საქართველო კიბერმეკობრეობის ფლაგმანია

გასულ კვირაში საქართველოს კიბერუსაფრთხოება კვლავ მსჯელობის საგანი გახდა სპეციალისტების ვიწრო წრეში იმის გამო, რომ ესპანეთის პოლიციისა და ინტერპოლის მიერ გამოაშკარავებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა - მათ შორის, ორმა საქართველოს მოქალაქემ -მილიონობით ევრო მოიპოვეს კიბერდანაშაულის გზით. თუმცა ეს ფაქტი სულ არაფერია იმ პრობლემასთან შედარებით, რომელიც იქმნება საქართველოში კიბერმეკობრეობისა და კიბერდანაშაულის თვალსაზრისით. მეტიც, საქართველო შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იყოს, სადაც კიბერდანაშაულში ბრალდებული პირები უმაღლეს თანამდებობებზე ინიშნებიან.


„გატეხილი ვინდოუსებით“ ევროკავშირისკენ

ესპანეთში დაკავებული ქართველი, უკრაინელი და რუსი ჰაკერების ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა წინასწარი გამოიძიებით დადგენილია, თუ როგორ ახერხებდნენ კიბერდამნაშავეები ინტერნეტმომხმარებლებისაგან ფულის გამოძალვას. ინტერნაციონალური ჯგუფის დანაშაულებრივი ხელწერა კიბერსამყაროში, ალბათ, საკმაოდ გავრცელებულია: ჰაკერები დიდი ხნის განმავლობაში უგზავნიდნენ ვირუსებს მომხმარებლებს, შემდეგ ადანაშაულებდნენ მათ ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარებაში და სანაცვლოდ უკანონოდ ახდევინებდნენ სოლიდურ ფულად ჯარიმებს. კიბერდანაშაულებრივ ჯგუფში ქართველი ჰაკერების აღმოჩენა არ უკვირს ნაოდარ ხარშილაძეს, ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „იბდ კონსალტინგის“ ანალიტიკოსს. მას მხედველობაში აქვს ის ფაქტი, რომ საქართველოში ნულოვან დონეზეა კიბერუსაფრთხოება, ხოლო ქვეყანა სათავეში უდგას მსოფლიო კიბერმეკობრეთა ათეულს.

„ბოდიში და, რა კიბერუსაფრთხოებაზეა საუბარი, როდესაც გატეხილი ვინდოუსები აყენია სახელმწიფო უწყებებში, უკვე 21- ე საუკუნის მეორე ათეული წელი დაიწყო. პირატობაა ეს ჩვეულებრივი. პირველ ადგილზე ვართ მსოფლიო კიბერმეკობრეთა სიაში. საქართველო არის პირველ ადგილზე, მეორეზეა კუბა და მესამეზე, მგონი, უგანდა. არსებობს ოფიციალური სტატისტიკა. არსებობს ძალიან სოლიდური „სოფტვეარის“ განვითარების საიტი, რომელიც ამ რეიტინგებს აქვეყნებს. არის მწვანე ქვეყნების რეიტინგი, რომელშიც შედის ფინეთი, ნორვეგია და ისლანდია, და არის წითელი ქვეყნების რეიტინგი. აი, პირველ ადგილზე ვართ წითელ ქვეყნებში“.

არადა, როგორც ნოდარ ხარშილაძე იხსენებს, დაახლოებით ორი წლის წინ ცნობილი „მაიკროსოფტი“ საქართველოს მთავრობას სთავაზობდა ვინდოუსების მთლიანად დალიცენზირებას, რასაც 20 მილიონი დოლარი სჭირდებოდა, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომელიც გიგანტურ მშენებლობებსა და პომპეზურ სანახაობებში ასეული მილიონობით დოლარს ხარჯავდა, ქვეყნის კიბერუსაფრთხოებისათვის ეს თანხა ვერ გაიმეტა.


