25 დეკემბერს არ შედგა სხდომა, რომელზეც სასამართლოს პოეტ ზვიად რატიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით უნდა ემსჯელა. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზად დასახელდა რატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება - გარკვეული დროით მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ, გამოძიების ვარაუდით, 23 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის ფარგლებში სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება იკვეთება, ძალაში რჩება თავად ზვიად რატიანის პასუხისმგებლობის საკითხიც. შს სამინისტროს განცხადებებში ხაზგასმით აღინიშნება, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანი არ ემორჩილებოდა სამართალდამცველთა მოთხოვნებს და უშვერი სიტყვებით მიმართავდა მათ. დაზარალებულის ადვოკატი იმედოვნებს, რომ ზვიად რატიანს დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ და დაისჯება ყველა ის პოლიციელი, რომელიც ასე სასტიკად გაუსწორდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს.
Your browser doesn’t support HTML5
კიდურებზე, თავის არეში და სახეზე გამოვლენილი ხილული დაზიანებების გარდა, სამედიცინო შემოწმების შედეგად ზვიად რატიანს ტვინის შერყევაც დაუდგინეს და 25 დეკემბერს, სასამართლო სხდომის დაწყებამდე, საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება და მისი საავადმყოფოში გადაყვანა. შედეგად სხდომა გადაიდო, გამოცხადებული ვერსიით, პროცესი 17 იანვარს დაინიშნა, თუმცა, როგორც ოდნავ მოგვიანებით დაცვის მხარეს შეატყობინეს, სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება.
ჩვენ ვართ აქტიურად ჩართულები იმისთვის, რომ გამოძიება წარიმართოს ისე, როგორც საჭიროა და დადგინდეს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა იმ გარემოებებს ადგილი, რაზეც ბატონი ზვიად რატიანი მიუთითებს...ანა ნასრაშვილი
ზვიად რატიანი პოლიციამ 23 დეკემბერს, ღამით, შს სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეიდის დროს თამარ მეფის გამზირზე დააკავა და, როგორც თავად აცხადებს, რამდენიმე სამართალდამცველი მას რამდენიმე საათის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა და მოკვლითაც ემუქრებოდა. იმ ღამით ზვიად რატიანს ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა და, დაზარალებულის თქმით, სწორედ ქურთუკის ფერმა გამოიწვია სამართალდამცველების დამცინავი რეაქციები და აგრესია, შემდეგ კი ის არაერთგზის გახდა პოლიციელების ძალადობის სამიზნე - მათ შორის ავტომობილით გადაყვანისასაც.
როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტი, ზვიად რატიანის ადვოკატი ანა ნასრაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დამნაშავე სამართალდამცველები სათანადოდ დაისაჯონ:
„ჩვენ ვართ აქტიურად ჩართულები იმისთვის, რომ გამოძიება წარიმართოს ისე, როგორც საჭიროა და დადგინდეს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა იმ გარემოებებს ადგილი, რაზეც ბატონი ზვიად რატიანი მიუთითებს. ამისთვის ჩვენი მოლოდინი არის და ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ პროკურატურამ მას დროულად მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი, ასევე დროულად ამოიღოს ის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც არსებობს, სავარაუდოდ, პოლიციისა და ბატონი ზვიადის კომუნიკაციის სხვადასხვა ადგილებში და ისევ და ისევ გამოძიების ვალდებულებაა, დაადგინოს ყველა ის პოლიციის თანამშრომელი, რომლებმაც განახორციელეს ეს უკანონო ქმედებები და, მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მისცეს ისინი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში“.
თბილისის პროკურატურაში ზვიად რატიანის დაკითხვა 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, აუცილებელი იყო, რომ ზვიად რატიანს გამოძიებისთვის ამომწურავი ინფორმაცია საწყის ეტაპზევე მიეწოდებინა. მან დეტალურად აღწერა ინციდენტის განვითარება და რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები. დაკავებული ზვიად რატიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დარბაზიდან გაათავისუფლა.
