გერმანიის საპარლამენტო არჩევნების მთავარი შედეგები და „იამაიკის“ პერსპექტივა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თავის მხარდამჭერებს მიმართავს.

ეკონომიკური სიძლიერით გერმანია რიგით მეოთხე ქვეყანაა მსოფლიოში. ის ევროკავშირისა და ნატოს წევრია და მოწინავეთა შორისაა მაშინაც, როცა საქმე ეხება თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხის − მიგრაციის პრობლემის მოგვარებას. ამიტომ ბუნებრივია ის დიდი ინტერესი, რომელიც დღეს მისკენ არის მიმართული − 24 სექტემბერს გერმანიაში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგები, უწინარეს ყოვლისა, ორი კუთხით არის მნიშვნელოვანი.

ისევ გაიმარჯვა ანგელა მერკელის პოლიტიკურმა ძალამ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მორიგი ვადითაც შეინარჩუნებს მთავრობის მეთაურის პოსტს. კენჭისყრაში ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიანულ-სოციალური კავშირისგან შემდგარ მის კონსერვატიულ ალიანსს ერგო ყველაზე მეტი ხმა − 33%. განსხვავებით გერმანიის პრეზიდენტისაგან, რომელიც ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით შეიძლება იქნეს არჩეული, კანცლერის მმართველობას ვადები არ ზღუდავს. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მერკელი − გერმანიის პირველი კანცლერი ქალი − კიდევ ოთხ წელიწადს დარჩება მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე და გაიმეორებს მართვის 16-წლიან რეკორდს, რომელიც ყოფილ კანცლერს, აწ გარდაცვლილ ჰელმუტ კოლს ეკუთვნის.

მაგრამ 2017 წლის 24 სექტემბრის შემდეგ მერკელის პოზიცია შესუსტდება. მის კონსერვატიულ ალიანსს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 8,5%-ით ნაკლებმა, ვიდრე 2013 წლის არჩევნებში. ქრისტიან-დემოკრატებისათვის ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1949 წლის შემდეგ. მერკელმა არჩევნების დღესვე, საღამოს, აღიარა, ცხადია, უკეთესი შედეგის იმედი გვქონდაო.

24 სექტემბრის არჩევნების შედეგად ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს სოციალ-დემოკრატებმაც ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, მარტინ შულცის ხელმძღვანელობით. წლების განმავლობაში, სოციალ-დემოკრატიული პარტია გერმანიის მმართველ კოალიციაში შედიოდა მერკელის ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად − და ბევრი ექსპერტისა თუ რიგითი ამომრჩევლის აზრით − ეს ორი პოლიტიკური ძალა მეტისმეტად დაემსგავსა ერთმანეთს. სოციალ-დემოკრატებმა სულ 20,5% მოიპოვეს − 2013 წელთან შედარებით 5,2%-ით ნაკლები. მათ, როგორც ჩანს, ვერ დაარწმუნეს თავიანთი ტრადიციული მხარდამჭერების ნაწილი, რომ მთავარ ამოცანად კვლავაც ისახავენ მშრომელთა უფლებების დაცვასა და სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლას. „მწარე დღე გერმანიის სოციალ-დემოკრატიისათვის“ − ასე მოიხსენია 24 სექტემბერი მარტინ შულცმა. იმავე დღის საღამოს მან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია ტოვებს მმართველ კოალიციას და ოპოზიციაში გადაინაცვლებს.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე მარტინ შულცი

პარლამენტში ომის შემდეგ პირველად მოხვდნენ ულტრანაციონალისტები

გერმანელი სოციალ-დემოკრატების ოპოზიციაში გადასვლა, სულ ცოტა, ერთი მიზეზით არის ძალიან სასიხარულო ამბავი: პარლამენტში ის უდიდესი ოპოზიციური ძალა იქნება, რაც მნიშვნელოვან ფუნქციას უკავშირდება. საპარლამენტო დებატებისას − მას შემდეგ, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემაზე საუბრობს მმართველი გუნდის წევრი − სიტყვა ეთმობა ხოლმე უდიდესი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს. ფაქტობრივად, სწორედ ის არის მთავრობის კურსის კრიტიკის მთავარი გამხმოვანებელი, პოლიტიკური დებატების კულტურის განმსაზღვრელი. ეს როლი − სოციალ-დემოკრატები ოპოზიციაში რომ არ გადასულიყვნენ − ერგებოდა ბუნდესტაგის ახალ წევრს: „ალტერნატივას გერმანიისათვის“, ცნობილს ულტრანაციონალისტური, პროვოკაციული რიტორიკით.

