ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები - მშვიდობისმყოფელები თუ უდისციპლინო მოთარეშეები?

საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში საბრძოლო დავალებას მეოთხე წელია ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვედანაყოფის სიდიდით პატარა საქართველო კოალიციის რიგებში მეექვსე ადგილზეა (აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის შემდეგ), ჰელმანდის პროვინციაში მყოფი ქართველი სამხედროების შესახებ დასავლური მედია დიდ ინტერესს არ იჩენდა, თუმცა ერთი თვის წინ ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ გაზეთში გამოქვეყნებული პირველივე ვრცელი მასალა ქართველ ჯარისკაცებზე ძალიან კრიტიკული აღმოჩნდა.

6 ივნისს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში 7 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვას გავლენიანი ამერიკული გაზეთი „ნიუ იორკ ტაიმსი“ საკმაოდ მძიმე სტატიით გამოეხმაურა. ჟურნალისტები ალისა რუბინი და თეიმურ შაჰი, კერძოდ, წერენ, რომ ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში აკლიათ სიფრთხილე, ისინი არიან უხეშები ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობაში, ყოფილა მაროდიორობის ფაქტები, ხოლო, ყველაფერთან ერთად, ადგილობრივები ქართულ ენას რუსულს ამსგავსებენ, რუსები კი, სტატიის ავტორების აზრით, ავღანეთის მოსახლეობაში „საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ კვლავ მტრებად აღიქმებიან“.

„გენერლური“ უარყოფა

„ნიუ იორკ ტაიმსის“ სტატიამ ძალიან აღაშფოთა საქართველოს ხელისუფლება, სამხედრო ხელმძღვანელობა კი, უბრალოდ, წონასწორობიდანაც გამოიყვანა. „’ნიუ იორკ ტაიმსში’ ქართველ სამხედროებზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორს სიამოვნებით გადავაყლაპებდი გაზეთსო“, - განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ 8 ივნისს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში.

ზუსტად ამას გავაკეთებ ახლა, უარვყოფ გაზეთის ინფორმაციას. პირადი გამოცდილებით, საქართველოს არმიასთან თითქმის 20 წელზე მეტი ხნის ურთიერთობის საფუძველზე შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს...
ჯოზეფ დანფორდი
ასეთი მკვეთრი არ ყოფილა, თუმცა გავლენიანი ამერიკული გაზეთის მიერ მოტანილი ფაქტები ავღანეთის საეთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF-ის) სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა უარყო 29 ივნისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე.

"ზუსტად ამას გავაკეთებ ახლა, უარვყოფ გაზეთის ინფორმაციას. პირადი გამოცდილებით, საქართველოს არმიასთან თითქმის 20 წელზე მეტი ხნის ურთიერთობის საფუძველზე შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ამას ადასტურებს ის 10 წელი, რომელიც მე ვმსახურობ ქართველ სამხედროებთან ერთად ჯერ ერაყში, შემდეგ კი ავღანეთში. საქართველოს სამხედროებს კარგი ურთიერთობა აქვთ ავღანელ ხალხთან. ქართველმა ჯარისკაცებმა გამოავლინეს პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და დიდი სიმამაცე", - განაცხადა გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე.

მაგრამ ნათქვამია, კალმით დაწერილს ნაჯახითაც ვერ ამოშლიო. თანაც, მედიით გავრცელებული სენსაციური მასალის ეფექტი განუზომლად დიდია და უფრო ღრმა კვალს ტოვებს საზოგადოების ცნობიერებაში, ვიდრე მცდარი ინფორმაციის დაგვიანებული უარყოფა, რაც „ნიუ იორკ ტაიმსის“ ზემოხსენებულ სტატიასთან მიმართებით მოხდა. თანაც, სიტუაცია არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მათ მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებაც. ამის მთავარ მიზეზად რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ჟურნალისტი ჰაბიბ აბდული ქართველი ჯარისკაცების მიერ ჩატარებულ რეიდებს ასახელებს:

„ადრეც არაერთი რეპორტაჟი წამიკითხავს, სადაც უბრალო ადამიანები ჩივიან, რომ ქართველი ჯარისკაცები, რომელთა ენაც ავღანელებს არ ესმით, აჩერებენ მათ გზაზე და ჩხრეკენ. ისინი ფიქრობენ, რომ მათ შეურაცხყოფას აყენებენ და ასეთი ქმედებების გამო თავს არ გრძნობენ კომფორტულად“.

