აშშ-ის პირველი ლედი მეუღლის შესახებ

აშშ-ის პირველი ლედი, მიშელ ობამა დემოკრატების ყრილობაზე

აშშ-ში მიმდინარეობს დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც დღეს ოფიციალურად დაასახელებენ მოახლოებულ არჩევნებში პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს, ბარაკ ობამას და ჯო ბაიდენს - როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს. სამშაბათს კი ყრილობაზე ყურადღების ცენტრში მოექცა პირველი ლედი მიშელ ობამა.

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ ემოციური სიტყვით მიმართა ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში, დემოკრატების ყრილობაზე შეკრებილებს: „ჩემი მეუღლე უფრო მეტადაც კი მიყვარს, ვიდრე ოთხი წლის წინ და უფრო მეტად ვიდრე 23 წლის წინ, როცა ერთმანეთი გავიცანით. გეტყვით, რატომ: მიყვარს ის, რომ არასოდეს დავიწყებია, რითი დაიწყო. მიყვარს ის, რომ შეგვიძლია ვენდოთ ბარაკს, რომ გააკეთებს იმას, რაზეც ამბობს, რომ გააკეთებს, ეს ძნელიც რომ იყოს - განსაკუთრებით, თუ ძნელი იქნება!“

მეუღლის ამ თვისებების გამო და გამოცდილების გამო, რომელიც დაგროვილი აქვს ჯანდაცვის, თუ ქალთა შრომის ანაზღაურების შესახებ კანონებისათვის ბრძოლაში, პირველ ლედის ეჭვი არ ეპარება, რომ ბარაკ ობამა, პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, შეძლებს გააჯანსაღოს შეერთებული შტატების დასუსტებული ეკონომიკა.

„ბარაკმა იცის, რას ნიშნავს, როცა ოჯახს უჭირს. მან იცის, რას ნიშნავს, გინდოდეს მეტი შენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. ბარაკმა იცის, რა არის ამერიკული ოცნება, რადგან ამ ოცნებით ცხოვრობს. და მას სურს, რომ ამ ქვეყანაში ყვლას ჰქონდეს ერთანაირი შესაძლებლობები მიუხედავად იმისა, თუ ვინ ვართ, ან საიდან ვართ, ან რა გარეგნობა გვაქვს, ან ვინ გვიყვარს“, - ამბობს შეერთებული შტატების პირველი ლედი.

6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მეუღლის კონკურენტი, მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი გასულ კვირაში დასახელდა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ობამა მას მხოლოდ მცირე უპირატესობით უსწრებს. თუმცა, გამოკითხვის შედეგები იმასაც აჩვენებს, რომ უმრავლესობა მიტ რომნის და არა ბარაკ ობამას მიიჩნევს უფრო უნარიან კანდიდატად ეკონომიკური პრობლმესების მოგვარების კუთხით.

ამიტომ იყო, რომ დემოკრატების ყრილობაზე მიშელ ობამას სიტყვამდეც არაერთმა გამომსვლელმა გაამახვილა ყურაღდება ობამას წარმატებებზე სწორედ ეკონომიკის სფეროში, მათ შორის ჯულიენ კასტრომ - ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოს მერმა.

კასტროს თქმით, ოთხი წლის წინ ამერიკა იდგა ეკონომიკური „დეპრესიის“ ზღვარზე. მაგრამ დიდი სირთულეებისა და რესპუბლიკელების წინააღმდეგობის მიუხედავად, ობამამ მიმართა ზომებს და შეიქმნა 4,5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილიო, განაცხადა ჯულიენ კასტრომ.

ისევე როგორ მიშელ ობამამ, მანაც ახსენა ცნება „ამერიკული ოცნება“: „ამერიკული ოცნება არ არის სპრინტი, ან მარათონი - ის არის ესტაფეტა. ჩვენი ოჯახები ყოველთვის ვერ კვეთენ ფინიშის ხაზს ერთ თაობაში. მაგრამ ყოველი თაობა შემდეგს გადასცემს თავისი შრომის ნაყოფს. ბებიაჩემს არასოდეს ჰქონია თავისი სახლი. ის სხვების სახლებს ასუფთავებდა, რათა ჰქონოდა ფული თავისთვის სახლის დასაქირავებლად. მაგრამ მისი ქალიშვილი გახდა პირველი მთელს ოჯახში, ვინც კოლეჯი დაამთავრა. ხოლო დედაჩემმა აქტიურად იბრძოლა სამოქალაქო უფლებებისათვის, რათა იატაკის ჯოხის ნაცვლად ეს მიკროფონი დამეჭირა!“ - აღნიშნა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოს მერმა, ჯულიენ კასტრომ.

სამდღიანი ყრილობა ხუთხაშაბათს მიაღწევს კულმინაციას, როცა შეკრებილებს მიმართავენ ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი.