ქართული მედიის დღევანდელობა და პერსპექტივები

კონფერენციის - ”თბილისის მედიაკონფერენცია - 2013” - ორგანიზატორები არიან კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო.

თბილისში მეორე მედიაკონფერენცია გაიმართა, სადაც ქართველმა და უცხოელმა მედიაექსპერტებმა უკანასკნელი პერიოდის მედიის ტენდენციები და გამოწვევები შეაფასეს და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. მედიაკონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“.

ახალი პოლიტიკური რეალობის გავლენა მედიაზე, სარედაქციო დამოუკიდებლობა, მაუწყებლის რეგულირება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა და მედიის ფინანსური გამჭვირვალობა - ამ თემებზე მსჯელობდნენ მედიაკონფერენციის ფარგლებში შეკრებილი ჟურნალისტები და მედიის მკვლევრები. როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ამბობს, ქართული ელექტრონული მედიის წინაშე დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულება. გიორგი კლდიაშვილის სიტყვებით, საქართველოს აქვს ძალიან ცოტა დრო ამ ვალდებულების შესასრულებლად, რაც 2006 წელს ითავა ჟენევაში საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის წინაშე და რისთვისაც თითქმის არაფერი გაკეთებულა:

„თუ არ მოხდება დროულად ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტა და მთლიანად გამართვა როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სამართლებრივი ბაზის, მოხდება ის, რომ გადაფარვის ზონები დაირღვევა და შეიძლება საქართველოში - განსაკუთრებით, განაპირა რეგიონებში - ვერ გავრცელდეს ქართული სამაუწყებლო სიგნალი. ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას ახლავს თან და ჩვენ კიდევ, ალბათ, ყველაზე უფრო უკან ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის“.

ბევრად უფრო ობიექტურად გააშუქა ქართულმა ონლაინმედიამ საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა პრობლემად რჩება ფაქტების ზედაპირული გაშუქება. ჩვენ არ ვგულისხმობთ საინფორმაციო სააგენტოებს, რომელთაც მხოლოდ ფაქტების გაშუქება ევალებათ...
გიორგი ჯოლოგუა
მედიაკონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ონლაინმედიის განვითარების პერსპექტივებზე. როგორც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მედიის კვლევების ხელმძღვანელი გიორგი ჯოლოგუა ამბობს, ზოგადად არის ტენდენცია ყველა მედიასაშუალებას ჰქონდეს თავისი ონლაინსივრცე, თუმცა არის სპეციფიკური ონლაინგამოცემები და კვლევის 2-წლიანი პერიოდი უჩვენებს, რომ პოლიტიზებულობის მასშტაბი ონლაინმედიაში შემცირდა:

„ბევრად უფრო ობიექტურად გააშუქა ქართულმა ონლაინმედიამ საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა პრობლემად რჩება ფაქტების ზედაპირული გაშუქება. ჩვენ არ ვგულისხმობთ საინფორმაციო სააგენტოებს, რომელთაც მხოლოდ ფაქტების გაშუქება ევალებათ. ჩვენ ვგულისხმობთ საინფორმაციო პორტალებს, რომელთაც მეტი თავისუფლება აქვთ, და ეს მათთვისვე იქნება უკეთესი, თუ შეეცდებიან უფრო ღრმად ფაქტების გაშუქებას. მეტი კრიტიკული ანალიზი და სიღრმისეული მოკვლევაა საჭირო საკითხების. ასევე აჯობებდა, სხვადასხვა მხარეების - თუნდაც დაპირისპირებული მხარეების - მოსაზრებები ყოფილიყო წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ყველაზე ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ ინტერნეტპორტალების უმეტესობა ძალიან ზედაპირულად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს“.

ამასთან, გიორგი ჯოლოგუა ამბობს, რომ ტელევიზიებისა და ბეჭდური გამოცემების ინტერნეტვერსიები მაინც ვერ უწევენ კონკურენციას საინფორმაციო ინტერნეტპორტალებს.

ამავე დროს, მედიის პოლიტიზებულობა მაინც ისევ ისეთი მაღალი ხარისხისაა, როგორიც იყო. ყოველ შემთხვევაში, ესა თუ ის ელექტრონული მედია ამა თუ იმ პოლიტიკური მხარის მხარდამჭერად გვევლინება...
ქეთევან ხუციშვილი
ქართული მედიის მთავარ გამოწვევებად ჟურნალისტური დამოუკიდებლობის, ასევე ფინანსური დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის საკითხების უზრუნველყოფა მიაჩნია „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ქეთევან ხუციშვილს. მისი თქმით, ბევრი გამოკვლევა მიუთითებს, რომ მედიის საერთო მდგომარეობა, ზეწოლის თვალსაზრისით, გაუმჯობესებულია:

„ამავე დროს, მედიის პოლიტიზებულობა მაინც ისევ ისეთი მაღალი ხარისხისაა, როგორიც იყო. ყოველ შემთხვევაში, ესა თუ ის ელექტრონული მედია ამა თუ იმ პოლიტიკური მხარის მხარდამჭერად გვევლინება. ეს არ არის საერთო მოვლენა, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ამასთან, რჩება და კიდევ სახეზე იქნება ფინანსური დამოუკიდებლობის პრობლემა, იმიტომ რომ საერთოდ სარეკლამო ბაზარი საქართველოში ჯერ კიდევ მწირია, რომლის გაზრდაც სერიოზულად ვერ ხერხდება, იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს. ამიტომ, გვინდა ეს თუ არა, ალბათ, მაინც მოხდება მედიის შემცირება და კარგი იქნება, თუ ეს მოხდება გაერთიანების ხარჯზე - რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით და არა იძულების ხარჯზე“.

როგორც დღევანდელ მედიაკონფერენციაზე ითქვა, საქართველოს და, ზოგადად, საერთაშორისო მედიას არსებული გამოწვევები აიძულებს იყოს უფრო კრეატიული და თავისი თავი სხვადასხვა სივრცეში გამოავლინოს.