„ფრიდომ ჰაუსი“: მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებული მაჩვენებელი

„ქვეყნები გარდამავალ ეპოქაში 2018“, რუკა

„ქვეყნები გარდამავალ ეპოქაში 2018“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა 11 აპრილს ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“, რომელშიც შეაფასა ბალტიისპირეთის, ცენტრალური ევროპის, ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 29 ქვეყანაში არსებული ვითარება შვიდი მიმართულებით:

  • ცენტრალური დემოკრატიული მმართველობა
  • საარჩევნო პროცესი
  • სამოქალაქო საზოგადოება
  • მედიის დამოუკიდებლობა
  • ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა
  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა
  • კორუფცია

29 ქვეყანას შორისაა საქართველოც, რომლის საერთო რეიტინგი 4,61-დან 4,68-მდე დაეცა. „ფრიდომ ჰაუსი“ ჩამოთვლილ სფეროებს აფასებს სკალით, რომლის მიხედვითაც, 1 საუკეთესო მაჩვენებელია, 7 - ყველაზე ცუდი.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში მდგომარეობა გაუარესებულია ორი მიმართულებით:

  • მედიის დამოუკიდებლობა: 4 (2017) – 4,25 (2018)
  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა: 4,75 (2017) – 5 (2018)

მართალია, ქულების გაუარესება არ აღინიშნება ქვეყანაში ცენტრალური დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით, მაგრამ ანგარიშის ავტორები მაინც მიუთითებენ რამდენიმე საყურადღებო დეტალზე - მათ შორის, მმართველი პარტიის პოლიტიკური ძალაუფლების უარყოფით გავლენაზე, რომელმაც განსაკუთრებით იჩინა თავი 2017 წელს. ამ თვალსაზრისით, ისინი აქცენტს აკეთებენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და წერენ, რომ, საერთაშორისო საზოგადოებასთან გამართული კონსულტაციების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა დიდწილად არ მიიღო მხედველობაში ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეკომენდაციები.

არაფორმალური მმართველობა - ეს არის კიდევ ერთი საკვანძო დაბრკოლება საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის, ფუნქციონირებისათვის. ანგარიშის მიხედვით, ფართოდაა ცნობილი, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არაფორმალური გავლენით სარგებლობს. ანგარიშის ავტორები იმოწმებენ 2017 წლის ივნისში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული მოსახლეობის 59 % კვლავაც თვლის, რომ ივანიშვილი „ხელისუფლების საქმიანობაში გადაწყვეტილების მიმღები პირია“.

რაც შეეხება სფეროებს, სადაც, გასულ წელთან შედარებით, ვითარება გაუარესებულია, ანგარიშის ავტორები გაუარესების მიზეზებს პუნქტებად გამოყოფენ.

მედიის დამოუკიდებლობა: 4 (2017) – 4,25 (2018)

მიუხედავად იმისა, რომ, ანგარიშის ავტორთა თქმით, საქართველოში მედიალანდშაფტი პლურალური და კრიტიკულია და, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო სივრცე უზრუნველყოფს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებასა და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას, მაინც არსებობს ოთხი ნეგატიური მიმართულება, რომელიც ხელს უშლის მედიის დამოუკიდებლობას:

  • მიმდინარე დავა კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებით, რამაც, ტელეკომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ფინანსური პრობლემები გამოიწვია.
  • ​სამი კერძო პროსახელისუფლებო ტელეკომპანიის (ტელეკომპანია „იმედი“, GDS და „მაესტრო“) შერწყმა. 2012 წლამდე, ანუ ხელისუფლების შეცვლამდე, ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „იმედი“ მმართველი გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“, მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი მათ სარედაქციო პოლიტიკა მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეცვალეს.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება ახალი მმართველობის პირობებში. 2017 წლის იანვარში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად აირჩიეს ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც მანამდე მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ორ ტელეკომპანიაში, GDS-სა და მეცხრე არხზე. ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი გადაცემები დახურა. დაიხურა ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, რომლის საშუალებითაც ხდებოდა პარლამენტის სხდომების ტრანსლირება.
  • აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, უკანონო გატაცება.

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა: 4,75 (2017) – 5 (2018)

ანგარიშის თანახმად, სასამართლო სისტემა დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა საქართველოსთვის „აქილევსის ქუსლად“. მიუხედავად მიმდინარე რეფორმებისა, სასამართლო სისტემა საზოგადოებაში იწვევს უნდობლობას და განცდას, რომ ეს სისტემა პოლიტიზებულია.

  • 2017 წელს საქართველოში სასამართლო სისტემის რეგრესად უნდა მივიჩნიოთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, უკანონო დაკავება და მისი აზერბაიჯანში ექსტრადირება.
  • მცირე, მაგრამ მზარდი რიცხვი პოლიტიკური ზეგავლენით ნაკარნახევი სასამართლო გადაწყვეტილებებისა უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ.
  • 2017 წლის მარტში გამოქვეყნდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად პოზიტიური ფორმალური ცვლილებებისა სასამართლო სისტემაში, ქართველი მაღალჩინოსნები არ გამოხატავენ პოლიტიკურ ნებას საიმისოდ, რომ სასამართლო სისტემა დეპოლიტიზებულ იქნეს და მან დამოუკიდებელი ფუნქციონირება განახორციელოს.
  • უკანასკნელ წლებში მმართველმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“, უმეტესწილად უარი თქვა ე. წ. სამართლიანობის აღდგენაზე, რომელიც გულისხმობდა კორუფციასა და კრიმინალურ ქმედებებში ეჭვმიტანილი ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნასა და დაკავებას, თუმცა ანგარიშის ავტორები წერენ, რომ კვლავაც მიმდინარეობს პროცესი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიმსახურა კრიტიკა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან „შერჩევითი სამართლისა“ და „პოლიტიკური ვენდეტის“ გამო ყოფილი მაღალჩინოსნების მისამართით.
  • 2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში დააკავეს და უკანონოდ გადასცეს აზერბაიჯანს, რის გამოც საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა საქართველოს მიმართ არაერთხელ გამოთქვეს კრიტიკული მოსაზრება ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით.
  • შესაძლოა, 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე სადავო საქმე იყოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გადაეცა მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დიდი ნაწილისგან აღქმული იქნა, როგორც მცდელობა გაეჩუმებინათ ქვეყანაში კრიტიკულად განწყობილი ერთადერთი ტელევიზია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს.
  • 2017 წლის ნოემბერში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, შეწყდა სასამართლო დევნა 69 გრამი მარიხუანის მოხმარებისათვის ბრალდებული ბექა წიქარიშვილის მიმართ, რომელსაც 14-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.

რაც შეეხება სფეროებს, სადაც შეფასების მაჩვენებელი უცვლელი დარჩა:

  • ცენტრალური დემოკრატიული მმართველობა (5,50)
  • საარჩევნო პროცესი (4,50)
  • სამოქალაქო საზოგადოება (3,75)
  • ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა (5,25)
  • კორუფცია(4,50)