საბერძნეთი მიიღებს კრედიტის მორიგ ტრანშს

ბრიუსელი, 27 ნოემბერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტინ ლაგარდი, ევროზონის ფინანსთა მინისტრების ჯგუფის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი და ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში, ოლი რენი ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე

საბერძნეთის კრედიტორებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს ხდის ამ ქვეყნისათვის ფინანსური დახმარების მორიგი ტრანშის გამოყოფას.

ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებაზე, ევროზონის ფინანსთა მინისტრები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეთანხმდნენ, რომ საბერძნეთს ვალებს შეუმცირებენ 40 მილიარდი ევროთი (52 მილიარდამდე დოლარით). ეს ნაბიჯი კი მწვანე შუქს უნთებს საბერძნეთისათვის ფინანსური დახმარების მორიგი, 57 მილიარდი დოლარის მომცველი ტრანშის გამოყოფას. საქმე ეხება ფულს, რომელიც ათენს სჭირდება დეკემბერში აუცილებელი ხარჯებისათვის - მათ შორის ხელფასებისა და პენსიების დასარიგებლად.

მართალია, საბერძნეთისათვის ფულის მიწოდებაზე საბოლოო დასტური დამოკიდებულია ევროზონის წევრი ქვეყნების პარლამენტებზე, მაგრამ ბრიუსელში ორშაბათს ღამით ოპტიმისტურ განცხადებები კეთდებოდა ხანგრძლივი, 12-საათიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.

„ჩემთვის სასიხარულოა იმის გამოცხადება, რომ დღეს მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას საბერძნეთისათვის განკუთვნილ მორიგ ტარანშზე. ნება მომეცით ჯერ ის ვთქვა, რომ საქმე ეხება არა მარტო ფულს - ეს არის უკეთესი მომავლის დაპირება ბერძენი ხალხისათვის და, მთლიანად, ევროზონისათვის“, - განაცხადა ევროზონის ფინანსთა მინისტრების ჯგუფის თავმჯდომარემ, ჟან-კლოდ იუნკერმა.

შეთანხმება შეაქო საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარემ, კრისტინ ლაგარდმაც: „რასაკვირველია, გვსურდა იმის უზრუნველყოფა, რომ საბერძნეთი ისევ ფეხზე დადგეს და მიმართოს ზომებს, რომლებიც საამისოდ არის საჭირო. ეს დემონსტრირებულ იქნა და საბერძნეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი შესაბამისად მოქმედება და ის უკვე მიმართავს წინასწარ ზომებს. ათენმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო კენჭისყრისას და გამოხატა სწორი პოზიციის მიმართ მხარდაჭერა. მეორე, რისი გაკეთებაც საერთაშორისო სავალუტო ფონდს სურდა, იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ევროზონის წევრმა პარტიორებმა მიმართონ აუცილებელ ზომებს საბერძნეთის ვალების მდგრად კურსზე დასაყენებლად. და დღეს საღამოს შემიძლია ვთქვა, რომ ეს მიღწეულია“.

საბერძნეთის ვალები მომავალ წელს შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის, სავარაუდოდ, 189%-ს. მაგრამ ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, 2020 წლისთვის ეს 189% უნდა ჩამოვიდეს 124%-მდე.

უცხოელი კრედიტორებისაგან საბერძნეთი, მთლიანობაში, მოელის 240 მილიარდ ევროს (310 მილიარდამდე დოლარს). მას უკვე აქვს მიღებული ნახევარზე მეტი, 150 მილიარდი ევრო. მაგრამ ამ, მრავალმილიარდიანი მხარდაჭერის პირობაა, როგორც ცნობილია, მომჭირნეობის ზომები, რომლებიც მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში. უმუშევრობის მაჩვენებელი საბერძნეთში 25%-ს აღწევს.