მიწაზე, სადაც საოკუპაციო საზღვარი იყო, ხურჩელები სიმინდს მოიყვანენ

არველოდ ნაჭყებია

ზუგდიდის სოფელ ხურჩაში მცხოვრებმა არველოდ ნაჭყებიამ, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც ერთი წლის შემდეგ დაიბრუნა, კარგად შეათვალიერა. მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი ბოძები და მავთულხლართები მოხსნეს, აქ მეორედ იმყოფება.

Your browser doesn’t support HTML5

მიწაზე სადაც საოკუპაციო საზღვარი იყო, ხურჩელები სიმინდს მოიყვანენ

ნაკვეთი მისი სახლიდან სამ კილომეტრში მდებარეობს. 90 წლის არველოდ ნაჭყებია აპირებს მიწა უკვე ამ თვის ბოლოს მოახვნევინოს და ისევ სიმინდი მოიყვანოს, ისე როგორც 2017 წლამდე ჰქონდა, სანამ რუსი სამხედროები ორ ჰექტარამდე მიწას მიითვისებდნენ. ამ ორი ჰექტარიდან ნახევარზე მეტი არველოდ ნაჭყებიასია, დანარჩენი კი მისი მეზობლის, ომარ მიქაუტაძის.

„გაათავისუფლეს ეს მიწა. ჩემი ნაკვეთის იქეთ, დაახლოებით, კიდევ 20 მეტრო დატოვეს და ახალი „საზღვარი“ გააკეთეს. ახლა შეგვიძლია და უნდა შევძლოთ და დავამუშაოთ. ისევ სიმინდის მოყვანას ვგეგმავ, მანამდეც სიმინდი მქონდა აქ“, - ამბობს არველოდ ნაჭყებია. ათვალიერებს მეზობლის, ომარ მიქაუტაძის, ნაკვეთსაც და ამბობს, რომ მან ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო მოსვლა, ჩვენთან გასაუბრება.

საოკუპაციო საზღვრის ნაკვალევი

იმის გამო, რომ რუსმა სამხედროებმა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში, არველოდ ნაჭყებიასა და ომარ მიქაუტაძის ყანაში, საოკუპაციო საზღვარი გადმოსწიეს, გლეხები გასულ წელს სიმინდის მოსავლის გარეშე დარჩნენ. იანვარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოძები აიღეს და ნაკვეთის მესაკუთრეებს მუშაობის უფლება მიეცათ.

ხურჩელი რესპონდენტი აცხადებს, რომ არ იცის, რა მიზეზით მოხდა საოკუპაციო ზოლის ჯერ გადმოწევა და მერე ისევ უკან დაბრუნება:

„არაფერი ვიცი. ჩემი აზრით, ასწორებენ ე.წ. საზღვარს. ისე, ეს მიწა ჩვენი იყო. ყოველთვის ჩვენი იყო“, - გვიხსნის არველოდ ნაჭყებია, რომელიც აღნიშნულ ნაკვეთს 25 წლის განმავლობაში ამუშავებდა.

საოკუპაციო საზღვარი

მისი ნაკვეთიდან კარგად ჩანს ოკუპირებული ნაბაკევის საძოვრები, სადაც ადრე ხურჩელები მსხვილფეხა პირუტყვს უშვებდნენ.

„ახლა იქ ჩიტიც ვერ შეფრინდება, ისეა დაცული“, - ამბობს მოხუცი. ის ფეხით მონიშნავს მიწას და აკვირდება პატარა თხრილებს, რომლებიც ადრე არსებული საოკუპაციო ხაზის შემდეგ ჯერ კიდევ შემორჩა.

ზუგდიდის სოფელ ხურჩაში ადგილობრივი მცხოვრებლების 2 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი რუსეთის სამხედროებმა 2017 წელს მიითვისეს - აპრილში ჯერ ბოძებით მონიშნეს, აგვისტოში კი მავთულხლართები შემოავლეს და მესაკუთრეებს შიგნით შესვლა აუკრძალეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ფაქტი მაშინ შეაფასა როგორც ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება.

საკითხი აქტიურად განიხილებოდა გალში,“ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრაზე.