„მემორიალის“ ტრაგიკული ფოტოარქივი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 28 დეკემბერს დაადგინა, რომ ორგანიზაცია „საერთაშორისო მემორიალი“ უნდა „ლიკვიდირებულ“ იქნეს. ეს ფოტოგალერეა ორგანიზაციის მიერ თავმოყრილ ზოგიერთ ფოტოს შეიცავს.



შესაძლოა, მშიერი ნადირის მიერ ამოთხრილი თავის ქალა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კოლიმაზე მდებარე გულაგის პატიმრის ტიპური საფლავის მახლობლად.

ადამიანის ნეშტის ეს შთამბეჭდავი ფოტო 1990 წელსაა გადაღებული საბჭოთა შრომის ბანაკის მახლობლად. ეს ერთ-ერთია 800-ზე მეტი ფოტოდან, რომლებსაც თავი მოუყარა „საერთაშორისო მემორიალმა“. ადამიანის უფლებების დამცველი ამ ორგანიზაციის მიზანია საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული ურიცხვი უდანაშაულო ადამიანის ხსოვნის შენარჩუნება.

28 დეკემბერს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „საერთაშორისო მეორიალის“ ლიკვიდაციის შესახებ. სასამართლოს თანახმად, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ორგანიზაცია საკუთარ მასალებს არ უკეთებდა მარკირებას „უცხოეთის აგენტის“ ოფიციალური სტატუსის შესახებ. რუსეთის ხელისუფლებამ 2016 წელს მიანიჭა „მემორიალს“ სტატუსი, რომ ის უცხოეთიდან ფინანსდება.

სასამართლოს განაჩენს ფართო პროტესტი მოჰყვა რუსეთსა და უცხოეთში. ბევრის აზრით, ეს არის რუსეთში იმ ხმების ჩაჩუმების მცდელობა, რომლებიც საბჭოთა პერიოდის საშინელებებზე მოგვითხრობენ.

შინსახკომის შენობა ტომსკის იძულებითი შრომის ბანაკში 1934 წელს. აივანზე გამოფენილ ფოტოებზე გამოსახული არიან საბჭოთა კავშირის ლიდერი იოსებ სტალინი (მარჯვნივ) და კიდევ ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი საბჭოთა პერიოდის მასობრივი პოლიტიკური მკვლელობებისთვის, საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელი ფელიქს ძერჟინსკი. შენობაზე გამოფენილ ერთ-ერთ ლოზუნგზე წერია: „მხოლოდ საბჭოების ქვეყანაში არის შესაძლებელი ადამიანის გარდაქმნა შრომის მეშვეობით“.

ფოტოარქივის შედგენა დაიწყო „მემორიალის“ შექმნისას, 1989 წელს, როცა საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთ და მათმა ნათესავებმა ორგანიზაციისთვის ფოტომასალის მიწოდება დაიწყეს.

არქივის ოფიციალური მიზანია „შევინახოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული ფურცლები, შევაგროვოთ ისტორიული საბუთები სახელმწიფო ტერორისა და მისი მსხვერპლის, რეჟიმისადმი წინააღმდეგობის და საბჭოთა ხალხის მძიმე ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.“

საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენელი ყაზახეთში, ნურ-სულთანში (მაშინდელ ცელინოგრადში), 1989 წელს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც „მემორიალის“ ფილიალის დაარსებას ეძღვნებოდა. თვითმხილველების თქმით, მან დაიყვირა: „მოსკოვში მიბრძანდით თქვენი ‘მემორიალით’.“

საბჭოთა უშიშროების ძალების წარმომადგენლები და მათ მიერ 1930 წელს კუნძულ ვაიგახის მახლობლად მოკლული ვეშაპი. იმავე წელს არქტიკულ კუნძულზე საბჭოთა შრომის ბანაკი შეიქმნა.

აბრა მიტოვებულ შრომის ბანაკში სტალინის წარუმატებელ „ტრანსპოლარულ მაგისტრალზე“. აბრაზე წერია: „მეხუთე ხუთწლიანი გეგმის შესრულება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სოციალიზმიდან კომუნიზმისკენ მიმავალ გზაზე. (სკკპ XIX ყრილობის დირექტივებიდან)“

საგამოძიებო ფოტოებზე გამოსახული ამ ახალგაზრდა ქალის საქმეს 1949 წელს იძიებდნენ მოსკოვის ლუბიანკის ციხეში. ფოტოებზე მინაწერში არაა ნახსენები მისი ბედი.

თავის ქალები ტყვიით მოკლული ადამიანებისა, რომლებიც სავარაუდოდ კრასნოიარსკის საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრები იყვნენ 1920-იან წლებში.

პატიმრები აგურების ტრანსპორტირებისას ტომსკში, 1930-იანები წლები.

იულია ოდინცოვა პირველი კაბით, რომელიც შრომის ბანაკიდან გათავისუფლებიდან ორი წლის შემდეგ შეიკერა. ოდინცოვას ბრალად ედებოდა „ანტისაბჭოთა პროპაგანდა და აგიტაცია“. 1952 წელს პატიმრობიდან გათავისუფლებამდე მან რვა წელი დაყო ციმბირის შრომის ბანაკებში.

პატიმრები პრიმიტიულ ურიკას იყენებენ შრომის ბანაკიდან მორების გასაზიდად. ლენინგრადის ოლქი, 1930-იანი წლები.

შინსახკომის (საბჭოთა საიდუმლო პოლიციის) მიერ 1932 წელს დაპატიმრებული მღვდელი (მარცხნივ) და გლეხი. მათ ბრალად ეხებოდათ კოლექტივიზაციისთვის წინააღმდეგობის გაწევა კომის რეგიონში.

შინსახკომის ოფიცერს უჭირავს წიგნი „ლენინიზმის ანაბანა“. 1932 წელი.

ხუხულა გუშაგების ძაღლებისთვის. ტრანსპოლარული მაგისტრალის იძულებითი შრომის პროექტი.

გუშაგები და იძულებითი შრომის ბანაკის სხვა თანამშრომლები ოჯახებთან ერთად. 1940 წელი.

ფეხსაცმელები მიტოვებულ შრომის ბანაკში კოლიმაზე. ფოტო გადაღებულია ექსპედიციის მიერ, რომელმაც 2002 წელს მოინახულა ბანაკი. ოდესღაც აქ პატიმრები კალასა და ურანს მოიპოვებდნენ საბადოებში.

მას შემდეგ, რაც 28 დეკემბერს „მემორიალის“ დახურვის განკარგულბეა გაიცა, ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც პირობას დებს, რომ გააგრძელებს მუშაობას: „‘მემორიალი’ უფრო მეტია, ვიდრე ორგანიზაცია, სამოქალაქო მოძრაობაზე მეტიც კი. ‘მემორიალი’ არის რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნილება, იცოდნენ სიმართლე ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული წარსულისა და მილიონობით მსხვერპლის შესახებ. არავის ძალუძს ამ მოთხოვნილების ლიკვიდირება.“

„საერთაშორისო მემორიალის“ შვილობილი ორგანიზაციაა ადამიანის უფლებების ცენტრი „მემორიალი“. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მისი დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო 29 დეკემბერს. ბრალდება იგივეა - „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის დარღვევა.