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი დემოკრატიული ქვეყნის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტში, 24 სექტემბრის არჩევნების შემდეგ, პირველად მოხვდნენ ულტრანაციონალისტები, ზემოხსენებული „ალტერნატივა გერმანიისათვის“. მას ხმების 12,6% ერგო. არადა, ეს პარტია სულ ოთხი წლის წინ დაარსდა, თავდაპირველად ევროსკეპტიკური და მემარჯვენე-ლიბერალური იდეებით. დროთა განმავლობაში ის მემარჯვენე პოპულიზმისაკენ გადაიხარა. გარდა იმისა, რომ მწვავედ აკრიტიკებს ევროკავშირს, „ალტერნატივა გერმანიისათვის“ დაუბრუნდა ერი-სახელმწიფოს იდეას. პარტიის მხარდამჭერთა ნაწილი „ერის მოღალატედ“ მოიხსენიებს ანგელა მერკელს იმიგრაციის საკითხში 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილებისთვის, გერმანიის საზღვრები გაეხსნა ლტოლვილთა დიდი ტალღისთვის. ამ პარტიაში არსებობს ხალხი, რომელიც დაუფარავად ემხრობა რასისტულ, ანტიისლამურ, ანტისემიტურ იდეებს; ნამდვილად საგანგაშო პოზიციაა გერმანიისათვის, რომლის მმართველმა ნაცისტებმაც, თავის დროზე, კატასტროფა დაატეხეს თავს მთელს მსოფლიოს. ბედის ირონიით, ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის მიუხედავად, „ალტერნატივას გერმანიისათვის“ მჭიდრო კავშირი აქვს კრემლთან, რასაც პარტიის ლიდერები არც მალავენ.

ანგელა მერკელი, რომელსაც, როგორც ვთქვით, ხმების სულ 30% ერგო და ახლა კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევს, გამორიცხავს „ალტერნატივასთან“ თანამშრომლობას, ისევე როგორც კოალიციას „მემარცხენეთა“ პარტიასთან. „მემარცხენეების“ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზია ის გარემოება, რომ მათს წინამორბედ პარტიებს შორის იყო სოციალისტთა (ყოფილ კომუნისტთა) პარტია, რომლის ისტორიაც უკავშირდება „დემოკრატიულად“ წოდებული გერმანიის რესპუბლიკის (გდრ-ის) მმართველ არადემოკრატიულ პოლიტიკურ ძალას.

პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" თავმჯდომარე ფრაუკე პეტრი


რა შუაშია „იამაიკა“?

ახალი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად ანგელა მერკელს, ფაქტობრივად, ერთი გამოსავალი რჩება: შექმნას კოალიცია „იამაიკა“ მწვანეებთან და ლიბერალურ პარტია „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად. რა შუაშია „იამაიკა“? გერმანიაში ფერთა ტრადიციული პოლიტიკური სიმბოლიკით, შავი ფერი ქრისტიან-დემოკრატებს ეკუთვნის, ყვითელი − ლიბერალებს, ხოლო მწვანე, ბუნებრივია − „მწვანეებს“. შავი, ყვითელი და მწვანე კი იამაიკის სახელმწიფო დროშის ფერებია.

თუმცა, ვიდრე საქმე კოალიციამდე მივა, კანცლერსა და პოტენციურ მოკავშირეებს მოელით რთული მოლაპარაკება საერთო პროგრამასა და მიზნებზე შესათანხმებლად. „მწვანეებსა“ და თავისუფალ დემოკრატებს ერთმანეთისაგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ არაერთ პრინციპულ საკითხზე: გარემოს დაცვასა და საგადასახადო სისტემაზე, მიგრაციის პრობლემასა და ევროკავშირის პოლიტიკაზე. განსხვავდება რუსეთისადმი დამოკიდებულებაც: „მწვანეები“, ისევე, როგორც მერკელის პარტია, ემხრობიან რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, ხოლო თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ქრისტიან ლინდნერი იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რომ წელს, აგვისტოში გამოაცხადა, მოდით, ერთხანს გვერდზე გადავდოთ ყირიმის ანექსიის თემაო.

24 სექტემბრის შემდეგ გერმანიაში ბევრი რამ არის გაურკვეველი და საკამათო. ამ მხრივ იშვიათ გამონაკლისად შეგვიძლია მივიჩნიოთ ლამის ერთსულოვანი დასკვნა, რომ ანგელა მერკელს თავისი კანცლერობის ყველაზე რთული ოთხწლიანი პერიოდი ელის.