მიხეილ ჭაბაშვილი - 100

მიხეილ ჭაბაშვილი

დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა ცნობილ ქართველ ენათმეცნიერსა და ლექსიკოგრაფს მიხეილ ჭაბაშვილს, რომლის სახელი დაკავშირებულია ქართული ლექსიკოგრაფიის უმნიშვნელოვანეს მიღწევებთან, იქნება ეს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვა ტომეული, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, საკუთარი სახელების ლექსიკონი, გეოგრაფიული სახელების ლექსიკონი თუ სხვა. მიხეილ ჭაბაშვილი 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებას, იყო თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრიდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი. მიხეილ ჭაბაშვილის 100 წლისთავი საგანგებოდ აღინიშნა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც მეცნიერმა ნახევარ საუკუნეზე მეტი იმუშავა.

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ ჭაბაშვილი - 100

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი დღესაც ინგოროყვას ქუჩის რვა ნომერში მდებარეობს. სწორედ აქ, ამ ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე, დაიწყო მუშაობა ომგამოვლილმა ახალგაზრდა ფილოლოგმა, მიხეილ ჭაბაშვილმა. თამარ ბეროზაშვილს, ინსტიტუტის უხუცეს თანამშრომელს, ცხადად ახსოვს შორეული 1947 წელი, როცა მიხეილ ჭაბაშვილმა პირველად შეაღო ენათმეცნიერების ინსტიტუტის კარი:

„მიშა მოვიდა ნაფრონტალი, ნაომარი, ეცვა ბამბულა ქურთუკი, „ტელოგრეიკას“ რომ ეძახიან... ძალიან გამხდარი იყო, ომიდან მოვიდა კაცი, ფრონტელი იყო, მაგრამ თვალები ჰქონდა ცისფერი, ფართო და ლამაზი, სიკეთით და სიყვარულით სავსე“.

თამარ ბეროზაშვილის თქმით, მიხეილ ჭაბაშვილი, რომელსაც უკვე მოესწრო ასპირანტურის დამთავრება, ასევე სავსე იყო ენერგიითა და მეცნიერული შრომის წყურვილით. 1947 წლის ბოლოდან ის ერთვება ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მოსამზადებელ სამუშაოებში. 1950 წელს იცავს დისერტაციას ფიზიოლოგიის ლექსიკის შესახებ, თუმცა მიხეილ ჭაბაშვილის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდება 1958 წლის 10 თებერვალი, როცა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ქეთევან ლომთათიძე ხელს მოაწერს ბრძანებას:

„ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის სწავლული მდივანი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი მიხეილ ჭაბაშვილი გადმოყვანილ იქნას ენათმეცნიერების ინსტიტუტში, ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე, ხელფასით 3 ათასი მანეთი და მიემაგროს ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს“.

თამარ ბეროზაშვილი

თამარ ბეროზაშვილის თქმით, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი იყო მიხეილ ჭაბაშვილის ცხოვრების მთავარი საქმე:

„ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მოამაგე, ჩიქობავას გარდა, მაგაზე დიდი არავინ ყოფილა. ყველაზე დიდი მოამაგე იყო, მთავარი რედაქტორის გარდა. სულ ინსტიტუტში იყო, ჩანთაში ელაგა მთელი მასალა და, როცა ისვენებდა, მაშინაც გაშლილი ჰქონდა წიგნი, კითხულობდა და წერდა, სიტყვებს იწერდა. ფონდში არის ჩართული მიშას შენიშვნები და ხელნაწერები. ყველა საქმეს აკეთებდა“.

მიხეილ ჭაბაშვილის სამსახურებრივი ხვედრი და მოვალეობა ამ დროიდან მთლიანად უკავშირდება ლექსიკოლოგიის განყოფილებას და ინსტიტუტის ძირითად სამუშაოს –„ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს“. მალე მიხეილ ჭაბაშვილი ხდება „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ სარედაქციო სამუშაოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იგი არის ლექსიკონის მე-4 ტომის რედაქტორი, მთავარ რედაქტორ არნოლდ ჩიქობავასთან ერთად. მას ეკუთვნის „თ“, „ლ“ და „ი“ ასოებზე არსებული მასალის რედაქცია. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, ავთანდილ არაბული ციტირებს აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სიტყვებს:

