თითქოს ტანსაცმლის მოდა წარსულში ბრუნდება და იმაზე, რასაც ბებიები იცმევდნენ, დღესაც ძალიან დიდი მოთხოვნილებაა. ბაზარზე ჩნდება მაღაზიები, დიზაინერები ქმნიან ახალ კოლექციებს და ცდილობენ მომხმარებლის მოთხოვნა დააკმაყოფილონ.
Your browser doesn’t support HTML5
Méli-mélo სოციალურ ქსელში 3 კვირის წინ გამოჩნდა, კომპანია თავის თავში აერთიანებს ონლაინმაღაზიის და ძველმანების ბაზრობის იდეას.
ნუცა ქუთათელაზე, ირინა ბერიაშვილი და ქეთი სახვაძე სტუდენტები არიან. სწავლა ხელს არ უშლით იმაში, რომ გაეკეთებინათ ინტერნეტმაღაზია, რომელიც როგორც თვითონ ამბობენ, ქალაქში „ფერად არეულობას“ ქმნის.
ნუცა: „იდეა "Tbilisi Flea Market"-დან წამოვიდა. სადაც სახლიდან გატანილ სხვდასხვა ნივთებთან ერთად ტანსაცმელიც იყო. შემდეგ ისე მოხდა, რომ ძველმანების ბაზრობა რაღაც პერიოდი აღარ იმართებოდა. დარჩენილი ტანსაცმელი კი იმდენი იყო, რომ კარადაში ვეღარ ვტევდით. ვიფიქრეთ, გაგვეკეთებინა ინტერნეტმაღაზია. ირინამ დიზაინი, ლოგო შექმნა და ჩვენს start up-ს საბოლოო სახეც მიეცა“.
Meli-Melo კოლექციას კვირაში ერთხელ აახლებს. დიდი ყურადღება ექცევა ვიზუალურ მხარესაც, კომპანია თანამშრომლობს ფოტოგრაფ დემეტრე დათიაშვილთან, რომლის მიერ გადაღებულ ფოტოებსაც Meli-Melo-ს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ნახავთ. როგორც ირინა ამბობს, კომპანიის სახელიდან გამომდინარე, აქცენტი ფერად ტანსაცმელზე კეთდება. ბაზარზე კონკურენცია დიდია.
ირინა: „facebook-ზე სხვა გვერდებსაც ნახავთ, რომლებიც მომხმარებელს დაბალ ფასს სთავაზობენ, კონკურენცია მაღალია. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ვიზუალურ მხარეს და ალბათ ამითაც გამოვირჩევით.“
ნუცა: „მომხმარებელთანაც მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს და ვცდილობთ მათი ერთგულებაც დავიმსახუროთ. გარდა ფასებისა, ვფიქრობთ, რომ ურთიერთობის დონეზეც წარმატებულები ვართ.“
Meli-Melo-ში ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ქალის ტანსაცმელი იყიდება. პროდუქტზე ფასები 5 ლარიდან იწყება. მომხმარებლის ასაკი კი 16-დან 27 წლამდეა. პერიოდულად კომპანია ფასდაკლებებსაც გვთავაზობს, მაგალითად, ეგრეთწოდებული „შავი პარასკევის“ ნაცვლად „წითელი ორშაბათი“ და სხვა.
ნუცა: „მიუხედავად იმისა, რომ სამი კვირაა, რაც გამოვჩნდით, უკვე ბევრი გვწერს და მოლოდინიც დიდია. Start up-ის მინუსი ხშირ შემთხვევაში ისაა, რომ წარმატების მიღწევის შემდეგ ჩერდებიან. ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. ერთის მხრივ, მომხმარებელს მოვუწოდებთ, სიახლე ეძებონ სამოსში, მეორე მხრივ კი, ჩვენ თავზე ვმუშაობთ და მალე ახალ პროექტებსაც შემოგთავაზებთ.“