To whom it may concern, ანუ ვისაც შეიძლება ეხებოდეს

სახე ჯერ კიდევ შეშუპებული ჰქონდა და მარჯვენა მხარიც ჯერ ძალიან სტკიოდა. საწოლიდან რომ წამოდგა, ფეხიც ძლივს დადგა. თავს ძალა დაატანა, პერანგი შემოიცვა და სამზარეულოსკენ წავიდა.

ტატიანა გაზქურასთან იდგა:

- რატომ ადექი? - მოუბრუნდა ქმარს. - არ მითხრა ახლა, სამსახურში ვაპირებ წასვლასო.

- უნდა წავიდე, - თქვა ალექსანდრემ და ჩაი მოსვა.

ქალბატონმა ტატიანამ ხვეწნა დაუწყო, არ წახვიდეო, ხომ ხედავ, ჯერ არ მოგშუშებია დაჟეჟილი გვერდებიო. მერე ჰყვებოდა, როგორ იცოდა, რომ ვერ გადაათქმევინებდა და მაინც როგორ ეხვეწებოდა... და რომ...

ალექსანდრე ბრეგვაძე მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში, რომელიც მერიის შეკვეთას ასრულებდა თბილისის ზღვაზე. პროექტით კანალიზაცია უნდა გაეყვანათ. თავის დროზე მილებიც მიიტანეს და ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაყარეს.

ამ მილებს სდარაჯობდა ბატონი ალექსანდრე. ღამის დარაჯად მუშაობდა. და საღამოს 6 საათიდან დილის 8 საათამდე, ყოველდღე სამსახურში იყო. მუშაობდა შაბათ-კვირის ჩათვლით. არც დღესასწაულებზე გაუცდენია სამსახური.

სამშენებლო კომპანიის ტერიტორიაზე, იქ, სადაც მილები ყრია, რკინის კონტეინერი დგას. ამ კონტეინერში ათევდა ღამეს. ტერიტორიაზე არც წყალი იყო, არც შუქი და ბატონი ალექსანდრე ფარნით ანათებდა ამ პატარა თავშესაფარს. დაემტვრეოდა ხოლმე ეს ფარნები და შვილი, სერგო, ახლებს ყიდულობდა მისთვის. შუქი სჭირდებოდა, რადგან თან წიგნები მიჰქონდა და მთელი ღამე კითხულობდა - უნდა ეფხიზლა, არ უნდა დასძინებოდა.

საქართველოს შრომის კოდექსი. თავი მე-8, მუხლი 35. უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება:

1. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი.

მილები მუდამ გადათვლილი ჰქონდა. მშენებლობა შეჩერებული იყო. თვეში ერთხელ მიდიოდა საქმის მწარმოებელი და ამოწმებდა, რამე ხომ არ მოიპარეს, კარგად თუ უდარაჯა ბატონმა ალექსანდრემ.

300 ლარს უხდიდნენ ამ საქმეში. შვილებს ეხიდებოდა. ეუბნებოდნენ, არ გინდაო, ჩვენ მივხედავთ ოჯახსო, მაგრამ მას უნდოდა, რომ კვლავ საჭირო ყოფილიყო, კვლავ შეეტანათავისი წვლილი.

პროფესიით ელექტრიკოსი იყო. მთელი ცხოვრება მიონის ქარხანასა და კვლევით ცენტრში მუშაობდა მიკროსქემებზე. მერე ქარხანა დაიხურა. იმ ბნელ 90-იანებში, როცა ელექტრიკოსობის ერთადერთი გაგება მეცხრე ბლოკს უკავშირდებოდა, მიკროსქემები აღარავის სჭირდებოდა და ალექსანდრე და ტატიანა ბრეგვაძეები ცდილობდნენ, თავი ბუკინისტობით გაეტანათ. შესაძლოა ბევრს ახსოვს ისინი თავისუფლების მოედანზე, - ჭკვიანი და ნაკითხი ცოლ-ქმარი, წიგნების მოყვარულები და წიგნების გამავრცელებლები...