„მიხეილ ჭაბაშვილის მიერ შესრულებული ეს სამუშაო გაცილებით უფრო პასუხსაგებია, ვინემ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის რაგინდარა ფილოლოგიური გამოკვლევა. მიხეილ ჭაბაშვილის მეცნიერული მუშაობა იმ თავისებურებით ხასიათდებოდა, რაც ლექსიკონზე მუშაობას ახლავს: სიტყვანის შევსება, დოკუმენტაციის შერჩევა, სიტყვის განმარტება, სხვისი განმარტებულის რეცენზირება, საკონტროლო კორექტურების კითხვა-სწორება – აი, ნაირ-ნაირი სახის სამუშაოები, რომლის შესრულებასაც ქართული ენის განმარტებით ლექსიკონზე მუშაობა მოითხოვდა და რაშიც მიხეილ ჭაბაშვილი დახელოვნდა“.

არნოლდ ჩიქობავამ მიხეილ ჭაბაშვილის ეს დახასიათება დაწერა 1965 წლის 7 სექტემბერს. ამავე წელს მიხეილ ჭაბაშვილი აირჩიეს ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგედ. ავთანდილ არაბულის თქმით, მიხეილ ჭაბაშვილი არის ქართული ენათმეცნიერული აზრის – განსაკუთრებით კი, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის სფეროს ნამდვილი კლასიკოსი.

ავთანდილ არაბული

„მისი რანგის ლექსიკოგრაფი მე-20 საუკუნეში ფაქტობრივად არ გვყოლია. ჩვენ მას ვუწოდეთ მე-20 საუკუნის სულხან-საბა და, მართლაც, შეეფერებოდა ეს სახელი. მან თავი გადადო ლექსიკოგრაფიისათვის. იყო ძალიან ნიჭიერი პიროვნება. ძველ ქართულში მუშაობდა სიმონ ყაუხჩიშვილის ხელმძღვანელობით. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ფიზიოლოგიის ლექსიკაზე, შემდეგ ის ჩაება განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის სარედაქციო სამუშაოებში და ამის შემდეგ ლექსიკოგრაფიულ სამუშაოს არ მოსცილებია. იმდენად ერთგული იყო ამ საქმის, რომ სადოქტორო ნაშრომზეც კი უარი თქვა, რომელიც მას გამზადებული ჰქონდა, ანუ პირად სამეცნიერო კარიერაზეც კი უარი თქვა და ბოლომდე შესწირა თავი იმ საქმეს, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან ძვირფასია“, – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ავთანდილ არაბულმა. მისი თქმით, ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს ღირსეულიადგილი უკავია მსოფლიოში არსებულ ენის მეცნიერულ ლექსიკონებს შორის, რაშიც დიდია მიხეილ ჭაბაშვილის წვლილი, თუმცა მიხეილ ჭაბაშვილის მეცნიერულ მემკვიდრეობაში ასევე გამორჩეულია „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“. პროფესორ ვაჟა შენგელიას თქმით, საქართველოს უცხო სიტყვათა ლექსიკონების შედგენის დიდი ტრადიცია არ აქვს: პირველი უცხო სიტყვათა ლექსიკონი 1904 წელს შეადგინა იოსებ იმედაშვილმა, რასაც 1933 წელს მოჰყვა გიორგი ახვლედიანის უცხო სიტყვათა ლექსიკონი. ეს იყო და ეს! 1964 წელს კი დღის სინათლე იხილა მიხეილ ჭაბაშვილის „უცხო სიტყვათა ლექსიკონმა“, რომელიც შემდეგ სამჯერ გამოიცა. ვაჟა შენგელიას თქმით, ამ ლექსიკონის პირველი გამოცემა ემყარებოდა და ითვალისწინებდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ გამოცდილებას, რაც, ცხადია, საკმარისი არ იყო, რადგანაც „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ შერჩევით, უფრო გავრცელებულ უცხო სიტყვებს განმარტავდა, ახალ ლექსიკონში კი უცხო სიტყვები ფართოდ იყო წარმოდგენილი:

„აქ გამოჩნდა ბატონი მიხეილის მაღალი პროფესიონალიზმი და დიდი ერუდიცია. ბატონი მიხეილი დაბალი კვალიფიკაციის ადამიანებისგანაც მიიღებდა ხოლმე შეთავაზებას. მქონდა მისი „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მეორე გამოცემა, რომელშიც განმარტებული იყო სიტყვა „კადეტი“. ჭადრაკში ჩართული ვიყავი. ჩემი დისშვილი დიდოსტატია. „კადეტი“ განმარტებული ჰქონდა ბატონ მიხეილს ორი მნიშვნელობით. ომონიმური სიტყვაა. კადეტი ნიშნავს როგორც კადეტთა კორპუსის წევრს, ასევე კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის წევრსაც. ასეთი პარტია იყო რუსეთის იმპერიაში. მე კი შევთავაზე, ბატონო მიხეილ, „კადეტი“ მოჭადრაკეებში ნიშნავს 16 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკესაც. და, მართლაც, მესამე გამოცემაში ეს განმარტება არის შეტანილი“.

