მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ერთ წელიწადში ჩატარდება

თბილისი

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს გაიმართება. პირველადი შედეგები აღწერის ჩატარებიდან 6 თვის შემდეგ გახდება ცნობილი, საბოლოო შედეგები კი - ერთი წლის შემდეგ. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში ჩართულნი არიან დონორი ორგანიზაციებიც, რომლებთან შეხვედრაც 6 ნოემბერს შედგა.

საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერასთან დაკავშირებით საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში თამარ ხომასურიძემ განაცხადა, რომ ამ აღწერას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლებისთვის, არამედ დონორი ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც შეძლებენ საკუთარი პროგრამები უფრო მიზანმიმართულად, აღწერის შედეგებით გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად დაგეგმონ და განახორციელონ:

“აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით, აღწერის სწორ მონაცემებსა და ინდიკატორებზე დაყრდნობით, დონორი ორგანიზაციები, ჩვენი ორგანიზაციების ჩათვლით, შეიმუშავებენ დახმარების უფრო ფოკუსირებულ, ეფექტურ სტრატეგიას, რაც ემყარება იმ პრიორიტეტებს, რომელთაც აღწერა გამოავლენს“.

რადგან ეს ციფრული რუკებია, ეს ინფორმაცია პირდაპირ მონაცემთა ბაზაზე იქნება მიბმული. ეს იქნება მონაცემთა ელექტრონული ბაზა...
თენგიზ ცეკვავა
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საქართველოში 2002 წელს ჩატარდა. გაეროს რეკომენდაციის თანახმად, გაეროს წევრ ქვეყნებში აღწერა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ უნდა გაიმართოს. საქართველოში აღწერა 2010 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა ოფიციალური ცნობით, ორი მიზეზით გადაიდო. ეს მიზეზები იყო მსოფლიო ფინანსური კრიზისი და 2008 წლის ომი.

ინფორმაცია, რომელსაც აღწერის შედეგად იღებს სახელმწიფო, ზოგადად სახელმძღვანელოა ქვეყნის შემდგომი განვითარების პროგრამების დაგეგმვის პროცესში. აღწერა გულისხმობს არა მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის დაზუსტებას, არამედ ქვეყნის შიგნით და გარეთ მოსახლეობის გადაადგილების, დემოგრაფიული სტატისტიკის, სოციალური და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისა და სხვა ინდიკატორების დადგენას. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ამბობს:

“მოსახლეობის აღწერა არის დღემდე უალტერნატივო სტატისტიკური მეთოდი, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, დგინდება როგორც მოსახლეობის არა მხოლოდ ზუსტი რაოდენობა, არამედ მისი შემადგენლობა, შემოსავლები და ასე შემდეგ. ასევე საყურადღებოა ის, რომ ჩვენ მოსახლეობის აღწერას ვაბამთ სასოფლო-სამეურნეო აღწერასაც, რომლის მიხედვით ზუსტად გვეცოდინება რეგიონების მიხედვით სასოფლო-სამეურნეო სავარგულები - რა მოგვყავს, რა ღირებულების არის“.

დავით ნარმანია


დავით ნარმანიას თანახმად, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები ორ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე, რომელიც უკვე მიმდინარეობს, მოსახლეობისა და შინამეურნეობების რაოდენობის წინასწარი დადგენა ხდება. ეს პროცესი უკვე დასრულებულია გურიაში, აჭარასა და კახეთში. ქვეყნის მასშტაბით პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრება 2014 წლის აპრილისთვის იგეგმება. თავად აღწერის საველე სამუშაოები 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება. საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიაში, რომელიც მოსახლეობის საყოველთაო აღწერას გეოინფორმაციული სისტემების გამოყენებით განახორციელებს. ამ სისტემის განმარტება საქსტატის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს თენგიზ ცეკვავას ვთხოვეთ:

“აქამდე აღწერა ტარდებოდა ხელით გაკეთებული რუკებით. ახლა კი გეოინფორმაციული რუკა გარდა იმისა, რომ შეიძლება ამოვბეჭდოთ და დავხედოთ, ასევე თითოეულ ინტერვიუერს ექნება თავისი გვარი ასეთი რუკით. გარდა ამისა, რადგან ეს ციფრული რუკებია, ეს ინფორმაცია პირდაპირ მონაცემთა ბაზაზე იქნება მიბმული. ეს იქნება მონაცემთა ელექტრონული ბაზა...“

მოსახლეობის საყოველთაო აღწერაზე დაახლოებით 18 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.