განახლებული მთავრობა განახლებულ ნდობას საჭიროებს

მთავრობის სხდომა

29 აპრილს გამართლდა მოლოდინი იმისა, რომ პოსტს დატოვებდა კიდევ ერთი მინისტრი და, კერძოდ, სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი. მისი გადადგომით გაჩნდა მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საჭიროება. მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების (მათ შორის – რიგის სამიტის) გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების დაჩქარებას ითხოვს. რა მიმართულებებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რა შემთხვევაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და ვის აძლევს ეს ხელს?

მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით ასეთ პერსპექტივას უარყოფდა, ლევან ყიფიანმა მინისტრის პოსტი დატოვა და ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას 29 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ამცნო. სპორტის აწ უკვე ყოფილი მინისტრი, რომელიც შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა, გადადგომის მიზეზად ვითარების განმუხტვის მცდელობას ასახელებს:

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, არ მინდა შევიდე პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩემივე გუნდის წარმომადგენლებთან, კონკრეტულად – საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან. მათგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვაყენებ პირად ინტერესებზე მაღლა და მივმართავ, ასევე მოიქცნენ ეს ადამიანებიც და ნუ გაცვლიან სამშობლოს პირად ინტერესებზე“.

ჩვენ გვჭირდება ტექნიკური და კომპეტენტური მთავრობა, - არა ივანიშვილის მთავრობა, - რომელიც შეაჩერებს ამ ნგრევას და დაიწყებს ჩვენ მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას და მოამზადებს ქვეყანას არჩევნებისთვის“...
გიგა ბოკერია

პოლიტიკური ოპოზიცია შემთხვევითად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბოლო 8 დღის განმავლობაში მთავრობა, ერთმანეთის მიყოლებით, სამმა მინისტრმა დატოვა. გავიხსენოთ, რომ სპორტის მინისტრის გადადგომამდე, 21 აპრილს, პოსტი დატოვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, ხოლო 28 აპრილს მას გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი მიჰყვა და მიზეზად ოჯახთან საზღვარგარეთ გამგზავრების საჭიროება დასახელდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე მოქმედი მთავრობა თვალსა და ხელს შუა იშლება. პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ასეთ გამოსავალს ხედავს:

„ჩვენ გვჭირდება ტექნიკური და კომპეტენტური მთავრობა, - არა ივანიშვილის მთავრობა, - რომელიც შეაჩერებს ამ ნგრევას და დაიწყებს ჩვენ მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას და მოამზადებს ქვეყანას არჩევნებისთვის“.

იმას, რაც ხდება, „აბსოლუტურად ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესად“ აღიქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რიგის სამიტის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლობითი კონფერენციისა თუ ბარაკ ობამას მიერ ინიცირებული ღია მმართველობის სამიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც მაისსა და ივნისშია დაგეგმილი, პრემიერი ღარიბაშვილი თხოვნით მიმართავს პრეზიდენტსა და პარლამენტს – მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება და, თუ ეს შესაძლებელია, პროცესი მიმდინარე კვირაშივე დასრულდეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ახლები მხოლოდ სპორტისა და გარემოს დაცვის მინისტრები იქნებიან:

ირაკლი ღარიბაშვილი

„მე მინდა მივმართო საზოგადოებას და დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება ჩვენს მთავრობაში, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ დაჩქარდეს რეფორმები, კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდეს, შედეგები გახდეს კიდევ უფრო ეფექტური და ეს აისახოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“.

მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში იმის გამო დადგა, რომ ლევან ყიფიანი მთავრობის შემადგენლობაში უკვე მეშვიდე შეცვლილი მინისტრია, ხოლო მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3–ის შეცვლის შემთხვევაში, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მხრიდან ნდობის ხელახალი გამოცხადებაა საჭირო. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო და ეს მინიმუმ 75 დეპუტატს გულისხმობს, რადგანაც ამჟამად პარლამენტში 149 დეპუტატი ირიცხება.

ამ არითმეტიკით უმრავლესობას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება რომ არ გაუჭირდება, ეს ცხადია კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძისთვისაც, თუმცა, ქვეყანაში დღეს არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით, მისი აზრით, განახლების პროცესი არაეფექტიანი იქნება:

ვახტანგ ძაბირაძე

„დღევანდელი მთავრობის პერსონალიების ცვლილება, უფრო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურიც რომ იყოს, ჩემი აზრით, მაინც ვერ შეცვლის იმ პოლიტიკურ პროცესს, რაც ქვეყანაში დაიწყო. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ ნელ-ნელა მმართველი ძალის რეიტინგი მოსახლეობაში ეცემა. ამ პროცესის შემობრუნება და შეჩერება ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია, თუ არა შეუძლებელი... სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების მოყვანას სულ 3-4-თვიანი მარაგი შეიძლება ჰქონდეს მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერისა“.

შექმნილ სიტუაციაში კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ერთადერთ გამოსავლად ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიიჩნევს. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი პარლამენტი 30 დღის განმავლობაში ორჯერ ჩააგდებს მთავრობის განახლებული შემადგენლობის საკითხს და, ოდნავ მოგვიანებით, ასევე უარს იტყვის პარლამენტართა 2/5-ის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის დამტკიცებაზე. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუმცა, ამჟამად არსებული სიტუაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქმე აქამდე არ მივა. უმრავლესობის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ნდობის გამოცხადების პროცესს პრობლემები არ შეექმნება.