”ნაწილობრივ თავისუფალი” მედია საქართველოში

1 მაისს გამოქვეყნდა ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ”ფრიდომ ჰაუსის” მორიგი ყოველწლიური ანგარიში, რომელიც, 2011 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოში მედიის თავისუფლების შეფასებას ისახავს მიზნად. 197 ქვეყნისა და ტერიტორიის ნუსხაში საქართველოს კვლავაც ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების ჯგუფში ვხვდებით, თუმცა შარშანდელი მაჩვენებელი 3 ქულით გაუმჯობესდა.

მართალია, საქართველო ჯერ ისევ ახლოს დგას 61-ქულიან ზღვართან, რომლის მიღმაც უკვე ”არათავისუფალი” ქვეყნების ჩამონათვალი იწყება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველო კიდევ 3 ქულით დაშორდა ხსენებულ ზღვარს. თუკი შარშანწინდელ ანგარიშში საქართველოს 59 ქულა, შარშანდელში კი 55 ქულა ჰქონდა მიკუთვნებული, წლევანდელ ანგარიშში ქვეყანა 52 ქულით არის შეფასებული. აქვე ვთქვათ, რომ რაც უფრო დაბალია ამ ანგარიშში ამა თუ იმ ქვეყნისთვი მინიჭებული ქულა, მით უფრო თავისუფალია მედია კონკრეტულ ქვეყანაში.

აქვე განვმარტოთ, რომ “ფრიდომ ჰაუსის” ყოველწლიური რეიტინგები განისაზღვრება სამი ფართო კატეგორიის კვლევის მიხედვით, ესენია: სამართლებრივი გარემო, რომელშიც მედიას უწევს მოქმედება; პოლიტიკური ზეგავლენები ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მოვლენათა გაშუქებაზე და ეკონომიკური წნეხი ახალი ამბების შინაარსსა და გავრცელებასთან მიმართებით. რეიტინგის მიხედვით, ქვეყნები სამ ჯგუფში ერთიანდებიან. ესენია: ”თავისუფალი”, ”ნაწილობრივ თავისუფალი” და ”არათავისუფალი”. 197 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან მედია თავისუფალი მხოლოდ 66 ქვეყანაშია, 72 ქვეყანაში ის – ”ნაწილობრივ თავისუფალი”, ხოლო 50 ქვეყანაში ”არათავისუფალია”.
კომუნიკაციების ეროვნულმა ბიურომ გასცა რამდენიმე ლიცენზია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ხელისუფლების დომინანტ ძალებთან. და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რაც განასხვავებს საქართველოს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისგან ...
კრისტოფერ ვოკერი

3-ქულიანი წინსვლის გამო, ”ფრიდომ ჰაუსის” 2012 წლის ანგარიშში საქართველო, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა/ევრაზიის რეგიონის მასშტაბით, დასახელებულია გამორჩეულ ქვეყნად, რომელთან მიმართებითაც ”მნიშვნელოვანი რიცხობრივი გაუმჯობესება შეინიშნება”. ამგვარი მდგომარეობის საფუძვლად ანგარიში 3 ძირითად ფაქტორს ასახელებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მედიამფლობელობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ”მოთხოვნების ამოქმედებას” უკავშირდება; დანარჩენ ორ ფაქტორზე კი თავის კომენტარში ”ფრიდომ ჰაუსის” ვიცე-პრეზიდენტი კრისტოფერ ვოკერი ლაპარაკობს:

”ჩვენ აღვრიცხეთ რამდენიმე ახალი გამოცემის დაფუძნება და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, კომუნიკაციების ეროვნულმა ბიურომ გასცა რამდენიმე ლიცენზია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ხელისუფლების დომინანტ ძალებთან. და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რაც განასხვავებს საქართველოს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისგან, ბალტიის ქვეყნების გარდა.”

პოზიტიური ძვრების მიუხედავად, ”ფრიდომ ჰაუსის” ახალ ანგარიშში საქართველო, როგორც უკვე ვთქვით, კვლავაც ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების რიგში რჩება. თუმცა ჯგუფებად დაყოფის პრინციპს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, სადავოდ მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი:

”ნებისმიერი ორგანიზაციის კვლევაში, მით უმეტეს, თუ ეს კვლევები თვისებრივია, არის სუბიექტივიზმის ელემენტი. ამიტომ რომელი ქვეყანა ჩაითვალოს ”ნახევრად თავისუფლად” და რომელი ”თავისუფლად”, ამაზე დავა შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს.”
პრიორიტეტები, რომლებიც განსაზღვრა კომისიამ და რომლებიც იმუშავებს წელს და გაისადაც, შემოდგომამდე, არ იძლევა საშუალებას, რომ საეთერო სივრცე გაიხსნას ...
ზვიად ქორიძე

დავით დარჩიაშვილისთვის გასაგებია, რომ საქართველოში ”დემოკრატიის კონსოლიდაციას კიდევ სჭირდება დამატებითი ნაბიჯები”, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად მედიას:

”პროგრესი სახეზეა და ასეც არის მითითებული ”ფრიდომ ჰაუსის” დასკვნაში. და იქვეა მითითებული, თუ რას ეყრდნობა, მათი ვარაუდით, ეს პროგრესი - ეს ეხება როგორც მედიამფლობელობის გამჭვირვალობას, ასევე მედიასაშუალებებისთვის ლიცენზიების მიცემის საკითხს და სხვა.”

სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებული ფაქტორი, რასაც ”ფრიდომ ჰაუსი” მართლაც ასახელებს საქართველოს 3-ქულიანი წინსვლის ერთ-ერთ იმპულსად, მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის აზრით, მოჩვენებითია. ის ამბობს, რომ საქართველოში სამაუწყებლო სივრცე კვლავაც შეზღუდულია:

”ფორმალურად სცადა იმავე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომ გაეხსნა ეს სფერო, მაგრამ ისევ არ გაცემულა ლიცენზია საერთო მაუწყებლობაზე. პრიორიტეტები, რომლებიც განსაზღვრა კომისიამ და რომლებიც იმუშავებს წელს და გაისადაც, შემოდგომამდე, არ იძლევა საშუალებას, რომ საეთერო სივრცე გაიხსნას.”

ამ და არაერთ სხვა სახის კრიტიკულ მოსაზრებებს მედიაექსპერტები ხშირად გამოთქვამენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობასთან მიმართებით, თუმცა, როგორც კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა რამდენიმე კვირის წინ განუცხადა რადიო თავისუფლებას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არანაირი პრობლემა არა აქვს გამჭვირვალობასა თუ კანონის სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით.

დაბოლოს, გავიხსენოთ ავტორიტეტიანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის IREX-ის მიერ აპრილის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის მიხედვითაც მედიის მდგომარეობა საქართველოში მხოლოდ ”არამდგრადი შერეული სისტემის” კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ანგარიშში, სახელწოდებით ”მედიის მდგრადობის ინდექსი 2012”, აღწერილია ყველა ის მოვლენა, რომელმაც საქართველოში 2011 წლის განმავლობაში მიიპყრო ყურადღება - იქნება ეს დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმე, ჟურნალისტების საქმიანობის შევიწროება 26 მაისის აქციების დროს თუ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებული ხმაური. საქართველოს მედიაბაზრის პრობლემებად ანგარიშში დასახელებულია, მაგალითად, პოლიტიკური სპონსორობა, ნეპოტიზმი თუ შემოქმედებითი ბიზნესიდეების ნაკლებობა.