საქართველოს აქცენტები მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში

საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია

12 თებერვალს მიუნხენში გაიხსნა საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებს ქართული დელეგაციაც. კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, იუსტიციის მინისტრი კი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შეხვდა. დღის ბოლოს იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა მიუნხენის კონფერენციის თემატურ პანელზე - "სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისკენ".

მიუნხენის, რიგით 52-ე, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანი შეხვედრებით დატვირთული გამოდგა ქართული დელეგაციისათვის. 13 თებერვალს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა, რომელთა შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, შეხვედრა გამართეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან. შეგახსენებთ, სწორედ ფატუ ბენსუდა იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს. მას ეს უფლება მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს მისცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ. როგორც 45- წუთიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ფატუ ბენსუდამ მიუნხენში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, მან ქართულ დელეგაციას სამოქმედო გეგმა გააცნო. გარდა ამისა, მისი თქმით, საგამოძებო ჯგუფი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ამ პროცესში მან ქართული მხარისგან სრული მხარდაჭერის პირობა მიიღო. აღნიშნულ საქმეში გამჭვირვალობისა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც:

„ჩვენ უნდა მტკიცებულებებით ვაჩვენოთ, რომ დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა, რა დროსაც ჩვენი არაერთი კულტურული და სულიერი კერა განადგურდა, რომ ჩვენი სამხედრო ტყვეები დაექვემდებარნენ წამებას. მადლობა გადავუხადე პირადად ქალბატონ ბენსუდას იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან კარგად მოტივირებული და ის ამაში დამეთანხმა. და მოტივირებულია იმაში, რომ ეს იყო საერთაშორისო კონფლიქტი, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და რომ სამხრეთ ოსეთი არის საქართველო“.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის. როგორც პრემიერ-მინისტრის ოფიციალური საიტი იტყობინება, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის ძირითადი თემები იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია. შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომლის მხარდაჭერითაც საქართველოში ხორციელდება დემოკრატიული რეფორმები.

კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი, „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სწორედ იმას ამბობს, რომ ევროკავშირთან ფუნქციონალური ინტეგრაცია საქართველოსთვის ყველაზე მაღალი პრიორიტეტი უნდა იყოს და ეს საკითხი ქართულმა მხარემ ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე მაქსიმალური ხაზგასმით უნდა აღნიშნოს:

„ევროპულ სივრცეში ინტეგრირება იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც ზუსტად იგივე მისწრაფებები აქვთ, - მაგალითად, უკრაინა და მოლდოვა, - ეს არის ის მიმართულება, რომლისთვისაც საქართველო დიდ ძალისხმევას გაიღებს, რა თქმა უნდა, მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან პარალელურად, რადგან მშვიდობისა და უსაფრთხოების გარეშე, რომელიც სწორედ „ისლამური სახელმწიფოსა“ და რუსეთის საკითხებს უკავშირდება და მათი მოქმედებების აღკვეთის სტრატეგიებს, სწორედ ამ საკითხებთან ერთად ეს არის საფუძველი იმისა, რომ ევროპული ინტეგრაცია თავისუფლად განხორციელდეს“.

ომი სირიაში, რუსეთის როლი ახლო აღმოსავლეთში, ასევე კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთში, მიგრანტთა პრობლემა - ეს ის ძირითადი თემებია, რომელთაც რამდენიმე ათეული ქვეყნის მაღალი რანგის ასეულობით წარმომადგენელი სამი დღის განმავლობაში განიხილავს მიუნხების უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე. გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა გამოიყენოს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის პლატფორმა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შეახსენოს თავის ევროპელ პარტნიორებს საკუთარი მნიშვნელობა. ის გულისხმობს საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მათ შორის, ავღანეთის მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას და, აქედან გამომდინარე, გიორგი გობრონიძის თქმით, ქართულმა მხარემ უნდა მოუწოდოს ევროპელ პარტნიორებს, ისინიც უფრო მეტად გააქტიურდნენ საქართველოს დასაცავად, რადგან, საქართველოს უსაფრთხოება გარკვეულწილად დაკავშირებულია ევროპულ უსაფრთხოებასთან, იქნება ეს ენერგოკონტექსტი თუ სხვა. ამავდროულად, გიორგი გობრონიძე ქართულ მხარეს მოუწოდებს მტკიცე აქცენტები გააკეთოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებაზე, განსაკუთრებით მცოცავი ოკუპაციის პირობებში, ოკუპაციისა, რომელიც საქართველოში დღესაც გრძელდება:

გიორგი გობრონიძე

„კიდევ უფრო მეტი აქცენტირება უნდა მოხდეს საქართველოს მხრიდან. გაკეთდეს, ასე ვთქვათ, მკაფიო მოთხოვნა, რომ ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები იქნეს დაკმაყოფილებული ევროპელი პარტნიორების მხრიდანაც, რადგან თუნდაც უკრაინაში რუსეთის მოქმედებებმა, რომელიც ერთგვარი გაგრძელებაა 2008 წლის აგვისტოს ომის სცენარის, გვაჩვენა, რომ რუსეთის ფედერაცია ახლო საზღვარგარეთში არ აპირებს პოზიციების დათმობას და, მეტიც, რუსეთმა თავის ახალ უსაფრთხოების დოკუმენტში ღიად განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან ნატოს ინფრასტრუქტურის გამოჩენა არის მისთვის გამოწვევა და საფრთხე და ერთი ასეთი ინფრასტრუქტურა სწორედ არის ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი“.

შესაბამისად, გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს სჭირდება უფრო ქმედითი მხარდაჭერა ნატოს მხრიდან და, ამავდროულად, აუცილებელია, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და, ზოგადად, დასავლურ სამყაროში სრულად იქნეს გააზრებული, რომ საჭიროა უფრო აქტიური მოქმედებები, რათა მოხდეს რუსული შემდგომი ექსპანსიის შეკავება.

ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის გამოსვლა. მან თავისი სიტყვა სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის თაობაზე საუბრით დაიწყო და, ამასთანავე, ისიც აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას პრობლემების დასაძლევად რუსეთთან დიალოგი სჭირდება:

„რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია. ჩვენ ვიხილეთ უფრო შემტევი რუსეთი, რუსეთი, რომელიც ევროპის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ახდენს. ნატო არ ეძებს კონფრონტაციას. ჩვენ არ გვინდა ახალი ცივი ომი. ამასთანავე, ჩვენი პასუხი უნდა იყოს მტკიცე. ასე რომ, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან? მე მტკიცედ მჯერა, რომ პასუხი მეტი თავდაცვა და მეტი დიალოგია“.

მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც საერთაშორისო და დამოუკიდებელი ფორუმია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, 14 თებერვალს დასრულდება.