ნაბაკევის მკვიდრი: მოკლული საზღვარზე პროდუქტების გადატანის უფლებას ითხოვდა

ხურჩა-ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ფაქტის შესახებ გარდაცვლილის ოჯახისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ თვითმხილველების მიერ გავრცელებული ინფორმაციაა ცნობილი. კერძოდ ის, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა დე ფაქტო რესპუბლიკის მებაჟესა და გარდაცვლილს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. ოკუპირებული რეგიონის მკვიდრი 30 წლის გიგა ოთხოზორია გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ.

„გადაჰქონდა პროდუქტები და თქვეს, რომ აფხაზებმა დახვრიტესო და მეტი არ ვიცით არაფერი. მე მგონი, შეკამათება იყო, შელაპარაკება იყო ერთმანეთში და ჩვენ მეტი არაფერი ვიცით“, - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ნათესავი, დალილა ხურცია.

თვითმხილველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 19 მაისს, 15:00 საათისთვის, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა. რადიო თავისუფლების ნაბაკეველი რესპონდენტი სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრეებთან თხოვნით მივიდა.

„ახლო ნათესავი ჰყოლია გარდაცვლილი და რაღაც პროდუქტების შეტანა უნდოდა. ამ საკითხზე ვერ მორიგდნენ, ეტყობა, და უკან გამობრუნებისას უკან გამოედევნა თურმე ეს აფხაზი და ეგრევე სამჯერ ესროლა. ეს მოხდა ძალიან სწრაფად“, - ამბობს ნაბაკევში მცხოვრები რესპონდენტი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

ზუგდიდის სოფელ ხურჩას ოკუპირებული ტერიტორიისგან პატარა ღელე ყოფს და სოფლიდან კარგად ჩანს რამდენიმე მეტრში მდებარე დე ფაქტო რესპუბლიკის საგუშაგო, რომელიც მგზავრების სიმრავლით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ გასროლის ხმა ხურჩაში ბევრმა გაიგონა, თუმცა მომხდარზე ლაპარაკს ამ დრომდე ერიდებიან.

ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში არსებულ „საგანგაშო ვითარებას“ და მომხდართან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, როგორც ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

მათივე ცნობით, მომხდარის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მათ შესაბამისი რეაგირება მოსთხოვა. სატელეფონო საუბარი შედგა ასევე ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელ დავით დონდუასა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინს შორის.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული მხარე ყველა არსებულ საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს იმისათვის, რომ მოხდეს შესაბამისი - როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი - რეაგირება და დამნაშავეები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

გიგა ოთხოზორია გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრია. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი ცოლ-შვილსა და მშობლებთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა. გარდაცვლილის ცხედარი წუხელ, გვიან ღამით, ქუთაისის ექსპერტიზიდან სახლში, ზუგდიდში, გადმოასვენეს.