იზღუდება თუ იკრძალება მედიის დაშვება არჩევნებზე

არასამთავრობო სექტორი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს საერთოდ უარი თქვას იმ დადგენილების განხილვაზე, რომელიც, მათი თქმით, შეზღუდვებს კი არ აწესებს, არამედ საერთოდ კრძალავს ფოტო-ვიდეოგადაღებას არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში. იმას, რასაც ცესკო მედიისთვის რეგულაციას უწოდებს, რათა საარჩევნო კომისიის ნორმალურ მუშაობას ხელი რ შეეშალოს, მედია და სამოქალაქო საზოგადოება სრულიად წარმოუდგენელ შეზღუდვად მიიჩნევს. ამასთან, მათი განცხადებით, ცესკოს დადგენილება ეწინააღმდეგება ორგანულ კანონსა და კონსტიტუციას. მსჯელობა ამ საკითხზე ცესკოს თავმჯომარე ზურაბ ხარატიშვილსა და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს შორის დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. იქონიებს თუ არა გავლენას სამოქალაქო საზოგადოების არგუმენტები ცესკოს წევრთა გადაწყვეტილებაზე, 19 საათზე დაგეგმილ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე გამოჩნდება.

ცესკოს ახალი დადგენილების პროექტს, რეგულაციები დაუწესდეს მედიას არჩევნების დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი იმ მოტივით ხსნის, რომ თუ, ერთი მხრივ, ცესკოს ვალდებულებაა არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ, მეორე მხრივ, ამ გამჭვირვალობის უზრუნველყოფით ხელი არ უნდა შეეშალოს თავად არჩევნების პროცესს, ანუ ფოტო და ვიდეოგადაღება ამომრჩეველმა შესაძლოა ზეწოლად მიიჩნიოს და არასწორი არჩევანი გააკეთოს ან საერთოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე. ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის სიტყვებით, ახლა ცესკო მხოლოდ იმას ცდილობს, როგორ დაუშვას ფოტო და ვიდეოგადაღება ისე, რომ საარჩევნო კომისიას ხელი არ შეეშალოს.

ამ არგუმენტაციას არ ეთანხმება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი. მისი სიტყვებით, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის მიღებისას უკვე დაადგინა რეგულაციები მედიისთვის; კანონი ამბობს, რომ ფოტო და ვიდეოგადაღება ნებადართულია ისე, რომ კომისიის წევრებს მუშაობაში ხელი არ შეეშალოთ, ის კი, ახლა რა დადგენილების მიღებასაც ცესკო გეგმავს, ჩუგოშვილის სიტყვით, რეგულაცია კი არა, ”სრულიად წარმოუდგენელი შეზღუდვაა”:

”თუ კომისიის თავმჯდომარის ნებართვა არ იქნება, არ შეიძლება გადაღება; თუ უბანზე მყოფი ყველა ამომრჩეველი თანახმა არ არის, არ შეიძლება გადაღება; მხოლოდ5 წუთის განმავლობაში შეიძლება გადაღება, მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, 3 მეტრიდან, შეიძლება გადაღება და ა.შ. ეს ისეთი აკრძალვებია, რომელიც შეუძლებელს გახდის ვიდეო და ფოტოგადაღებას და ჩაწერას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთი მხრივ, პროცესის გამჭვირვალობისა და, მეორე მხრივ, დარღვევების დაფიქსირებითვის.”
იქ, სადაც არის სიბნელე, იქ, სადაც არის ტყუილი, იქ, სადაც არის იძულება, იქ, სადაც არის შიში, ამის წამალი არის გახსნილობა და გამჭვირვალობა, პირიქით არის ყველაფერი ...
ლაშა ტუღუში

ვინაიდან საარჩევნო უბანზე ვიდეოთვალი უქმდებოდა, ამბობს თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტმა ამის კომპენსაციად მოგვცა ფოტო და ვიდეოგადაღების შეუზღუდავი უფლება. ეს არის კანონის საწინააღმდეგო რეგულაცია. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და დამატებითი რეგულაციების შემოტანა ცესკოს პრეროგატივა არ არის, ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

შეხვედრაზე,რომელიც არასამთავრობოებსა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის შედგა, კიდევ მრავალი არგუმენტი გაისმა იმ დადგენილების პროექტის საწინააღმდეგოდ, რომლის მიღებასაც ცესკო აპირებს. გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის არგუმენტი:

”განსხვავება ხომ ძალიან მარტივია. იქ, სადაც არის სიბნელე, იქ, სადაც არის ტყუილი, იქ, სადაც არის იძულება, იქ, სადაც არის შიში, ამის წამალი არის გახსნილობა და გამჭვირვალობა, პირიქით არის ყველაფერი. რატომ არის ეს ლოგიკა გაუგებარი, ჩემთვის ძალიან უცნაურია.”

