გაგლოითის ბოლო სხდომა და პასუხი სტოლტენბერგს ერგნეთიდან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 59-ე შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ხოხ გაგლოითი, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, ამ შეხვედრას ბოლოჯერ დაესწრო. შემდეგ შეხვედრაზე იგი ოსური ჯგუფის ახალ თავმჯდომარეს წარადგენს. გაგლოითიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე ყოფნის ყველანაირი ვადა ამოწურა. მას დღეს არ დაუკონკრეტებია შემცვლელის ვინაობა.

რაც შეეხება შეხვედრას, იგი, ტრადიციულად, ქართული მხარის მიერ საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის გაპროტესტებით დაიწყო. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულთა გათავისუფლების საკითხიც დააყენეს. ოქტომბერში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან დაკავების 15 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო შემთხვევა 2 დღის წინ სოფელ გრემისხევთან მოხდა, სადაც ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ადგილობრივი მწყემსი ჰასან ხუბაშვილი დააკავეს. ხოხ გაგლოითის ინფორმაციით, 14 ადამიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ უკვე გათავისუფლდა და ხუბაშვილის გათავისუფლებაც ახლო მომავალში მოხდება. გარდა ამისა, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ქართული მხარე სოფლებში საინფორმაციო შეხვედრების ჩაუტარებლობაში დაადანაშაულა: ადგილობრივ მოსახლეობას უნდა განემარტოს, რა ტერიტორიებზე შეიძლება გადაადგილება.

ამის პასუხად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან საზღვრის არსებობას არ ცნობს და საკუთარ მოქალაქეებს გადაადგილებას ვერ შეუზღუდავს. ოსურმა მხარემ სოფლებთან დიცთან და კირბალთან ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დაზიანების ფაქტები წამოსწია, რაზეც ქართულმა მხარემ დოკუმენტური მასალის წარდგენა მოითხოვა.

59-ე შეხვედრაზე უგზოუკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის მოძიებისა და გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული დავით ბაშარულის ცხედრის ექსპერტიზის საკითხიც დაისვა. დიდი ხანია ქართული მხარე ბაშარულის გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნის გადაცემას და ამ საკითხის დეტალურ შესწავლას ითხოვს. შეხვედრის ბოლოს ხოხ გაგლოითიმ ჟურნალისტებთან ერთი განცხადების გაკეთების სურვილი გამოთქვა. მისი აზრით, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღებას ეხებოდა, პროვოკაციულია და ქართულ მხარეს მილიტარისტული და რევანშისტული ქმედებებისკენ უბიძგებს. გაგლოითი სტოლტენბერგს რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 8 ოქტომბერს ბრიუსელში,NATO-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს შესახებ ისაუბრა, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება. „რუსეთი ვერ შეცვლის საერთაშორისო კანონმდებლობის რეალობას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილებია", - თქვა მაშინ სტოლტენბერგმა.

ერგნეთში ინციდენტაბის პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 26 ნოემბერს გაიმართება.