თბილისის საკრებულომ გასულ კვირაში ცვლილება შეიტანა დადგენილებაში, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის, ქანდაკების, ობელისკის, მემორიალური ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, ცნობილი პიროვნებებისთვის მემორიალური დაფის განთავსება გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, ხოლო ძეგლის დადგმა 20 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. რამ განაპირობა ახალი რეგულაციის შემოღება და უგამონაკლისოდ იმოქმედებს თუ არა ეს წესი?
სად და როდის დაიდგას თბილისში ცნობილი პიროვნების ძეგლი თუ ქანდაკება, ამიერიდან თბილისის მერიასთან არსებული სპეციალური კომისია გადაწყვეტს. კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან მერიის, საკრებულოს, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები, უკვე ერთი წელია არსებობს, მაგრამ, როგორც თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი განმარტავს, კომისია ცნობილი პიროვნებებისათვის დაფისა თუ ძეგლის დადგმის საკითხს განიხილავს. კომისიის მუშაობის პერიოდში, მისი თქმით, გამოვლინდა საკითხები, რომლებიც რეგულირებას საჭიროებს. იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ჩინოვნიკი თავისი შეხედულებისამებრ წყვეტდა, როდის და სად დაედგა თავისი ახლობლის მემორიალური დაფა თუ ბიუსტი.
Your browser doesn’t support HTML5
„როგორც გაირკვა, თბილისში არ არსებობდა გამჭვირვალე და დაბალანსებული წესი მონუმენტების, ქანდაკების, ობელისკის, მემორიალური დაფის განთავსებისათვის და არ არსებობდა მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც იმსჯელებდა ამ საკითხზე, მიიღებდა ინიციატივას საზოგადოებისგან და საზოგადოებისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს“.
რეგულაციას, რომლის თანახმადაც ცნობილი პიროვნებებისთვის მემორიალური დაფის განთავსება გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, ხოლო ძეგლის დადგმა 20 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ეთანხმება და მისაღებად მიიჩნევს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მისი აზრით, გადაწყვეტილება დაგვიანებულიც კია, თუ თბილისში რეალურად არსებულ ვითარებას გავითვალისწინებთ:
„ვცხოვრობთ ამ ქალაქში და ყველანი ვხედავთ, რომ ყველას უნდა თავისი ბებიის და ბაბუის სახელობის მემორიალური დაფა მიაკრას სადარბაზოზე, მიუხედავად იმისა, ეს ადამიანი იყო თუ არა მართლაც გამოჩენილი და ღვაწლმოსილი. ყველას უნდოდა, იმიტომ რომ მარტივი იყო და ჯდებოდა მხოლოდ დამზადების თანხა და ეს ასე არ უნდა იყოს. ასევე იყო ძეგლებთან მიმართებით. ყველა გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელი მიდგებოდა-მოდგებოდა და ადამიანი ახალი დასაფლავებული რომ იყო, ორმოცი არ იყო გასული, რომ უკვე ცდილობდნენ ქალაქში ქუჩა შეერჩიათ და მემორიალური დაფა გაეკეთებინათ და აუცილებლად ძეგლიც დაედგათ და ჩვენ ვნახეთ ერთი ძეგლი, რომელიც მარი ბროსეს მოპარული ბიუსტის კვარცხლბეკზეა დადგმული. ასეთი რამეები არ შეიძლება, იმიტომ რომ პროვინციალიზმი არის ეს და მეტი არაფერი“.
მიუხედავად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილი თბილისში არსებული მემორიალური ძეგლების მხატვრულ ღირებულებაზე არაფერს ამბობს, მისი სიტყვებით, პრობლემა არსებული ძეგლებისთვის ადგილის შერჩევის საკითხიცაა, ვინაიდან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ძეგლის რელიეფსა და გარემოსთან შერწყმის თემაც - ნორმალურ ქალაქებში არქიტექტორები და მოქანდაკეები ერთობლივად მუშაობენ. ალეკო ელისაშვილის სიტყვებით, თბილისში ხშირად შეხვდებით მოსიარულე ძეგლებს:
„კოტე მარჯანიშვილის ბიუსტი ხან ქუჩის ერთ მხარესაა, ხან მეორე მხარესაა. გია ჭანტურიას ძეგლი ჯერ ეკონომიკის სამინისტროსთან იდგა, ახლა ალექსანდრეს ბაღში დგას. ასე არ შეიძლება“.