უცხო სიტყვათა ლექსიკონის გარდა, მიხეილ ჭაბაშვილის სახელთან არის დაკავშირებული საბჭოთა კავშირის გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიული ლექსიკონიც, რომელზეც, მიხეილ ჭაბაშვილის შეთავაზებით, იმუშავა ენათმეცნიერმა შუქია აფრიდონიძემ.

მიხეილ ჭაბაშვილის იუბილე

„რაღაცა დროს მითხრა ბატონმა მიხეილმა, რომ ვლადიკავკაზს საქართველოში კავკავადაც მოიხსენიებდნენ. არის რუსულში ასეთი გეოგრაფიული სახელები, რომლებშიც სიტყვა „ფლობა“ „владеть“ არის გამოყენებული, ვლადივასტოკი, ვლადიმირი და ა.შ. დაეუფლე აღმოსავლეთს, დაეუფლე მსოფლიოს და ა.შ., საიდანაც კარგად ჩანს რუსეთისა და მისი ბიუროკრატიის იმპერიული მისწრაფებები. ბატონმა მიხეილმა მითხრა, რომ ჩვენ კავაკავს ვეძახდით ვლადიკავკაზსო“.

შუქია აფრიდონიძე სინანულით იხსენებს ერთ ეპიზოდს ლექსიკონზე მუშაობის პერიოდიდან, რაც, რაღაც გარემოებათა გამო, არ გაითვალისწინა უფროსი კოლეგის შენიშვნა ლექსიკონში ასახულიყო ვლადიკავკაზის ეს სახელიც, არადა, წლების შემდეგ, თავადაც მოიძია წყაროები, რომლებშიც რამდენიმე ქართველ მწერალს მართლაც ჰქონდა დამოწმებული „კავკავი“. ვიღაცისთვის შეიძლება ეს წვრილმანია,მაგრამ არა მიხეილ ჭაბაშვილისთვის, რომელმაც, როგორც შუქია აფრიდონიძე იხსენებს, ლექსიკონის ეს ხარვეზი სიცოცხლის ბოლომდე არ დაივიწყა:

„მერე, როცა ბატონმა მიხეილმა მხედველობა დაკარგა, მომცა სამი ფურცელი, რომელზედაც დაწერილი იყო უცნაური ნიშნები: აღმართი, დაღმართი... ისე, როგორც დაწერს უსინათლო ადამიანი და აღმოჩნდა, რომ იქ წერია, შენ ჩემი душеприказчик-ი, ანუ ანდერძის აღმსრულებელი უნდა იყოო და მე გეუბნები, რომ კავკავის შესახებ ჩანაწერი შეიტანე ლექსიკონშიო“.

შუქია აფრიდონიძის ამ მოგონებიდანაც კარგად ჩანს, რომ მიხეილ ჭაბაშვილისთვის სამსახური – ლექსიკონებზე მუშაობა იყო ცხოვრების მთავარი მიზანი. მეცნიერის ქალიშვილი, ასევე ენათმეცნიერი ანა ჭაბაშვილი ამბობს, რომ მიხეილ ჭაბაშვილს სოცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია კავშირი ენათმეცნიერების ინსტიტუტთან.

