2 ივნისს მეკლდეურებმა Facebook-ზე გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იძულებულნი გახდნენ კაცხის სვეტთან მდებარე კლდე, რომელსაც წლების განმავლობაში საცოცად გამოსადეგად ამზადებდნენ, დაეტოვებინათ და ალტერნატიული ადგილის მოწყობაზე ზრუნვა დაეწყოთ. მეკლდეურები ამბობენ, რომ კლდის ძირში არსებული ტერიტორია სასულიერო პირებმა შემოღობეს, როგორც ტაძრის კუთვნილი, და იქ შესვლა უცხო პირებისთვის აკრძალეს.
იმ შემთხვევაში კი, როდესაც სპორტსმენები მაინც შედიოდნენ, სასულიერო პირები აფრთხილებდნენ, სცმოდათ გრძელსახელოებიანი მაისურები, გრძელი შარვლები და არ ეხმაურათ, რაც სპორტის ამ სახეობის მიმდევრისთვის, კლდეზე ცოცვისას, საკმაოდ ძნელად შესასრულებელი მოთხოვნებია.
2 ივნისს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიქაელ ბოტკოველმა, ამ ფაქტზე საუბრისას სააგენტო on.ge-ს განუცხადა, რომ სასულიერო პირების მხრიდან სპორტსმენების არასასურველ მდგომარეობაში ჩაყენება მხოლოდ მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული.
"იქ რა ხდება, ზუსტად არ ვიცი. ალბათ, ერთადერთი მიზეზია უსაფრთხოება. ხომ შეიძლება, რომ, თუ ეს მართლაც საპატრიარქოსთვის გადაცემული მიწაა, და ეს კოშკი ხომ შემაღლებულ ადგილზეა, რაიმე რომ დაემართოთ ადამიანებს, პასუხს ვის მოსთხოვენ? სხვა კლდე არ არის, რომ იქ არ ივარჯიშონ? თუ იქ სიწმინდეა, ტაძარია, იქ რატომ უნდა ივარჯიშონ?" - განუცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა on.ge-ს.
3 ივნისს "თავისუფლების დილაში" ტელეფონით ჩაგვერთო მეკლდეური ანა დულარიძე, რომელიც ამ კონკრეტული კლდის მნიშვნელობაზე და, ზოგადად, მეკლდეურების წინაშე არსებულ პრობლემებზე გვესაუბრა.
Your browser doesn’t support HTML5