ღია სივრცე საარჩევნო კამპანიისთვის

რუსთავი

საქართველოს ათ ქალაქში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები მუშაობენ, სადაც, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ყოველ არჩევნებზე მედიაცენტრები იხსნება. 11 ივლისს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრი გაიხსნა რუსთავშიც.

პრეზენტაციაზე ადგილობრივი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დირექტორმა ლიანა ჩარკვიანმა თქვა, რომ მედიაცენტრი ხელს შეუწყობს კანდიდატებსა და მათ ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას. შედეგად, მოქალაქეები შეძლებენ კანდიდატების საარჩევნო პროგრამების გაცნობას და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. მისივე თქმით, ჩართულობის ცენტრს საკმარისი ტექნიკური საშუალება აქვს ბრიფინგებისა და დებატების მოსაწყობად, ცალკე სივრცე - ჟურნალისტების მუშაობისთვის როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.

Your browser doesn’t support HTML5

ღია სივრცე საარჩევნო კამპანიისთვის

ღონისძიებას მედიის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ წევრი გოჩა შავაძე, რომელმაც ჟურნალისტებს მედიაცენტრთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს, პირველ რიგში, ამომრჩეველს სჭირდება. შავაძეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ფილიალის ხელმძღვანელი ეკატერინე ფავლენიშვილიც დაეთანხმა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მედიაცენტრთან საარჩევნო სუბიექტებიც უნდა თანამშრომლობდნენ.

ეკა ფავლენიშვილმა დასძინა, რომ საია ქვეყნის მასშტაბით წინასაარჩევნო მონიტორინგის განხორციელებას აპირებს, მონიტორინგი ჩატარდება რუსთავშიც და ამისთვის ადგილობრივი მედიაცენტრის მუშაობის ფორმატსაც გამოიყენებს.

ანი მელაშვილმა, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომელმა, გაიხსენა გასული წლის პრაქტიკა, როცა საპარლამენტო არჩევნების დროს ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტი ერიდებოდა მედიაცენტრის მიერ ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობას. ანი მელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარტიები წელს უფრო აქტიურები იქნებიან, რადგან ადგილობრივი არჩევნებია და მათ, პირველ რიგში, ადგილობრივი ხმები სჭირდებათ.