეთის მსგავსი ან მცირედი სხვაობის მქონე დაქტილები და სხვა.
თამარ მახარობლიძის თქმით, „ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი“ დიდწილად დაეხმარება ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებს ჟესტური ენის შესწავლაში, რაც პირდაპირ აისახება მათ სამომავლო განვითარებასა და განათლებაზე. როგორც ის ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ წლების მანძილზე ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის განკუთვნილ სპეციალურ სკოლაში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ჟესტური ენის შესწავლას, საქართველოში არ ცხოვრობენ ყრუ ადამიანები, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული:
“მათ პროფესიული სასწავლებლების დამთავრებაც ახლა დაიწყეს. ხელობასაც თითო-ოროლა ადამიანი ითვისებდა ადრე, მაგრამ უმაღლესი განათლება არც ერთ ყრუს არ აქვს მიღებული. ეს ძალიან დიდ სხვაობას გვაძლევს, მაგალითად, ნიდერლანდების თემსა და ჩვენს თემს შორის. იქ უკვე ძალიან მაღალი მომზადებისა და განათლების ყრუთა თემია”.
სწორედ ჟესტური ენის, როგორც ყრუთა კომუნიკაციისა და განათლების მიღების ერთადერთი საშუალების, განვითარებასა და პოპულარიზაციაზე გვესაუბრება ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაია მეტონიძე. მისი თქმით, უკვე შემუშავებულია მთელი რიგი რეკომენდაციები ჟესტური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს კი, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ყრუთათვის სასწავლო სისტემის გაძლიერებას. გარდა ამისა, მაია მეტონიძის თქმით, ქართული ჟესტური ენის განვითარებისათვის აუცილებელია ყრუთა პედაგოგებისა და თარჯიმნების გადამზადება. მნიშვნელოვანია ასევე ახალი კადრების მომზადება საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და საქართველოს ყრუთა კავშირში:
“ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში სწრაფად განვითარდეს ჟესტური ენა. რაც შეეხება სტატუსს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ენა. მიმდინარეობს ენების ნაციონალიზაცია. ჟესტური ენა არ არის ძველი ენა. ამერიკამ დაიწყო 40-50 წლის წინ ამ საკითხზე მუშაობა. ჟესტური ენა ახალი ენაა და განვითარებას ექვემდებარება ყველა ქვეყანაში, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არის გასაკეთებელი ნაციონალური ქართული ჟესტური ენა და სწორედ ეს პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს აღებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ქართული ჟესტური ენა, რათა შემდეგ ჩვენ უკვე მოვითხოვოთ ქართული ჟესტური ენისთვის სტატუსის მინიჭება, როგორც ენის”.
ფარხად აბასოვი, ყრუთა კავშირის წევრი, ყრუთა ოჯახში თავადაც სმენის გარეშე დაიბადა. იქიდან გამომდინარე, რომ ყრუთა და სმენადაქვეითებულთა პანსიონში სწავლისას პედაგოგები არ იყენებდნენ ჟესტურ ენას და ძირითადად მათი ბაგეების მოძრაობის ამოცნობით უწევდა იმის გაგება, თუ რაზე საუბრობდნენ ისინი, ვერ მიიღო სათანადო განათლება. დღეს ის ყრუთა კავშირის წევრია. იქ ოპერატორად მუშაობს. ფარხადის თქმით, აუცილებელია ჟესტური ენის განვითარება, აღიარება, რათა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ ყრუ და სმენადაქვეითებულმა ადამიანებმა.
ფარხადისგან განსხვავებით, საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს 14 წლის ანა სიხაშვილს. მას ესმის და ლაპარაკობს, თუმცა განათლების მისაღებად მას სხვა სახის ძალისხმევა ესაჭიროება. ის უსინათლოა. ანა მერხთან ზის, ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო აქვს გადაშლილი, ვარდისფერ ფურცლებზე თითების ბალიშებით ეხება მხედველთათვის ერთი შეხედვით, ამოუცნობ წერტილებს და ოთარ ჭილაძის ლექსს კითხულობს. ანა 5 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა. ამიტომ მას ახსოვს, როგორ გამოიყურება ესა თუ ის ნივთი. მას ახსოვს ფერები. რომელია შენი საყვარელი ფერი-მეთქი, ვეკითხები. ვარდისფერიო, მპასუხობს. შენი წიგნის ფურცლებიც ვარდისფერია-მეთქი. უი, მართლაო? - უხარია. ბრაილის შრიფტის შესწავლა 6 წლის ასაკში უსინათლოთა სკოლა-პანსიონში დაიწყო და მალევე აითვისა. ენთუზიაზმით გვაჩვენებს, როგორ იყენებს წერის დროს ბრაილის შრიფტს და თან იმასაც ამბობს, რომ ხმოვანი წიგნების კითხვას ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნების კითხვა ურჩევნია, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ, სამწუხაროდ, დღესდღეობით არ არის იმის საშუალება, რომ ბრაილის შრიფტით იკითხოს, მაგალითად, მხატვრული ლიტერატურა:
“რა თქმა უნდა, მე მირჩევნია, რომ ბრაილით ვიკითხო, რადგან ამას მე თვითონ ვკითხულობ და მე თვითონ შევიგრძნობ. უფრო კარგად ვგრძნობ ნაწარმოებს. და როცა ვიღაც გვიკითხავს, ის ხომ თავისებურად კითხულობს, რაც შეიძლება არ მოგვეწონოს. ხდება ხოლმე ხანდახან, აუდიოჩანაწერებში რომ არ მოგვწონს, ან კარგად ვერ აღვიქვამთ. სამწუხაროდ, წიგნები ბევრი არ გვაქვს. მაგალითად, ჩემი საყვარელი წიგნია ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, მაგრამ ეს წიგნი ბრაილით ვერ წავიკითხე. თითქმის არ არსებობს თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა”.
ანას სწყინს, როდესაც მისი დანახვისას ადამიანები სიბრალულს გამოხატავენ და ამას არც მალავენ. ანას სიტყვები, ალბათ, არის ყველაზე მართებული გზავნილი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ უსინათლო ან ყრუ ადამიანებთან მეგობრობა ძნელია:
“მაგალითად, მე ჩვეულებრივად შემიძლია თუნდაც ფეისბუკის მოხმარება. კი მყავს მხედველი მეგობრები, მაგრამ ბევრი არა, რადგან თითქოს რაღაც ზღვარს ავლებენ ჩემსა და თავიანთ თავს შორის, ნაკლებად გვეკონტაქტებიან. მაგრამ როცა დავუმტკიცებთ ხოლმე ადამიანებს, რომ ყველაფერი შეგვიძლია, ხმოვანი პროგრამა მაქვს კომპიუტერსა და ტელეფონში და ფეისბუკის გამოყენებაც შემიძლია და ადამიანებთან ურთიერთობაც, მერე უკვირთ ხოლმე, უი, ამასაც შესძლებიაო”...