ზუგდიდში საარჩევნოდ მედიაცენტრი ამუშავდა

ზუგდიდი

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უკვე ამუშავდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრი. გახსნის ღონისძიებაზე საარჩევნო სუბიექტებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს გააცნეს ის განრიგი, რომლითაც მედიაცენტრი წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში და უშუალოდ კენჭისყრის დღეს იფუნქციონირებს.

ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, ეკა მინჯორაიას, თქმით, მედიაცენტრი იქნება ღია და ნეიტრალური სივრცე არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ სამოქალაქო სექტორისთვისაც.

Your browser doesn’t support HTML5

ზუგდიდში საარჩევნოდ მედიაცენტრი ამუშავდა

„პოლიტიკურ სუბიექტებს ვთავაზობთ ნეიტრალურ სივრცეს დიალოგისა და დებატებისთვის, ბრიფინგებისთვის. ამავე დროს, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ამომრჩევლისთვის, რომ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი“, - განაცხადა ეკა მინჯორაიამ.

საარჩევნო მედიაცენტრის სივრცით მისი გახსნის დღესვე ისარგებლა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა აუდიტორიას საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ესაუბრა. მისი სიტყვებით, მათ აქვთ რამდენიმე შენიშვნა და რეკომენდაცია, რომელიც ძირითადად ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს, ასევე უშუალოდ კენჭისყრის დღეს.

„პრობლემატურია ის, რომ გადასატანი ყუთის დამკვირვებელი შეიძლება იყოს ერთი და იგივე პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი. პრობლემატურია ის, რომ ცესკოს ექნება ის ფუნქცია, რომელიც არათანაბარ გარემოში ჩააყენებს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, რამაც, შესაძლოა, მხოლოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმოქმედოს. ამიტომაც ჩვენ დეტალური რეკომენდაციები გამოქვეყნებული გვაქვს“, - განაცხადა არჩილ თოდუამ.

საარჩევნო მედიაცენტრით 2014 წლიდან აქტიურად სარგებლობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“, რომელიც საარჩევნო პროცესებს აკვირდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, იაგო ფასანძის, განცხადებით, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასული წლების არჩევნებისას, დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობის კუთხით. მისივე თქმით,საარჩევნო მედიაცენტრი არის ნეიტრალური სივრცე როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ისე სამოქალაქო სექტორისა და მედიისთვის:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიაცენტრში იმართება შეხვედრები საარჩევნო სუბიექტებთან, მიმდინარეობს დებატები, დისკუსიები როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში. ეს ყველაფერი კი არის საზოგადოების ინფორმირებულობის ხელშეწყობა“, - განაცხადა იაგო ფასანძემ.

მედიაცენტრი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10-დან19:00 საათამდე იფუნქციონირებს, არჩევნების დღეს კი გაიხსნება საარჩევნო უბნების ამოქმედებიდან ერთი საათით ადრე და მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს.