მოსმენა პარლამენტში - ახალი მთავრობა, ძველი სახეებით

პარლამენტის ბიუროს სხდომა

მთავრობის ახალ შემადგენლობას, რომელშიც ძველი მინისტრები შედიან, საქართველოს პარლამენტი ნდობას 29 დეკემბერს გამოუცხადებს. ამ პროცედურამდე ერთი დღით ადრე კი, 28 დეკემბერს, მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო კომიტეტებში მოუსმინეს. მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები აცხადებენ, რომ სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტები არ შეცვლილა და მთავრობა არც აღებული კურსიდან გადაუხვევს. უმრავლესობას გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტის მიმართ შენიშვნები არა აქვს, საპარლამენტო უმცირესობა კი, როგორც ცნობილია, ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამას“ ჰქვია „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“, რომელშიც საუბარია ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ბოლო სამი წლის განმავლობაში, განხორციელებულ ცვლილებებსა და რეფორმებზე. „მთავრობის ნება კვლავ დაეფუძნება ხალხის ნებასა და ინტერესებს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

პარლამენტმა, მთავრობის ახალი შემადგენლობის გარდა, ნდობა ამ გეგმასაც უნდა გამოუცხადოს. 28 დეკემბერს პარლამენტის კომიტეტებში მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენდნენ. უკვე არსებული + ახალი პროგრამები - ასე შეიძლება მოკლედ შეჯამდეს ახალი მთავრობის წევრების გეგმები. ახლო მომავალში განსახორციელებელი ცვლილებები გააცნეს პარლამენტის წევრებს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა მოვალეობის შემსრულებლებმა - შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა.

„გაგრძელდება კრიმინალური პოლიციის მოდერნიზაცია, რაც გააუმჯობესებს პოლიციის შესაძლებლობებს დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია უნდა ჰყავდეს.

თინათინ ხიდაშელი

„უკვე მზად გვაქვს ჰაუპტვახტების გაუქმების პროექტი, რომელიც ჩვენი საკანონმდებლო საქმიანობის ნაწილია. ჩვენი მიზანია, რომ ეს მახინჯი სისტემა საერთოდ გავაქროთ ქართული ჯარის პრაქტიკიდან“, - ხიდაშელის განცხადებით, იგეგმება ასევე საქართველოს ჯარის მთლიანად ქართული პროდუქციით გამოკვება.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ კი განაცხადა, რომ მომავალი წლიდან ჯანდაცვის სფეროში კიდევ იგეგმება რეფორმები, რომლებიც გაზრდის მომსახურების ხარისხსა და ამბულატორიულ მედიკამენტებზე წვდომას. მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები ონკოლოგიის კუთხითაც.

მთავარ სტრატეგიას არ შეცვლის არც ეკონომიკის სამინისტრო, აცხადებს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი ქუმსიშვილი:

„კერძო სექტორზე ორიენტირებულობა ეკონომიკის სამინისტრის მთავარი პრიორიტეტი იქნება, რადგან სწორედ ის არის ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი“.

არსებული კურსის შესრულებაზე ლაპარაკობს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი ნოდარ ხადურიც:

„გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ბიზნესგარემო საქართველოში იყოს უკეთესი, რომ ფისკალური ინსტიტუტები გამართულად მუშაობდნენ, გაგრძელდეს ბიუჯეტის გამჭვირვალედ ხარჯვა და შესრულდეს ყველა დაპირება, რაც საარჩევნოდ გვქონდა ნათქვამი“.

ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - იგივე მთავრობა და იგივე ივანიშვილი. ქვეყანა ასე წინ ვერ წავა. ამიტომ, ცხადია, ამ მთავრობას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ...
პეტრე ცისკარიშვილი

ერთადერთი ახალი მინისტრი კვირიკაშვილის მთავრობაში იქნება მიხეილ ჯანელიძე, რომლის კანდიდატურაც დაასახელა კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის ვაკანტურ პოსტზე. ჯანელიძემ საკომიტეტო მოსმენის დროს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ასევე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაღრმავება იქნება მისი უწყების უცვლელი პრიორიტეტი.

პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა მოწონებულია უმრავლესობის მიერ. კრიტიკას მათგან არც მინისტრთა ახალი კაბინეტი უნდა მოელოდეს. ამის დასტურია უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის, კომენტარიც:

„იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც აქამდე მუშაობდა, გიორგი კვირიკაშვილი გამორჩეული ფიგურაა მისი ლიდერის თვისებებით, კარგი გადაწყვეტილებაა დიმიტრი ქუმსიშვილის წარდგენა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ პრემიერი მთავარ აქცენტს ეკონომიკურ პოლიტიკაზე გააკეთებს“.

იგივე მინისტრები = იმავე პოლიტიკას - ასეთ შეფასებას აძლევს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია ახალი მთავრობის შემადგენლობას, რომელიც, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტიც ისეთივე უნიათო იქნება, როგორიც მისი წინამორბედის დროს იყო - ეს შეფასება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრს, პეტრე ცისკარიშვილს, ეკუთვნის:

„ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - იგივე მთავრობა და იგივე ივანიშვილი. ქვეყანა ასე წინ ვერ წავა. ამიტომ, ცხადია, ამ მთავრობას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს დავანახვოთ რა უნიათოა ეს მთავრობა, რამდენად მავნებლური სამი წელი გავიარეთ, შეკითხვებიც გვექნება და შენიშვნებიც“.

კითხვები დღეს უნდა დავუსვათ ბიძინა ივანიშვილს. თუ რატომ არ შეცვალა მთავრობა მთლიანად და რატომ განდევნა მხოლოდ პრემიერი ღარიბაშვილი, ვინ არის რეალური პრემიერ-მინისტრი ან ვინ იქნება...
პაატა დავითაია

უკვე ცნობილია, რომ ნდობას ახალ მთავრობას, „ნაციონალების“ მსგავსად, არც საპარლამენტო უმცირესობის დანარჩენი ნაწილი გამოუცხადებს - ამ აზრზე დგანან „თავისუფალი დემოკრატები“. რაც შეეხება პარლამენტის გარეთ მყოფ ოპოზიციას, იქაც მიაჩნიათ, რომ მთავრობის შემადგენლობის უცვლელად დატოვება არასწორი ნაბიჯი იყო:

„კვირიკაშვილზე ვფიქრობთ, რომ ამ მთავრობაში ის ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური და კვალიფიციური კადრია, რომელსაც ყველა ხიდი არ დაუწვავს არც ოპოზიციასთან, არც პრეზიდენტთან, თუმცა მთავრობის ასე უცვლელად წარდგენა არასწორი გვგონია, რადგან მას არა მხოლოდ პერსონალური ცვლილებები სჭირდება, არამედ სტრუქტურული გადახალისებაც“, - მიიჩნევს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია.

კითხვები გიორგი კვირიკაშვილსა და მის მთავრობასთან არა აქვს „საქართველოს ევროპული დემოკრატების“ ლიდერს, პაატა დავითაიას, რადგან მისთვისაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული კითხვების მთავარ ადრესატად ბიძინა ივანიშვილი რჩება:

„კითხვები დღეს უნდა დავუსვათ ბიძინა ივანიშვილს. თუ რატომ არ შეცვალა მთავრობა მთლიანად და რატომ განდევნა მხოლოდ პრემიერი ღარიბაშვილი, ვინ არის რეალური პრემიერ-მინისტრი ან ვინ იქნება, რადგან ცალსახად ჩანს, რომ კვირიკაშვილი იქნება გარდამავალი პრემიერი, რომელიც გადადგება ან არჩევნებამდე, ან მის შემდგომ“.

კომიტეტებში კანდიდატურათა განხილვის, უმრავლესობასა და უმცირესობასთან შეხვედრების შემდეგ პარლამენტი, როგორც გითხარით, ახალ მთავრობას უკვე 29 დეკემბერს გამოუცხადებს ნდობას, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ახალ წელს საქართველო ახალი პრემიერ-მინისტრითა და მინისტრთა კაბინეტით შეხვდება.