მოსკოვის მერობის კანდიდატებმა დებატების პირველი რაუნდი გამართეს

მოსკოვის მერობის კანდიდატები

მოსკოვის მერობის ექვსი კანდიდატიდან ხუთმა პირველი დებატები გამართა, რომლის მთავარი თემა იყო რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებთა ყოველდღიური პრობლემები.

მოსკოვის მოქმედმა მერმა და სარეიტინგო გამოკითხვების ლიდერმა, სერგეი სობიანინმა, ტელედებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მისი პრესმდივნის თქმით, ის ამომრჩეველთან „პირდაპირ კონტაქტზე“ მოახდენს კონცენტრაციას.

ოპოზიციონერმა კანდიდატმა, კორუფციასთან მებრძოლი პოპულარული ბლოგის ავტორმა ალექსეი ნავალნიმ პირობა დადო, რომ კვლავაც დაუპირისპირდება კორუფციას და გამოთქვა ვარაუდი, რომ მოსკოვში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების აღსრულება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მეგობრებს ერგებათ ხოლმე წილად:

„უზარმაზარი თანხები ნიავდება. და სწორედ ამიტომ, ჩვენს პროგრამაში შევიტანეთ პუნქტი: როცა მე ამირჩევენ, ჩვენ შევაჩერებთ ამ, მიმდინარე წლის ბიუჯეტს მანამ, სანამ არ გაიზრდება სოციალურ სფეროებში გაცემული ფულის რაოდენობა - პენსიონერთათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაჭირვებულებისთვის“.

„სამართლიანი რუსეთის“ ხელმძღვანელმა ნიკოლაი ლევიჩევმა მოსკოვში პარკირების გაიაფების საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში ამას განახორციელებს.

დებატებში მონაწილე სხვა კანდიდატები იყვნენ კომუნისტური პარტიის წევრი ივან მელნიკოვი, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი მიხეილ დეგტიარევი და „იაბლოკოს“ ხელმძღვანელი სერგეი მიტროხინი.

აუცილებელია სავიზო რეჟიმის შემოღება შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის - ამას დიდი ხანია ვამბობ. თუ გერმანიამ და საფრანგეთმა შემოიღეს ვიზები თქვენთვის და ჩემთვის, ალბათ, ჩვენთვისაც აზრიანი იქნება ამ ნაბიჯის გადადგმა...
ალექსეი ნავალნი
ნავალნიმ ასევე ისაუბრა „მოსკოვში იმიგრანტების მოზღვავებაზე“:

„აუცილებელია სავიზო რეჟიმის შემოღება შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის - ამას დიდი ხანია ვამბობ. თუ გერმანიამ და საფრანგეთმა შემოიღეს ვიზები თქვენთვის და ჩემთვის, ალბათ, ჩვენთვისაც აზრიანი იქნება ამ ნაბიჯის გადადგმა. არ მესმის, რატომ ხდება, რომ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად მე ვიზა უნდა ავიღო, ყირგიზეთის ან ტაჯიკეთის ნებისმიერ მოქალაქეს კი აქ ჩამოსვლა, საერთოდ, უცხოეთის პასპორტის გარეშე შეუძლია - უბრალოდ, ერთი გზის ბილეთს ყიდულობს და ჩამოდის“.

დებატებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ, მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ნავალნის წინასაარჩევნო კამპანია უცხოეთიდან ფინანსდება.
პროკურატურის ცნობით, ნავალნის კამპანიისთვის თანხები გაიღო უცხოეთის 46 ქვეყნიდან 300-ზე მეტმა დონორმა, რომელთა ვინაობა ცნობილია, ისევე როგორც ანონიმურმა დონორებმა. პროკურატურის ინფორმაციით, დონორებმა საამისოდ გამოიყენეს რუსეთში დაფუძნებული გადახდის საინტერნეტო სისტემა „იანდექს ფული“.

ნავალნიმ ეს ბრალდება დებატებშიც უარყო - მისი განცხადებით, „იანდექს ფული“ ამბობს, რომ გენერალური პროკურატურა ცრუობს. ნავალნის თქმით, პროკურატურას ამ ორგანიზაციისგან დოკუმენტები არც კი გამოუთხოვია. მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ეს ბრალდებები ემსახურება ყურადღების გადატანას მის მიერ ჩატარებული ანტიკორუფციული გამოძიებიდან - მათ შორის, სერგეი სობიანინის გარშემო - სხვა თემაზე.

გასულ კვირაში გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში ნავალნიმ იკითხა, როგორ შეძლო სობიანინის თინეიჯერმა ქალიშვილმა მოსკოვში 5.27 მილიონ დოლარად ღირებული ბინა ეყიდა.

სობიანინის პრესმდივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ბინა სობიანინს პრეზიდენტის ოფისმა 2006 წელს გადასცა, შემდეგ კი მისი პრივატიზება მოხდა. ახლა შეკითხვები უკვე საკუთრივ ამ პრივატიზაციის პროცესის გარშემო ისმის.

გასულ თვეში ნავალნი კიროვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო გაფლანგვაში და მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თავად ნავალნი ამას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს. ნავალნი სააპელაციო პროცედურების დასრულებამდე თავისუფალი იქნება.

მოსკოვის მერის არჩევნები 8 სექტემბერსაა დანიშნული. მანამდე კანდიდატების დებატები კიდევ 11-ჯერ უნდა გაიმართოს.