მკურნალობა ვალებით - მეტროში დაშავებულები ყურადღებას მოითხოვენ

მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 14 ადამიანი ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას მოითხოვს - მათი განცხადებით, 30 იანვარს, მომხდარი უბედური შემთხვევის დღეს, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ არაერთ მათგანს მოუწია საკუთარი სახსრებით მკურნალობის გაგრძელება და ამის გამო ფულის სესხება. დაზარალებულები თბილისის მერიასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ თხოვნით, შეასრულონ ერთი კვირის წინ დადებული პირობა.

Your browser doesn’t support HTML5

მკურნალობა ვალებით - მეტროში დაშავებულები ყურადღებას მოითხოვენ

29 წლის დიმიტრი ფაილოძე, რომელიც ლილოს დასახლებაში ავადმყოფ ბებიასთან ერთად ცხოვრობს და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, კიდევ სამი თვე ვერ გაივლის, რაც ნიშნავს, რომ, სულ ცოტა, სამი თვე ის ვერ შეძლებს იმ დღიურ სამუშაოზე გასვლას, სადაც დღეში 30-40 ლარს უხდიდნენ - ფიზიკურად მუშაობდა. დიმიტრი ერთი კვირის წინ მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა. ფეხის ოპერაცია გაუკეთეს. ექვსი თვის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდება. შემთხვევის შემდეგ მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, რომლის ხარჯებიც სახელმწიფომ დაფარა, თუმცა გამოწერიდან მეორე დღეს მას მოკლევადიანი ონლაინსესხის აღება მაინც დასჭირდა:

300 ლარის წამლები დამჭირდა და გადახვევაც, აქ რომ მოვიდეს ექთანი, 30 ლარი ღირს. ასე საუცბათოდ სად მექნებოდა ამდენი ფული - მე და ბებიაჩემი ვცხოვრობთ, ისიც ონკოლოგიური ავადმყოფია და მაგის მკურნალობის ხარჯებსაც მე ვიხდიდი...
დიმიტრი ფაილოძე

„საავადმყოფოში მე არაფერი გადამიხდია, მაგრამ შემდგომი დანიშნულება ხომ მომცეს - წამლები, გადახვევები, ანტიბიოტიკები, ნემსები. 300 ლარის წამლები დამჭირდა და გადახვევაც, აქ რომ მოვიდეს ექთანი, 30 ლარი ღირს. ასე საუცბათოდ სად მექნებოდა ამდენი ფული - მე და ბებიაჩემი ვცხოვრობთ, ისიც ონკოლოგიური ავადმყოფია და მაგის მკურნალობის ხარჯებსაც მე ვიხდიდი“.

დიმიტრი ფაილოძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი ოჯახის წევრებმა გამგეობაში განცხადება, დახმარების თხოვნით, 5 თებერვალს დაწერეს. მანამდე ის მთავრობიდან არავის მოუკითხავს. მოელის, რომ დახარჯულ ფულს და მომავალში მკურნალობისათვის საჭირო თანხასაც აუნაზღაურებენ.

„მითხრეს, აგინაზღაურებთო, მაგრამ კონკრეტული თანხა არ უთქვამთ. ისე, წესით, კომპენსაციაც მეკუთვნის. მე ხომ შემდეგი ექვსი თვე მაინც ვერ ვიმუშავებ ფიზიკურად?! შიმშილით არ მოვკვდები, სოფლიდან გამომიგზავნიან საჭმელს, მაგრამ ყოველდღიური ფული ხომ გვინდა, რომ ვიარსებოთ“.