თბილისელებმა თვალის მოკვრა თუ მოასწრეს გმირთა მოედანსა და თამარ მეფის ხიდს შორის კლდის ფერდობზე დადგმული პრომეთეს ძეგლისთვის, რომელიც, ლანდშაფტისტის შეუფერებლობის მოტივით, მალე გადაიტანეს და ახლა ბორჯომის პარკში, ჩანჩქერის სიახლოვეს, აქვს ადგილი მიჩენილი.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია მიიჩნევს, რომ ძეგლების დადგმის საკითხი ისტორიულ პერსპექტივაში უნდა იყოს განხილული და არა ემოციურ ფონზე. ამასთან, მის სიტყვებით, თბილისში დაბალი მხატვრული ღირებულების ძეგლები დგას, რის მიზეზადაც უცხოეთთან ურთიერთობის ხანგრძლივ წყვეტას, შემდგომში უკვე საბჭოთა სოციალისტური რეალიზმის ძალდატანებას ასახელებს:
„კომუნისტურ პერიოდში, განსაკუთრებით ბოლშევიკური პერიოდის მეორე ნახევარში, დაიდგა აკადემიური ძეგლები, მაგალითად, გრიბოედოევის ძეგლი ყოფილ ქორწინების სასახლესთან, ან რუსთაველის ძეგლი, აკადემიურ-სალონური, ცივი. მერე წამოვიდა ვითომ უფრო შემოქმედებითი. ითვლება, რომ ამაშუკელის გორგასალი, ქართვლის დედა, ბერძენიშვილის ქანდაკებები, განსაკუთრებით, გურამიშვილი არის შედევრები, მაგრამ არც ერთი არ არის შედევრი“.
ხელოვანი როკო ირემაშვილი კარგა ხანია ვალო იმერლიშვილთან ერთად მუშაობს მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურულ მემორიალზე. მემორიალი წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს და ავტორი იმედოვნებს, რომ უკვე შეთანხმებულ გადაწყვეტილებას, რომ მემორიალი დედაენის ბაღში დაიდგას, გასულ კვირას საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელს არ შეუშლის:
ვფიქრობ, პრობლემა ახლა ზუსტად ისაა, რომ საფლავური ესთეტიკაა შესაცვლელი. ამ ძეგლებს რომ თარიღი მოაშორო, ვერ გაიგებ, რომელ წელს დაიდგა და ის ძეგლებიც, რომლებიც მეტწილად ჩვენს ქალაქში იდგმება, არ არის თანამედროვეობასთან უნისონში...როკო ირემაშვილი
„ეს არის სტენსილი, მყარ მასალაში გადატანილი, და არის უჟანგავი ფოლადის და რკინის თამაში, რომელიც აბსოლუტურად ახალი მიდგომა და ახალი ხედვაა, ისევე როგორც ირაკლი ჩარკვიანის პერსონა იყო სიახლე საქართველოს ალტერნატიულ კულტურაში. მისი სკულპტურა წარმოუდგენელი იქნებოდა სტანდარტული საფლავური ესთეტიკით ყოფილიყო, აგული ერისთავის ესთეტიკით, ასე ვუწოდებ, და ამიტომ გამორჩეული ფორმა მიეცა, როგორი გამორჩეულიც თვითონ იყო“.
როკო ირემაშვილი ფიქრობს, რომ 20-წლიანი შეზღუდვის დაწესება მაინც არ არის გამართლებული, რადგან ამ გადაწყვეტილების უგამონაკლისოდ შესრულების შემთხვევაში, მაგალითად, თბილისში მომდევნო 20 წლის განმავლობაში ვერ დაიდგმება ომში დაღუპული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, მემორიალი, მაშინ როცა ევროპის ბევრ ქალაქში, არსებული შეზღუდვის მიუხედავად, გამონაკლისებს მაინც უშვებენ, ისე როგორც ლონდონის ცენტრალურ ნაწილში 2014 წლის სექტემბერში გარდაცვლილი მომღერლის, ემი ვაინჰაუსის, ბრინჯაოს სკულპტურა დაიდგა.
როკო ირემაშვილი ფიქრობს, რომ დროა თბილისში ქართული ფილმის, „არაჩვეულებრივი გამოფენის“, მოქანდაკე აგული ერისთავის სტანდარტი - „ცხვირი ჰგავს? - ჰგავს, თვალი ჰგავს? - ჰგავს“ - შეიცვალოს:
„ვფიქრობ, პრობლემა ახლა ზუსტად ისაა, რომ საფლავური ესთეტიკაა შესაცვლელი. ამ ძეგლებს რომ თარიღი მოაშორო, ვერ გაიგებ, რომელ წელს დაიდგა და ის ძეგლებიც, რომლებიც მეტწილად ჩვენს ქალაქში იდგმება, არ არის თანამედროვეობასთან უნისონში“.