გორის 41-ე და 42 -ე მაჟორიტარულ ოლქებში წინასწარი შედეგებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ორივე ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პირველი ადგილი დაიკავეს. 41-ე ოლქში იოსებ მაკრახიძემ ამომრჩეველთა ხმების 33 პროცენტზე მეტი მოიპოვა, მეორე ადგილზე 19 პროცენტით „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია იმყოფება. მან დაახლობით 600 ხმით მოუგო უშუალო კონკურენტს, საინიციატივო ჯგუფის კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილს და მეორე ტურს მიღმა დატოვა. ირაკლი ოქრუაშვილი კი უბნების დახურვიდან ნახევარ საათში გამარჯვების აღნიშვნას გეგმავდა, თუმცა ზეიმი არ შედგა. გვიან ღამით უკვე ცნობილი იყო, რომ იგი არჩევნებს აგებდა.
Your browser doesn’t support HTML5
მეორე ტური იქნება 42-ე საარჩევნო ოლქშიც, სადაც ერთმანეთს ყოფილი დეპუტატები დაუპირისპირდებიან. “ქართული ოცნების” კანდიდატმა თენგიზ ხუბულურმა ამომრჩეველთა ხმების 42 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, ბადრი ბასიშვილმა კი - 24 პროცენტი. “ქართულმა ოცნებამ” გორში ზეიმი ნაადრევად, უბნების დახურვისთანავე დაიწყო, რამაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გაკვირვება გამოიწვია. პარტიის წევრი რევაზ კახნიაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო შედეგს დაელოდოს ყველა პარტია.
თენგიზ ხუბულურის აზრით კი, ქართული ოცნება დიდი უპირატესობით იმარჯვებს და ნაადრევი ზეიმის მიზეზი ეს იყო.
გორსა და გორის რაიონში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. საოლქო კომისიაში არჩევნების დასრულების შემდეგ სამი საჩივარი შევიდა, რომლებსაც საოლქო საარჩევნო კომისია დადგენილ ვადაში განიხილავს. კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის თქმით, წინასწარი შედეგი უკვე ცნობილია და კომისია მეორე ტურისთვის მზადებას მალე დაიწყებს.
წუხელ მეორე ტურში გასულმა ირაკლი ალასანიამ მედიასთან კომენტარი აღარ გააკეთა. იგი ცესკოს საბოლოო შედეგს ელოდება. დღეს დილით იგი გორიდან თბილისში თანაპარტიელებთან შესახვედრად გაემგზავრა. სხვა პარტიების წარმომადგენლებმა კი საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს. „პატრიოტთა ალიანსის“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა ნოზაძის აზრით, მმართველი პარტია ამ არჩევნებზე იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს და ზეგავლენას ახდენდა ამომრჩევლის ნებაზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი განცხადებით, მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური 2 ნოემბრამდე გაიმართება. მაკრახიძე თუ ალასანია? ხუბულური თუ ბასიშვილი? - გორის და გორის რაიონის ამომრჩევლებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ახლო მომავალში მოუწევთ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა, მაგალითად, გორში საარჩევნო უბნებზე ნახევარზე ნაკლები ამომრჩეველი მივიდა.