მეტროში აღარასოდეს ჩავალო, გვითხრა შემთხვევის ადგილზე დაშავებულმა სააგენტო GHN-ის ჟურნალისტმა, გიორგი საკარულმაც. ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე ისიც ჩივის. 6 თებერვალს ის საკრებულოშიც მივიდა და დეპუტატებს თავისი პრეტენზია პირადად გააცნო. გიორგიც ჩვენთან საუბარშიც შენიშნავს, რომ მსგავსი რამ რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაში მომხდარიყო, ადამიანებს არათუ დასახმარებლად სიარული არ მოუწევდათ ქალაქის მთავრობის ორგანოებში, არამედ თავიანთი შეცდომის გამო მორალურ კომპენსაციასაც გადაუხდიდნენ. მათთვის ხელისუფლებიდან არავის დაურეკავს. გიორგის ვკითხეთ, რატომ მოუხდათ მეტროში დაშავებულ ადამიანებს საკუთარი ხარჯებით მკურნალობა და ზოგს ვალის აღებაც:

ქალაქის მერი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. 30 იანვარი

„წესი ასეა, რომ მე ჩემი ფულით უნდა წავიდე კლინიკაში, გადავიღო ექოსკოპია თუ რაც იქნება საჭირო, ჩავიტარო სხვადასხვა პროცედურა და შემდეგ ფორმა ასით და ქვითრებით წავიდე მერიაში და მოვითხოვო ანაზღაურება. ჩემი კითხვაა - რატომ? რატომ უნდა ვირბინოთ ჩვენ ან ჩვენმა ნათესავებმა ამისთვის და ვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის? და თუ ეს ფული არ მაქვს, და ბევრს მართლა არა აქვს ეს ფული, რა უნდა ქნას? ჩვენი ბრალია, რომ მეტრო თავზე ჩამოგვენგრა? საკუთარი ავტომობილით მოვყევით ავტოკატასტროფაში?“

გიორგი საკარულმა გვითხრა ასევე, რომ მან პირადად მიიღო დაპირება საკრებულოს დეპუტატებისგან, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრის, ვახტანგ შაქარიშვილისგან, რომ დაზარალებულებს არ მოუწევდათ საკუთარი თანხების გადახდა მკურნალობისათვის.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფოს ავალდებულებს 14-ვე დაზარალებულისათვის არა მხოლოდ სამედიცინო ხარჯების გაწევას, არამედ მათთვის ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენასაც:

„მიწის ზემოთ რომ დაგვემართოს ასეთი რამ და ჭერი თავზე დაგვექცეს, მაშინ შეგვექმნება ფსიქოლოგიური პრობლემა და წარმოიდგინეთ, მეტროს შიგნით რამხელა სტრესის ქვეშ იყვნენ ეს ადამიანები. არც უცდია არავის სახელმწიფოს მხრიდან, რომ მათთვის ფსიქოლოგიური კონსულტაცია მაინც გაეწია ვინმეს და ეკითხათ მაინც, თუ არიან ჯანმრთელად ეს ადამიანები და შეუძლიათ თუ არა, საერთოდ, მუშაობის გაგრძელება. პატარა ამბავი არ მომხდარა. მეტროში სახურავი არ ვარდება ყოველდღე“.

მედპერსონალი ეხმარება ერთ-ერთ დაზარალებულს. 30 იანვარი

6 თებერვალს საკრებულოში გამართულ რიგგარეშე სხდომას არ დასწრებიან სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, თუმცა მედიასთან საუბარში ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უნიჭო წარმოდგენაში მონაწილეობის მიღებას მმართველი ძალა არ აპირებს, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კი მომხდარზე არ გაურბის.

რადიო თავისუფლება 6 თებერვალს დაუკავშირდა თბილისის მერიას, ასევე სამგორის რაიონის გამგეობას, სადაც 14-დან 11 დაზარალებულია აღრიცხული. მათ გვითხრეს, რომ ყველა დაზარალებულს შემდგომი მკურნალობის თანხა აუნაზღაურდება - მათ უახლოეს ხანებში ჩაერიცხებათ საჭირო თანხა. განცხადებები გამგებლის სახელზე, დახმარების მოთხოვნით, თითქმის ყველა დაზარალებულმა დაწერა.