2000 მოხალისე ოლიმპიადისთვის

2000 მოხალისე ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის - ასეთი რამ საქართველოში პირველად მოხდა. თბილისში ჩამოსულ სტუმრებს სწორედ მოხალისეები ხვდებოდნენ და აბინავებდნენ. ოლიმპიადის წინ მოხალისეებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს, რასაც შემდეგ პრაქტიკული ცოდნაც დაერთო.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი-2015“ 1 აგვისტოს დასრულდა. სხვებთან ერთად ფესტივალის ორგანიზებაში 2 000-მდე მოხალისე იყო ჩართული, ძირითადად 15-25 წლისები, თუმცა, დაახლოებით, მესამედი ასაკით 25 წელს ზევით იყო. მოხალისეებისთვის საგანგებოდ ცალკე დეპარტამენტიც კი ჩამოყალიბდა, რომელიც „თბილისი-2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტში შედიოდა.

მოხალისეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ცვარიანი ვერ ამბობს, კონკრეტულად რა თანხა დაიზოგა იმით, რომ ოლიმპიადის ორგანიზებას 2 000 კაცი უსასყიდლოდ მიეხმარა, თუმცა, მისივე თქმით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ:

„წარმოიდგინეთ 2 000 ადამიანი, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში დაორი კვირაცმუშაობდა. იყო ისეთი პოზიციები, სადაც დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე ადგილზე იყვნენ მოხალისეები. მათი შრომა ნამდვილად შეუფასებელია“.

ცვარიანის თქმით, მოხალისეების რეგისტრაცია დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათ გამოცდილებისა და სხვა უნარების მიხედვით არჩევდნენ. იყვნენ უცხოელი მოხალისეებიც - დაახლოებით, ას კაცამდე - როგორც ევროპიდან, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან.

სტუმრების დახვედრა-გაცილება ძირითადადმოხალისეებს ებარათ. ისინი ზრუნავდნენ ჩამოსულების განთავსებაზე, გადაადგილებაზე. ბევრი მათგანი სპორტულ ობიექტებზე იყო გადანაწილებული და სპორტულ აქტივობებს უწევდა ორგანიზებას.

მოხალისე ნიკა ბენდიუკი ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში დიდი გამოცდილება მიიღო. ის შვედეთის დელეგაციასთან მუშაობდა. ჰყავდა ხუთკაციანი გუნდი, ასევე მოხალისეების. აკეთებდნენ ყველაფერს, რაც თანაშემწემ შეიძლება გააკეთოს:

„ეს იქნება თარჯიმნობა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, ინფორმაციის დროული მიწოდება და გაცვლა. თუ ვინმეს საავადმყოფოში გადაყვანა გახდებოდა საჭირო, იქაც თარჯიმნობა და მსგავსი რაღაცები“.

კიდევ ერთი მოხალისე, ნინი კეპულაძე, ამბობს, რომ მოხალისეობით ისეთი დადებითი მუხტი მიიღო, რაც სხვა დროს ანაზღაურებადი სამსახურითაც არ მიუღია.

„ჩვენ მოხალისეების ოთახი გვქონდა გაკეთებული, ძალიან ლამაზ ფერებში მოწყობილი. ერთ კედელს „სელფისთვის“ ვიყენებდით. ყველა მოდიოდა და ფოტოებს იღებდა. მოდიოდნენ როგორც ჩვენები, ასევე უცხოელი მოხალისეები, რაც მათ დაახლოებაში ძალიან დაგვეხმარა. ძალიან დადებითი მუხტი მოჰქონდა ამ ყველაფერს. დიდი მხიარულება იყო. ვთამაშობდით, ბავშვებისთვის „ენერჯაიზერები“ გვქონდა, რომ არ მოდუნებულიყვნენ“.

მისივე თქმით, დასანანი იყო ის, რომ ხალხი მოხალისეობის ინსტიტუტს ვერ აღიქვამდა და უკვირდათ კიდეც:

„თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ საზოგადოება ვერ აღიქვამდა, რას ნიშნავს მოხალისეობა, რომ ჩვენ ამ საქმეს უანგაროდ ვაკეთებდით, რომ ის პასუხისმგებლობა ანაზღაურების გარეშე გვქონდა დაკისრებული. უკვირდათ კიდეც. თუმცა ეს არ იყო „სტაფის“ მხრიდან, ეს იყო ქუჩაში გამვლელების მხრიდან“.

მოხალისეებს ტრენინგები რამდენიმე ეტაპად ჩაუტარდათ. რეგისტრაცია 1 მარტს დამთავრდა, მარტის ბოლოს კი ტრენინგები დაიწყო. მოხალისეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ ფხაკაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტებთან მემორანდუმი ჰქონდათ გაფორმებული, რამაც საქმე ბევრად გააადვილა:

„სირთულე უფრო იყო ამ ხალხის ბოლომდე შენარჩუნება, მარტიდან ფესტივალამდე რომ მოგვეყვანა, მაგრამ ტრენინგების სწორად დაგეგმვა მოგვეხმარა, რომ მოხალისეების დანაკლისი არ გვქონდა“.