ის წიგნები, დარაჯის პატარა „ბუდკაში“ რომ დაჰქონდა და უკვე მერამდენედ კითხულობდა, სწორედ იმ 90-იანი წლებიდან იყო შემორჩენილი. წიგნები, რომლებიც არ გაიყიდა...

ხანდახან სერგოს ახალ წიგნებს სთხოვდა. თან ერიდებოდა და ფულს უჭმუჭნიდა ჯიბეში.

ტატიანამ თავისი ხელით მიაწოდა ჩანთა და ისევ მუდარით უთხრა:

- გთხოვ, არ წახვიდე, ხომ ხედავ, ფეხზე ვერ დგახარ!

- უნდა წავიდე, - გაიმეორა ბატონმა ალექსანდრემ.

და წავიდა...

ორი კვირით ადრე ასეთი რამ მოხდა: ღამით ვიღაც დაესხა თავს და სასტიკად სცემა. დილით ლასლასით მივიდა სახლში და გამხელაც არ უნდოდა, რა შეემთხვა.ერიდებოდა, ასეთი იყო. თურმე გაიგონა, რომ ტერიტორიაზე ვიღაც დადიოდა. გამოვიდა და დაიყვირა, რომელი ხარო. ამ დროს უკნიდან ვიღაცამ ძლიერად ჩაარტყა თავში. გონს რომ მოვიდა, სასტიკად ნაცემი იყო. გაიფიქრა, რომ იმასაც ვერასოდეს გაიგებდა, ვინ ურტყამდა ასე გამეტებით გონდაკარგულ კაცს.

... ეზოში ფეხაკრეფით შევიდა, 68 წლისა იყო და სცემეს. რცხვენოდა, არ უნდოდა, რომ მეზობლებს ენახათ.

სერგო ჰყვება: - მამა ისეთი ნაცემი იყო, მაშინვე სასწრაფო გამოვიძახე და წავიყვანეთ. პოლიციაც მოვიდა. ყველაფერი ვუამბეთ. იმ „პრარაბსაც“ დავურეკეთ და ვუთხარით, რაც მოხდა. მან კი მიპასუხა, რატომ მაშინვე არ გამოიძახა პოლიციაო. ეს მითხრა, მხოლოდ. მეტი არაფერი...

მას შემდეგ ორი კვირა გავიდა. სახე ცოტა დაუმშვიდდა და თქვა, უნდა წავიდეო... ტატიანამ იცოდა, რომ არ უნდა გაეშვა. გული ცუდს უგრძნობდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო.

მოკლედ, წავიდა.

და სწორედ მეორე დღეს მოხდა ეს ამბავი.

სერგო ჰყვება: ჯერ კიდევ მეძინა, დედამ რომ დამირეკა, მამასთან სამუშაოზე ვარ და სასწრაფოდ მოდიო. ვიფიქრე, კიდევ ერთხელ სცემეს-მეთქი. მაშინვე ტაქსი დავიჭირე და წავედი. მივედი და ვხედავ, „ბუდკასთან“ დედა ზის. და მეუბნება: „სერგო, მამა მოკლეს...“ „ბუდკის“ კარი მიხურული იყო და დედამ მითხრა, გთხოვ, არ მიხვიდე ახლოსო.

პოლიცია გამოვიძახე. მალევე მოვიდნენ. გააღეს რკინის კონტეინერის კარი და პოლიციელმა გვითხრა: - კი. ეს მამათქვენიაო.

მერე ტერიტორია დაათვალიერეს და გვერდით მდგარი მიგდებული კონტეინერიდან სავარაუდო მკვლელი გამოიყვანეს. ეს კაცი ახლა დაკავებულია. ვნახოთ, სასამართლოს ველოდებით...

უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი: „ციფრები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ, რომ არის ნამდვილად საგანგაშო. როდესაც 250-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა სამუშაოს შესრულების დროს ხუთი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო. დასახიჩრებულია 600-ზე მეტი ადამიანი. გასულ წელს 58 ადამიანი დაიღუპა და 85 დასახიჩრდა. ეს, ვფიქრობ, არის სწორედაც რომ პრობლემა და სახელმწიფო არის ვალდებული, დაიცვას ამ ადამიანების სიცოცხლე. სიცოცხლის უფლება არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი... რომ შექმნილიყო ერთი წლის წინ ქმედითი (შრომის) ინსპექცია, ის 58 ადამიანი დღეს, შესაძლოა, ცოცხალი ყოფილიყო“.

- მხოლოდ მისი სიკვდილის მერე გავიგე, რამდენ ხალხს იცნობდა და თურმე როგორ უყვარდათო, - ამბობს სერგო.

მაგრამ დაკრძალვაზე არავინ მისულა ბატონი ალექსანდრეს სამსახურიდან. სამშენებლო კომპანიიდან, სადაც ამდენ წელიწადს იმუშავა. იმუშავა ისევე ერთგულად, როგორც მიკროსქემებს აკეთებდა ერთ დროს, ან წიგნებს ურჩევდა მსურველებს, რადგან ასეთი კაცებისთვის სამსახური სამსახურია.

არც არასოდეს დაუწუწუნია, არც შუქის გაყვანა უთხოვია, რომ ღამით ტერიტორია ოდნავ მაინც გაენათებინათ. იქნებ მაშინ ვერ მიჰპარვოდნენ და ვერ ჩაერტყათ მისთვის სიბნელეში ასე თამამად. იქნებ ვერც მოეკლათ.

- გული მეწურება, ამაზე რომ ვფიქრობ, - ამბობს სერგო, - არათუ არავინ გამოჩენილა მისი სამსახურიდან, არც არავის დაურეკავს და მოუსამძიმრებია. არავის. არადა, რვა წლის განმავლობაში იქ მუშაობდა. იმ „პრარაბს“ , რომელსაც ვიცნობდი, მე თვითონ ველაპარაკე დაკრძალვამდე ორი დღით ადრე. მიპასუხა, ვნახოთ, დროს როგორ გამოვძებნითო.

25 მაისის მთავრობის სხდომაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი და განაცხადა, რომ ეს კანონი პირველ ეტაპზე მაღალი რისკისა და განსაკუთრებით მავნე გარემო პირობების მქონე საწარმოებზე გავრცელდება. ამავე კანონით განისაზღვრა გრაფიკი გეგმური და არაგეგმური შემოწმებებისა, რომელსაც შრომის ინსპექცია განახორციელებს, შრომის ინსპექციას კი შეეძლება საწარმოში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდეს.

მოკლედ, არავინ მისულა სამსახურიდან. და დღემდე არავინ გამოჩენილა.

მოკლედ, კაცი აღარ არის. და პრობლემაც არ არის. არათუ საქმით არ უგია ვინმეს პასუხი ამ ერთი კაცის სიკვდილის გამო, ნერვიც არავის შერხევია.

ასე წავიდა ალექსანდრე ბრეგვაძე. მიკროსქემების სპეციალისტი, ბუკინისტი და ღამის დარაჯი...

ეს ბლოგი მორალის წასაკითხად არ დაწერილა. ამ ერთი ადამიანის ამბავი გაცილებით უფრო დიდია და ვინმეს დანამუსებაზე მისი სიკვდილის შემდეგ ვეღარ ვილაპარაკებთ.

ეს ბლოგი პასუხისმგებლობას ეხება. ძალიან კონკრეტულ პასუხისმგებლობას ერთი ადამიანის სიკვდილის გამო, და მათ გამო, ვინც უყურადღებობისა და უგულობის გამო შესაძლოა ხვალ აღარ იყოს.

და ამიტომაც, მათ გასაგონად, ვისაც შეიძლება ეს ეხებოდეს:

მოდი, დავფიქრდეთ ამ ერთი ადამიანის ბედზე, იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს ახლა მაინც, მას შემდეგ, რაც ის აღარ არის - ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება მისი თუ მისი ოჯახის წინაშე, ვის რა პასუხისმგებვლობა ეკისრება სამართლის წინაშე. და, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოებისა თუ ყოველი ჩვენგანის წინაშე.