გაეროს განვითარების პროგრამის ანალიტიკოსის გიგი ბრეგაძის არგუმენტი - ზედმეტი შეზღუდვა არჩევნებისადმი ნდობას შეამცირებს:

” ჩვენი არჩევნებისადმი ნდობა როგორი აქტუალური საკითხია, მოგეხსენებათ. ასე რომ, მე ვერ ვხედავ რაიმე აუცილებლობას ზედმეტი შეზღუდვები იქნეს შემოღებული.”

ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთი არგუმენტი „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს თავმჯდომარის თამარ კორძაიასგანაც მოისმინა. ამ არგუმენტის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრები თავისუფლდებიან ვალდებულებისაგან, აკონტროლონ წესრიგი კენჭისყრის შენობაში:

” რჩება შთაბეჭდილება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ადმინისტრაციას მთელ რიგ პასუხისმგებლობებს არიდებს და, მე მგონი, ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნების მიმართ და საერთოდ გამჭვირვალობის პროცესის მიმართ. პირიქით, კომისია და მისი ადმინისტრაციები უბნებზე უნდა იყვნენ მობილიზებული, რომ მათ აიღონ პასუხისმგებლობა საარჩევნო უბნებზე წესრიგის დაცვისათვის და ეს არ უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში გამჭვირვალობის ხარჯზე.”

კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” წარმომადგენლის მაგდა პოპიაშვილის სიტყვებით, თუ საარჩევნო უბანში ფოტო და ვიდეოგადაღება აიკრძალება, დამკვირვებლებსა და მედიას გამოეცლება ხელიდან რეალური მამტკიცებელი ინსტრუმენტი იქ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ. ამიტომ მაგდა პოპიაშვილმა ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს მოუწოდა:
ძირითადად აქ არგუმენტი არის და ყველანაირად ვეთანხმები, რომ თუ რაღაცა თამაშის წესი ან მნიშვნელოვანი თემაა, ეს ბევრად ადრე უნდა იქნეს განხილული ...
ზურაბ ხარატიშვილი

”ვფიქრობ, ჩემი მეგობრების პოზიციასაც გამოვხატავ და უმორჩილესად გთხოვთ, საერთოდ მოხსნათ ეს საკითხი დღის წესრიგიდან.”

ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა სამოქალაქო საზოგადოებას პირობა ვერ მისცა, რომ დადგენილება არ განიხილება, თუმცა ივარაუდა, რომ კომპრომისი შესაძლებელია:

” ყველაზე მოსალოდნელი სცენარი არის, ალბათ, რომ დადგენილება, სავარაუდოდ, იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, იქნება უფრო კომპრომისული და ისეთი, რომ რაღაც მინიმალურ წესებს გასწერს.”

რაც მთავარია, ზურაბ ხარატიშვილმა სამოქალაქო საზოგადოების არგუმენტების მოსმენის შემდგ თქვა, რომ იზიარებს გამოთქმულ მოსაზრებებს, მაგრამ ის გადაწყვეტილებას მარტო არ იღებს:

”ძირითადად აქ არგუმენტი არის და ყველანაირად ვეთანხმები, რომ თუ რაღაცა თამაშის წესი ან მნიშვნელოვანი თემაა, ეს ბევრად ადრე უნდა იქნეს განხილული და იმასაც ვეთანხმები, რომ კანონით არის ეს თემა დარეგულირებული და ის, რაც კანონში დევს, იმის შეზღუდვა არ უნდა მოხდეს.“

იქონიებს თუ არა გავლენას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 13-კაციანი შემადგენლობის გადაწყვეტილებაზე მას შემდეგ გაირკვევა, რაც ცესკო სხდომას დაასრულებს. სხდომა 19 საათზეა ჩანიშნული.