მესხური საახალწლო ტრადიციები

2015 წელს იმედით ხვდებიან საქართველოს სამხრეთში. მართალია, წინასაახალწლო ტრადიციიდან ბევრი რამ უკვე დავიწყებას მიეცა, მაგრამ არის დეტალები, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩენილია მესხეთის სოფლებში და ადგილობრივები მას ერთგულად იცავენ. მესხების რწმენით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ დაიცავს ადამიანი ახალი წლის მიგებების წესს, რადგან ამ დღეზეა დამოკიდებული მათი ოჯახის კეთილდღეობა. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიაში მცხოვრები უხუცესი ცირა ზაზაძე მესხურ საახალწლო ტრადიციებს იხსენებს.

მესხეთში მნიშვნელოვანია სუფრის თავში ოჯახის უფროსის დაჯდომა მას შემდეგ, რაც იგი ახალ წელს ჭიქა ღვინითა და ტკბილეულით მარანსა და საქონლის სადგომს შემოივლის. ოჯახის დიასახლისების ტრადიცია მესხური ფურნის დანთებაა, სადაც საახალწლო პურსა და ნამცხვრებთან ერთად ბედის ქადაც ცხვება, რომელიც ბედობა დღეს, ორ იანვარს, იჭრება. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია. 70 წლის შუშანა ტატალაშვილი ფურნის დანთებისა და კაკლის გაგორების საახალწლო ტრადიციაზე ამახვილებს ყურადღებას.

ტრადიციის მიხედვით, მესხები წინასაახალწლოდ, დოვლათისა და ბარაქის დაბრუნების სიმბოლოდ, განათხოვრებულ ჭურჭელსა და ავეჯს იბრუნებდნენ. სახლის დასუფთავების შემდეგ დიასახლისი იწყებდა საახალწლო კვერების, ე.წ. ბასილას ცხობას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში მცხოვრები უხუცესი ნანო ინასარიძე რადიო თავისუფლებას მესხურ საახალწლო ტრადიციებს აცნობს.

მესხური ტრადიციის მიხედვით, მეკვლემ ოჯახში ტკბილეული უნდა მიიტანოს და ასე დაილოცოს: ,,შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისაო, შემოვიდა ბასილიო, ეს ოჯახი პურითა და ღვინით ავსილიო“. დიასახლისები მეკვლეს ფეხებში ჩუმად ქერს უყრიდნენ და მერე წიწილებს უყრიდნენ, გამრავლდებიანო. ტრადიციების დაცვა და წინაპართა პატივისცემა მომავალი კეთილდღეობის ნიშანიაო, ამბობს 82 წლის პარმენ კაველიძე და ახალ წელს ომახიანად ულოცავს სრულიად საქართველოს.