ნიდერლანდების კომპანია PAL-V (“Personal Air and Land Vehicle”) იწყებს მფრინავი ავტომობილების გაყიდვას. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, რობერტ დინგემანსემ განაცხადა, PAL-V-მ მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ მოახერხა შეექმნა მფრინავი ავტომობილი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ასრულებს უსარფთხოების მოთხოვნებს და საგზაო და საჰაერო ტრანსპორტისთვის მოქმედ წესებს. კომპანიის თანახმად, ესაა მსოფლიო მასშტაბით პირველი სერიულად წარმოუბული დასაკეცი ავტომობილი, რომელიც პროპელერითაა აღჭურვილი.
Your browser doesn’t support HTML5
ბაზარზე ამ ახალი პროდუქტის გამოსვლით არსულდება ძველი ოცნება. საავტომობილო ხერგილებში გაჭედილ მრავალ მძღოლს უოცნებია გადაადგილების ასეთ საშუალებაზე. მსგავსი პროექტები ჯერ კიდევ 40-იან წლებში არსებობდა აშშ-ში. გამომგონებელმა მოლტონ ტეილორმა ააგო კიდეც მანქანა, რომელიც გარეგნობით თვითფრინავს ჩამოჰგავდა, ჰქონდა მოკლე ფრთები და ოთხი ბორბალი. მას aerocar ეწოდებოდა. არსებობს ძველი კინოკადრები, რომლებზეც აღბეჭდილია, როგორ ჯდება ტეილორი „აერომანქანით“ მიწაზე.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მფრინავი მანქანების თემით სერიოზულად იყო დაკავებული საავტომობილო კომპანია „ფორდი“. მაგრამ საბოლოოდ პროექტზე უარი თქვეს, ვინაიდან იგი ძალზე დიდ ენერგიას მოიხმარდა. მას შემდეგ იყო მფრინავი ავტომობილის შექმნის სხვადასხვა მცდელობა, მაგრამ ვერცერთმა ვერ მოახერხა სერიულ წარმოებამდე მისვლა.
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ტექნოლოგიის განვითარებამ შესაძლებელი გახადა ოცნების საქმედ ქცევა და სერიული წარმოების დაწყება. სპეციალისტების ნაწილი იმასაც კი ამბობს, რომ მფრინავი ავტომობილი უფრო შეძლებს ბაზარზე თავის დამკვიდრებას, ვიდრე უმძღოლო ავტომობილი. როგორც „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ იტყობინება, მფრინავი ავტომობილის თემით უკვე დაინტერესდნენ ისეთი კონცერნები, როგორებიცაა Uber-ი, Google-ი და Airbus-ი. მაგალითად, Uber-ში ფიქრობენ, რომ დაახლოებით ათი წლის შემდეგ აშშ-ის ყველა დიდ ქალაქში იქნება მფრინავი ტაქსების ქსელი, რომელიც ქალაქგარეთ მცხოვრებ მუშახელს მიიყვანს სამსახურამდე.
PAL-V-ის პროდუქტი არის სამთვლიანი ავტომობილი. მას უკანა ნაწილში დამონტაჟებული აქვს ვერტმფრენის როტორი, რომელიც ბენზინის ძრავაზე მუშაობს. ფაქტობრივად, ესაა მინივერტმფრენი, რომელსაც როტორი ეკეცება და სახურავზე უმაგრდება. იკეცება უკანა ფრთებიც, რაც მანქანის საერთო სიგრძის შემცირების საშუალებას იძლევა. საგზაო მდგომარეობაში მისი სიგრძე ოთხ მეტრამდეა, ანუ ჩვეულებრივი ავტომობილის ზომისაა. PAL-V-ის თანახმად, ამჟამად ბაზარზე გამოდის მფრინავი ავტომობილის ორი ვარიანტი. ერთის ფასია 499 ათასი ევრო, მეორისა კი - 299 ათასი ევრო. მანქანა ჯერჯერობით ძალზე მცირე რაოდენობით გამოვა: კომპანია 2019 წლამდე ასი მფრინავი ავტომობილის წარმოებას და გაყიდვას გეგმავს.
საავტომობილო გზებზე ამ ორადგილიან ავტომანქანას 170 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლია, ჰაერში - უფრო მეტის. მანქანის სამართავად მძღოლს უნდა ჰქონდეს კერძო თვითმფრინავების მართვის უფლება. მანქანის ჰაერში ასაფრენად საჭიროა ოფიციალური აეროდრომი. ანუ პირდაპირ ავტოხერგილიდან ჰაერში აფრენა კვლავაც ოცნებად რჩება.
კომპანია მიიჩნევს, რომ მისი მფრინავი ავტომობილი განსაკუთრებულ დახმარებას გაწევს ისეთ რეგიონებში, სადაც პოლიციელებსა და ექიმებს სამსახურებრივი ამოცანების შესასრულებლად ხშირად უწევთ ხოლმე კუნძულიდან კუნძულზე გადაფრენა.