„ბიჭო, მომე შოკოლადი!“

მე შემიძლია გითხრათ და თქვენ თუ მოხვდებით იქ, თავადაც დარწმუნდებით, თუ რამდენად იოლად ითვისებენ ქართულ ენას, იმიტომ რომ, დარის (ავღანეთის სახელმწიფო ენა პუშტუსთან ერთად - რედ.) და ქართული ბევრი სიტყვის მსგავსებიდან გამომდინარე, ბავშვები სოფლებში ქართულად ლაპარაკობენ...
ვახტანგ კაპანაძე
ავღანელი ჟურნალისტი ჰაბიბ აბდული არ იზიარებს აზრს, თითქოს ავღანელებს ქართველებისადმი უფრო არამეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეთ, ვიდრე ბრიტანელი ანდა ამერიკელი ჯარისკაცებისადმი. ჩემი კოლეგის თქმით, კულტურული ბარიერი არსებობს განურჩევლად ყველა ქვეყნის სამხედრო დანაყოფის მიმართ, რომელიც ავღანეთში სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს:

„ქართველ ჯარისკაცებს, ალბათ, უჭირთ ერთმანეთისაგან განასხვაონ უბრალო ადამიანები და თავდამსხმელები, რადგან მეამბოხეები ჩვეულებრივი ადამიანების სამოსს ატარებენ. მაგრამ დროთა განმავლობაში ასეთმა მიდგომამ შესაძლოა გარკვეული თავაშვებული ქმედებისაკენ უბიძგოს ნებისმიერ ადამიანს - ქართველი იქნება ის, ინგლისელი თუ ამერიკელი ჯარისკაცი. თანაც, როგორც იცით, კულტურული ბარიერი საერთაშორისო ძალების სამხედროებსა და ადგილობრივ ავღანელებს შორის იქ ყოველთვის არსებობს“.

ასეთი „კულტურული ბარიერის“ ფაქტორი გადაჭარბებულად მიაჩნია საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობას. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამტკიცებს, რომ ჰელმანდის პროვინციაში ადგილობრივი მოსახლეობა ქართველი ჯარისკაცების მიმართ მეგობრულად არის განწყობილი, ზოგიერთი კი ქართულ ენასაც ეუფლება:

„მე შემიძლია გითხრათ და თქვენ თუ მოხვდებით იქ, თავადაც დარწმუნდებით, თუ რამდენად იოლად ითვისებენ ქართულ ენას, იმიტომ რომ, დარის (ავღანეთის სახელმწიფო ენა პუშტუსთან ერთად - რედ.) და ქართული ბევრი სიტყვის მსგავსებიდან გამომდინარე, ბავშვები სოფლებში ქართულად ლაპარაკობენ - დასდევენ სამხედრო მანქანებს და „ბიჭო, მომე შოკოლადიო“, უძახიან“.

მოკლედ, ასეა თუ ისე, გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსის“ სტატიამ ბიძგი მისცა ღია საუბარს ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობასა და დისციპლინაზე, რაზეც ადრე ან მხოლოდ კარგი ითქმებოდა, ანდა - არაფერი. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ ქართველი ჯარისკაცების საქმიანობას საზოგადოებაც გაეცნოს არა მხოლოდ სამხედრო ხელმძღვანელობის მოხსენებების, არამედ მიუკერძოებელი ჟურნალისტური რეპორტაჟების საშუალებით. „ნიუ იორკ ტაიმსის“ სკანდალურმა სტატიამ ამ მხრივ გარკვეული პოზიტიური როლი შეასრულა. ბათუმში მყოფმა ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF -ის) სარდალმა, ამერიკელმა გენერლმა ჯოზეფ დანფორდმა 29 ივნისს განაცხადა, რომ ქართველ ჟურნალისტებს ექნებათ შესაძლებლობა ოფიციალური დელეგაციის გარეშე ჩავიდნენ ჰელმანდის პროვინციაში და საკუთარი თვალით იხილონ, თუ როგორ მოქმედებენ ქართველი სამხედროები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე „ცხელ წერტილში“.