ანა ჭაბაშვილი

„ინსტიტუტიდან რომ წავიდა, 90-იანი წლები იდგა. ამ დროისთვის უკვე დაბრმავებული იყო. ის-ის იყო ამთავრებდა „მოგონებების“ წერას, დაამთავრა და შემდეგ ისევ, გონების თვალით მთლიანად ტრიალებდა ინსტიტუტის მუშაობაში, წერდა თავის მოსაზრებებს, საბჭოს უგზავნიდა თავის მოსაზრებებს, ეს სიტყვა ასე დავწეროთ, ის სიტყვა ისეო, არადა, ამ დროს თითქმის ყველაფერი დაქცეული იყო ქვეყანაში, მაგრამ ის მაინც საქმეზე ფიქრობდა. მეც ამ ინსტიტუტის კედლებში გავიზარდე. დღეს აქ ჩემი პატარა შვილიშვილი იყო მოსული, თვეების არის. ალბათ, მე თვითონაც აქ ავიდგი ფეხი. მშობლები აქ დაქორწინდნენ, მერე აქ ვიზრდებოდი, აქ ვმუშაობდი... ასე რომ, მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია ამ ინსტიტუტის კედლებთან, ანუ მე მივიღე აქ აღზრდა იმ თაობისგან. ესენი იყვნენ: ჩემი მშობლები და მთელი მათი მეგობრები, რომლებისგანაც დღეს ორი-სამი თუა დარჩენილი“, –უთხრა ანა ჭაბაშვილმა „რადიო თავისუფლებას“.

მიხეილ ჭაბაშვილის კოლეგა და მეგობარია მანანა კელენჯერიძე, რომელმაც მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია მხედველობადაკარგულ მიხეილ ჭაბაშვილს მოგონებების წიგნზე მუშაობის ბოლო ეტაპზე. მანანა კელენჯერიძის თქმით, წიგნში დაწვრილებით არის აღწერილი არა მხოლოდ ეპოქა, ბიოგრაფიული მომენტები ავტორის ცხოვრებიდან, არამედ უაღრესად საინტერესოდ არის დახატული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის დამფუძნებლის, მისი სულისჩამდგმელისა და მთავარი რედაქტორის, არნოლდ ჩიქობავას პორტრეტი. აი, როგორ იხსენებს ქალბატონი მანანა წიგნზე მუშაობის პერიოდს:

მიხეილ ჭაბაშვილის იუბილის აღნიშვნა

„სახლში იყო უკვე, სამსახურში აღარ დადიოდა. მე ვკითხულობდი, ის მისმენდა გულისყურით და სადაც მოისურვებდა გამაჩერებდა და მიკარნახებდა შესწორებულ ტექსტს, რომელსაც აღარანაირი დახვეწა აღარ სჭირდებოდა, ისეთი მშვენიერი ქართულით იყო ნათქვამი და აღწერილი, მაგრამ მან მაინც, სანამ ბოლომდე არ ჩაასწორა, მანამდე არ გადასცა დასაბეჭდად. მუშაობის დროს ძალიან მხნედ იყო. თავისი ბინის ფარგლებში გადაადგილდებოდა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. შეიძლება, უტაქტოდ მოვიქეცი, მაგრამ ერთხელ ვიკითხე, ბატონო მიხეილ, თქვენ, ალბათ, სილუეტებს არჩევთ-მეთქი, რაზეც ძალიან გულისმომკვლელად მიპასუხა, ვერაფერს ვერ ვხედავ, წყვდიადში ვარო“.

მიხეილ ჭაბაშვილმა წიგნზე მუშაობა გარდაცვალებამდე ხუთი წლით ადრე, 1991 წლის სექტემბერში დაამთავრდა. „მოგონებების“ ბოლო აბზაცში ვკითხულობთ:

„ბევრნი, ჩვეულებრივ, უიღბლობას უჩივიან. მეც შემეძლო მომეგონებინა არაერთი შემთხვევა, როდესაც ხელი მომცარვია, ბედს ზურგი უქცევია ჩემთვის, მაგრამ, რომ გადავხედავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, აშკარად, იღბალი სჭარბობს უიღბლობას. ეტყობა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, რას როგორ შეხედავ ადამიანი. ხომ არის ნათქვამი: პესიმისტი იტყვის, ბოთლი ნახევრად ცარიელიაო, ხოლო ოპტიმისტი – ნახევრად სავსეაო! ეს ჩემი ისტორია მინდა დავამთავრო შემდეგით: თუ უფალი ინებებს და უდავიდარაბოდ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, მართლაც მისი რჩეულთაგანი ვყოფილვარ“.

უდავიდარაბოდ სიკვდილი არ გამოვიდა, თუმცა მიხეილ ჭაბაშვილს ბედმა ბოლომდე მაინც არ შეაქცია ზურგი: სიცოცხლეში მას პატივს სცემდნენ და აფასებდნენ კოლეგები და მეგობრები. წლების შემდეგ ეს წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა. დღეს მიხეილ ჭაბაშვილის ფასი იცის ყველა კულტურულმა ადამიანმა, ვისაც ერთხელ მაინც სჭერია ხელში მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ქართულ ენაზე შედგენილი რომელიმე ლექსიკონი.