თაროზე შემოდებული გახმაურებული საქმე

ამ მხრივ ვითარება, როგორც ირკვევა, არც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეცვლილა. სახელმწიფო უსაფრთხოების დისკურსში კიბერუსაფრთხოებას არავინ ახსენებს. სახელდობრ, თაროზე შემოიდო და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც პროკურატურა აღარ ლაპარაკობს იმაზე, თუ რა სტადიაშია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის დავალებით ოპოზიციური პარტიის ლიდერების უკანონო მოსმენის გახმაურებული საქმე, რომელიც გახსნილად ჯერ კიდევ გასული წლის 16 ნოემბერს გამოაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა.

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ, აღნიშნული სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დავალებით, ამავე დეპარტამენტში შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტმომხმარებლის კომპიუტერში შეღწევა, მასში დაცული ინფორმაციის მოპოვება და კომპიუტერის განთავსების სივრცეში აუდიო და ვიდეოთვალთვალის განხორციელება. შექმნილი პროგრამის მეშვეობით კუდის ხელმძღვანელობა ახორციელებდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და არასანქცირებულ მოსმენას“, - განაცხადა გასული წლის 16 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.

იმავე დღეს პროკურატურის საიტზე ფაილების სახით გამოქვეყნდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანთა აღსარებითი ჩვენებები, რომლითაც დანაშაულის ორგანიზებაში იმხილებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე კი პოლიციამ სულ შინაგან საქმეთა სამინისტროს 12 მაღალჩინოსანი დააკავა, რომლებსაც ბრალი წაუყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, კიბერდანაშაულსა და უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებაში.


ჰაკერული დანაშაული - ტრამპლინი უმაღლესი თანამდებობისათვის

ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ზემოხსენებული „ვირუსული პროგრამა“, რომლითაც შესაძლებელი გახდა „პოლიტიკურად საინტერესო“ ინტერნეტმომხმარებლის კომპიუტერში შეღწევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, შექმნა 18 წლის ვასილ ჯამალაშვილმა. „ჰაკერინგით“ გატაცებულმა ყმაწვილმა ერთ-ერთ პასუხსაგებ თანამდებობაზე - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე -მუშაობა მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ სულ რაღაც 17 წლისა იყო. ასეა თუ ისე, ჯამალაშვილი პირველი თანამდებობის პირია, ვისაც საქართველოში კიბერდანაშაულისათვის წაუყენეს ბრალდება.

„ეს არის 158-ე, 284-ე, 285-ე და 333-ე მუხლები. აქედან 333-ე მუხლი ეხება უფლებამოსილების გადამეტებას, დანარჩენი მუხლები კი -კიბერდანაშაულს, ანუ კომპიუტერებში უნებართვო შეღწევას“, განაცხადა 16 ნოემბერს ვასილ ჯამალაშვილის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.

ბრალდებულმა მალე აღიარა დანაშაული და ორთვიანი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფასურით განთავისუფლდა. მიუხედავად ამისა, საზოგადოება მოუთმენლად ელოდა, თუ რით დასრულდებოდა სასამართლო გამოძიება იმ უპრეცედენტო კიბერდანაშაულისა, რომელიც, როგორც ზემოთ ითქვა, საქართველოში თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის დავალებით დაიგეგმა და განხორციელდა.

თუმცა ორი თვის შემდეგ, 2013 წლის 17 იანვარს, სასამართლომ 35 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა მთავარი ბრალდებული, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი, რომელიც 23 იანვარს თბილისის მერის მოადგილის პოსტზე დაბრუნდა და დღემდე ამ თანამდებობაზე მუშაობს. ახლა რომ ეცადო, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო გეტყვით და ვერც პროკურატურა, თუ ვის ეხება და რა სტადიაშია გახმაურებული კიბერდანაშაულის გამოძიება.

ამასობაში კი საქართველო შესაძლოა მსოფლიოში იყოს ერთადერთი ქვეყანა, სადაც უფლებამოსილების გადამეტებასა და კიბერდანაშაულში ბრალდებული პირი უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობს. ეს ფაქტი უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის კიბერუსაფრთხოებას.