ის ჩანაწერები გვაჩვენეთ, სადაც მას სცემდნენ და აწამებდნენ და რას უშვებოდნენ - ფაქტობრივად, სიკვდილს არის გადარჩენილი. ამიტომ, ეს არის დანაშაული და ჩვენ ვითხოვთ ძალიან მკაფიო და არა ფარისევლურ და თვალთმაქცურ რეაქციას სახელმწიფოსგან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან...ლაშა ბუღაძე
ოფიციალური ინფორმაციით, „2017 წლის 24 დეკემბერს ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ზ.რ.-ს მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით“. მთავარი პროკურატურის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ამ განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ლაპარაკია არაერთ სამართალდამცველზე, თუმცა ჯერჯერობით, ასევე ოფიციალური ინფორმაციით, უფლებამოსილება შეჩერებული აქვს მხოლოდ ერთ თანამშრომელს.
დაცვის მხარეს ჯერჯერობით არ უნახავს 23 დეკემბრის ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც თავდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 24 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ახსენა. მისი განცხადების დიდი ნაწილი ზვიად რატიანის ქცევასა და მისი პასუხისმგებლობის საკითხს შეეხებოდა. ითქვა, რომ ვიდეომასალაში აღბეჭდილ ფაქტთან დაკავშირებით ზვიად რატიანის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, და 166-ე მუხლს, რაც ხულიგნობას გულისხმობს:
„ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც მათ არ აძლევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა, მაგრამ ამ დროისთვის არ მიიჩნევს სწორად საჯაროდ გამოიტანოს უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაში შანტაჟის ნიშნები დაინახეს ზვიად რატიანის კოლეგებმა და მეგობრებმა, რომლებმაც 24 დეკემბერს საპროტესტო აქციაც გამართეს და შემდეგ საგანგებო განცხადებები გააკეთეს. მაგალითად, როგორც მწერალმა ლაშა ბუღაძემ განაცხადა, შს სამინისტრო ვალდებულია გაასაჯაროოს ვიდეოჩანაწერები არა ზვიად რატიანის ქმედებებთან კავშირში, არამედ მოძალადე სამართალდამცველების მამხილებლად:
„ნუ აშანტაჟებთ ზვიად რატიანს აბსოლუტურად უაზრო, რაღაცნაირი ჩანაწერებით... ის ჩანაწერები გვაჩვენეთ, სადაც მას სცემდნენ და აწამებდნენ და რას უშვებოდნენ - ფაქტობრივად, სიკვდილს არის გადარჩენილი. ამიტომ, ეს არის დანაშაული და ჩვენ ვითხოვთ ძალიან მკაფიო და არა ფარისევლურ და თვალთმაქცურ რეაქციას სახელმწიფოსგან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან“.
პარალელურად, ადამიანის უფლებათა დამცველები და იურისტები მწვავედ აკრიტიკებენ შს სამინისტროს მიერ 22-24 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ საპოლიციო კონტროლსა და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს (ე. წ. რეიდებს). მაგალითად, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) განცხადებაც გამოაქვეყნა და, როგორც ორგანიზაციის იურისტმა გურამ იმნაძემ განმარტა რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას, პოლიციის შესახებ კანონის 24-ე მუხლში გაწერილი პროცედურები ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და შეუძლებელია კონკრეტული საზღვრებისა და კონტურების გამოკვეთა. საპოლიციო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა დასაბუთებული არც მინისტრის ბრძანებაში ყოფილა და ხარვეზები გამოიკვეთა პრაქტიკის დონეზეც - მაგალითად, როცა საპოლიციო კონტროლის ფარგლებში სამართალდამცველები არ იყვნენ აღჭურვილი მოქმედი სამხრე კამერებით და ისინი მოქალაქეებს თავიანთი მობილური ტელეფონების საშუალებით იღებდნენ. იურისტის თქმით, ასეთ პირობებში ძალიან ძნელია ლაპარაკი ადამიანის უფლებების დაცვაზე.