დაუმუშავებელი მიწების დაბეგვრის თემა მთავრობისთვის კვლავ აქტუალურია. რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომის შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიწების დამუშავებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, დიფერენცირებული სატარიფო მიდგომა დაწესდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განუცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, ეს არის არა ჯარიმა, არამედ საუბარია დიფერენცირებულ სატარიფო მიდგომაზე.
"გახსნილია დისკუსია. ჩვენ ამ თემაზე დავიწყეთ მსჯელობა სხვა რგოლებთან. შესაბამისად, ეს გახლავთ არა ჯარიმა, არამედ ეს არის დიფერენცირებული სატარიფო მიდგომა, იმიტომ რომ ვინც მიწაზე მუშაობს და რეალურად ამუშავებს მიწას, მიზნობრივად მას ექნება გაცილებით უკეთესი და შეღავათიანი ტარიფი, ვიდრე იმას, ვინც წლების მანძილზე, უბრალოდ, არ იყენებს ამ მიწას ან, უფრო მეტიც, არავის აძლევს საშუალებას, რომ ეს მიწა შესაბამისად დატვირთოს. ეს არის ინიციატივა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მცირემიწიან გლეხებს. საუბარია მათზე, ვისაც აქვს დიდი მასივები", - განაცხადა დანელიამ. მისივე თქმით, არის რამდენიმე პროცედურა და, შესაბამისად, ის ფიქრობს, რომ უახლესი თვე-ნახევარი, ორი თვის მანძილზე ინიციატივის დონეზე მაინც დაიწყება ამ საკითხზე მსჯელობა.
პარლამენტის აგრარული კომიტეტის ინფორმაციით,სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან ძალიან ცოტა მიწის ფართობი მუშავდება და, არსებული ინფორმაციით, ეს სასოფლო-სამეურნეო მიწის მთლიანი ფართობის მხოლოდ 55-60%-ს აღწევს. კერძო მფლობელობაში არსებული 578 281 ჰექტარიდან თითქმის 250 ათასი ჰექტარი რჩება დაუმუშავებელი. იმ ფერმერებისთვის, ვინც მიწას ვერ ამუშავებს, ფინანსური სანქციების შესაძლო დაწესების შესახენ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 21 იანვარს გაახმაურა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო მცირემიწიან ფერმერებსა და გლეხებს ხვნის სამუშაოებში ეხმარება. შესაბამისად, დაუმუშავებელი მიწების უმეტესი ნაწილი არა გლეხებისა და ფერმერების მცირე მიწებია, არამედ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის დიდი, ათეულობით ჰექტარი მასივები, რომლებიც კერძო პირებმა ან კომპანიებმა შეიძინეს და უკვე წლებია ხელუხლებელია.
მიუხედავად ამისა, არ არსებობს კვლევები, რომელიც დაადასტურებდა, რომ დაუმუშავებელ მიწაზე გადასახადის დაწესება აუცილებლად მოახდენს მიწების დამუშავების სტიმულირებას. ძნელი სათქმელია რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს მსგავსი „სადამსჯელო მექანიზმი“ უფრო კარგი არგუმენტი, ვიდრე მოგების მიღება ამ მიწაზე. ხოლო თუ მოგების მიღება შეუძლებელია სხვადასხვა მიზეზის გამო, რატომ დაიბეგროს ამისთვის ფერმერი დამატებითი გადასახადით და რა ეკონომიკურ ეფექტს ელოდება ამ გადაწყვეტილებისგან ხელისუფლება?
ასევე ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეუწყობს ეს პროცესი ხელს მიწების გამსხვილებას, რადგან, როგორც ცნობილია, ფრაგმენტირებული მიწები სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია. ანუ, საქართველოს პირველი ეროვნული სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალების მიხედვით, საქართველოში მეურნეობათა 43.1% ფლობს ნახევარ ჰა-მდე მიწის ნაკვეთს, 0. 5 ჰა-დან 1 ჰა-მდე ნაკვეთებს ფლობს მეურნეობათა 32 %, ანუ 75 პროცენტი 1 ჰექტარამდე მიწის მფლობელია. ამ მასშტაბის მიწის ფართობზე რაიმე პროგრესული ტექნოლოგიის დანერგვა, მექანიზაციის ან სხვა საშუალებების გამოყენება, შრომის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით, პრაქტიკულად გამორიცხულია.
ასევე საინტერესოა როგორ აისახება ეს მიწის სექტორში ინვესტიციების შემოსვლაზე, რაც ამ ეტაპზე ისედაც შეფერხებულია.