ქართველი და ოსი ანალიტიკოსები თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ

ქართველი და ოსი ანალიტიკოსების შეხვედრა

ქართველი და ოსი პოლიტოლოგები თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართულ-ოსური კონფლიქტის კვლევის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა ერთობლივი კრებული შექმნეს. „ქართულ-ოსური კონფლიქტი – მშვიდობის ძიებაში“ – ასე ჰქვია კრებულს, რომელიც, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ინიციატივით, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით გამოიცა. ქართველი და ოსი ავტორების მიზანი არ ყოფილა 2008 წლის აგვისტოს ომის ანალიზი, მათ აქცენტი ომის შემდგომ პერიოდზე, ნდობის აღდგენის, სამოქალაქო დიალოგის პერსპექტივასა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაზე გააკეთეს. პოლიტოლოგები, მეისონის უნივერსიტეტის მიერ მოწყობილი საზოგადოებრივი დიალოგის ფარგლებში, ხშირად ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს. ბოლო შეხვედრისას საუბარი მომავალი თანამშრომლობის შესახებაც გაიმართა. შემოდგომისთვის იგეგმება სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის დაფუძნება. შეიქმნება ინტერნეტგამოცემა და კავკასიელ პოლიტოლოგებს და კონფლიქტოლოგებს უკვე აქ შეეძლებათ საკუთარი კვლევების გამოქვეყნება. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი გია თარხან–მოურავი აცხადებს, რომ პოლიტიკური მეცნიერების ქართული ასოციაცია უკვე შექმნილია, აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგებისგან კი თანხმობა უკვე არსებობს კავკასიური ასოციაციის დაფუძნების თაობაზე. თარხან–მოურავის აზრით, ამ ასოციაციასთან აფხაზი და ოსი პოლიტოლოგებიც ითანამშრომლებენ, რადგან ამის პრეცედენტი უკვე არსებობს.

ოსი პოლიტოლოგი კოსტა ძუგაევი დადებითად აფასებს ქართველი და ოსი ანალიტიკოსების თანამშრომლობას. მისი აზრით, ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გამოქვეყნებული ნაშრომები პოლიტიკოსებისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოდ უნდა იქცეს.

პოლიტოლოგების აზრით, ქართულ–ოსური კონფლიქტი ნაკლებადაა შესწავლილი და ეს სიცარიელე აუცილებლად უნდა შეივსოს. ქართველ და ოს ავტორებს შორის არ არის ტერმინოლოგიური და, ხშირ შემთხვევებში, არც შინაარსობრივი თანხვედრა. მაგალითად, რასაც ოსური მხარე სახელმწიფო საზღვარს უწოდებს, ქართული მხარე ადმინისტრაციულად მოიხსენიებს. ამის მიუხედავად, წინა კრებულში შესული ყველა სტატია კონსტრუქციულ ჭრილშია განხილული და იგრძნობა, რომ ექსპერტები ერთმანეთისადმი პატივისცემით არიან გამსჭვალულნი. მათი აზრით, რთული ვითარებიდან გამოსავალს პოლიტიკოსები ვერ პოულობენ, ამ დროს კი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა და მცირედი წვლილის შეტანა ნდობის აღდგენის საქმეში მნიშვნელოვანია.