ალექსანდრუ ეფდოტე: ესაა პროევროპული კურსის მარცხი პროევროპელთა ხელით

საპროტესტო აქცია მოლდავეთში

მოლდავეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ ვალერიუ სტრელეცის მთავრობის გადაყენებას, საბანკო სექტორში მომხდარი მასობრივი მაქინაციების გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე. პოლიტიკურმა კრიზისმა მოლდავეთში პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით დააკავა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი, მმართველი პროევროპული კოალიციის ლიდერი.

პროევროპული კოალიციური მთავრობის გადაყენებას 101-ადგილიანი პარლამენტის 65-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თუმცა კენჭისყრა შესაძლოა ამ შედეგით არ დასრულებულიყო, რომ არა კოალიციაში შემავალი დემოკრატიული პარტია, რომლის ლიდერმა, მარიან ლიპუმ, 29 სექტემბრის სხდომაზე მხარი დაუჭირა მთავრობის გადაყენებას.

„მთავრობის გადადგომა მოითხოვა პარლამენტის ოპოზიცურმა, სოციალისტურმა და კომუნისტურმა დეპუტაციამ. ისინი პრემიერ-მინისტრ სტრელეცის მთავრობას ადანაშაულებენ კორუფციაში, პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ სტრელეცი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, მხარს უჭერს თავისი პარტიის ლიდერს, ვლად ფილატს, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება“, - ამბობს რადიო თავისუფლების რუმინულ-მოლდოვური სამსახურის თანამშრომელი, ალექსანდრუ ეფდოტე.

პოლიტიკურმა კრიზისმა მოლდავეთში პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით დააკავა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი, მმართველი პროევროპული კოალიციის ლიდერი. ფილატი, რომელიც 2009-2013 წლებში განაგებდა ქვეყანას, 15 ოქტომბერს დააკავეს. ვლად ფილატს მოლდავეთის სასამართლომ 30- დღიანი პატიმრობა მიუსაჯა პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდების გამო, რომ მთავრობის ყოფილი მეთაური მონაწილეობდა საბანკო სისტემიდან, დაახლოებით, მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის გაქრობის საქმეში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი ილან შორი პროკურატურაში გამოცხადდა აღიარებით, რომ მან ფილატს რამდენიმე წლის განმავლობაში, ქრთამის სახით, 250 მილიონი დოლარი გადაუხადა.

მოლდავეთის პარლამენტი

არის თუ არა მოლდავეთში შექმნილი ვითარება პრორუსული ძალების რევანშის დასაწყისი და პროევროპული ძალების საბოლოო მარცხი? - ეს საკითხი ახლა ბევრს აწუხებს არამხოლოდ მოლდავეთში.

„ეს არის მოლდავეთის პროევროპული კურსის მარცხი თავად ე.წ. პროევროპელების ხელით, რომლებიც, ერთი მხრივ, ერთმანეთში ქიშპობდნენ და, მეორე მხრივ კი, იპარავდნენ. ამის გამო იფეთქა საპროტესტო აქციებმა, რაც თებერვლიდან გრძელდება“, - ამბობს რადიო თავისუფლების რუმინულ-მოლდოვური სამსახურის თანამშრომელი, ალექსანდრუ ეფდოტე.

მოლდავეთის პარლამენტში მყოფი ის 65 დეპუტატი, რომლებმაც ხმა მისცეს ვალერიუ სტრელეცის მთავრობის გადაყენებას, სავარაუდოდ, სულ მალე ახალ მმართველ კოალიციას ჩამოაყალიბებენ. თუმცა მოსალოდნელია სხვა კონფიგურაციაც - მით უფრო, რომ მოლდავეთის პროევროპული დემოკრატიული პარტიის ლიდერმა მარიან ლიპუმ უკვე განაცხადა, რომ მას არ სურს კოალიციის შექმნა კომუნისტებსა და სოციალისტებთან ერთად, არამედ შეეცდება „გადატვირთოს“ ძველი ალიანსი და შეინარჩუნოს ქვეყნის პროევროპული კურსი.